კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი ნუგზარ ნაჭყებია ამბობს, რომ ქუჩა-ქუჩა დაეხეტება და უახლოესი ადამიანებისა და ძველი მეგობრების გარდა აღარავის სჭირდება. ნუგზარ ნაჭყებიას თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში შემთხვევით შევხვდი. წარმოდგენილი ინტერვიუც სასამართლოს ეზოში ჩავწერე.
კონტროლის პალატის ერთ-ერთი დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ნუგზარ ნაჭყებია, ბევრისგან განსხვავებით სააკაშვილის რეჟიმს ბოლო წუთებში არ დაპირისპირებია - ჯერ კიდევ თანამდებობაზე იყო, როცა უკანონო მითითების შესრულებაზე უარი თქვა, ამის გამო სამსახური დაკარგა, ქუჩაში დარჩა. ეს ამბავი სააკაშვილის რეჟიმის არსებობის პირველ წლებში მოხდა. სამსახურიდან დათხოვნა არ აკმარეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამწესრიგებელი სხდომაც გაიმართა, რომელსაც სხვებთან ერთად მეც ვესწრებოდი.
ნუგზარ ნაჭყებიას მაგალითზე ადამიანს არ შეიძლება არ გაგახსენდეს „ნაცმოძრაობის“ წევრების ერთმანეთისადმი სამაგალითო ერთგულება, ჭირშიც და ლხინშიც. სხვა საკითხია ქვეყნის ინტერესების ხარჯზე რას და როგორ ემსახურებოდნენ. ამაზე ჩემი, ან სხვისი მოსაზრების აქ მოტანა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზედმეტია.
ნუგზარ ნაჭყებია for.ge-ს მკითხველისთვის თავისი საქმის ირგლივ ძალიან მოკლედ ესაუბრა.
ნუგზარ ნაჭყებია: რვა წელი გავიდა, რაც უკანონოდ გამათავისუფლეს. სასამართლოში სარჩელი მქონდა შეტანილი - სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ვითხოვდი. სამსახურში აღდგენის საკითხი ცალკე საქმედ გამოყვეს. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა გოცირიძემ აბსურდული გადაწყვეტილება გამოაცხადა - მორალური ზიანის სახით პროკურატურას 2 000-ლარიანი ანაზღაურება დააკისრა, რაც საერთოდ არ მომითხოვია, მე განაცდურს ვითხოვ.
რამდენი ლარი გეკუთვნით, თქვენი დაანგარიშებით?
- ჩემი დაანგარიშებით 155 979 ლარი მეკუთვნის.
რას ამბობს თქვენი ადვოკატი?
- ჩემი ადვოკატი ნუგზარ ელიავა ახლა აქ არ არის. მას მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ ტელეფონით ვაცნობე. ისიც იგივეს ამბობს, რომ ესაა აბსურდული გადაწყვეტილება, რომელსაც სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ.
გთხოვთ, მკითხველს შეახსენოთ, როდის და რატომ დატოვეთ სამსახური.
- 2005 წლის 12 აგვისტოს ბიძინა გიორგობიანის საქმესთან დაკავშირებით თანამდებობიდან გადამაყენეს. ახლა ეს ადამიანი ემიგრაციიდან დაბრუნდა, რეაბილიტირებულია, მუშაობს კიდეც.
განაცდურიც მისცეს?
- მე არ ვიცი რა მისცეს და რა არა. ის ისევ სატყეო დეპარტამენტის უფროსია. მე კიდევ ქუჩა-ქუჩა დავეხეტები, ახლობლებისა და ძველი მეგობრების გარდა არავის ვუნდივარ, ლამის მათხოვრობა დავიწყო. უბრალოდ, ამის მრცხვენია.
რა თანამდებობა გეკავათ კონტროლის პალატაში?
- დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვიყავი. ბიძინა გიორგობიანის დაჭერა უნდოდათ. ამასთან დაკავშირებით მითითებების შესრულებაზე უარი ვთქვი, ახლა აღარ მინდა იმ ამბების დეტალურად გახსენება. თავის დროზე ამაზე ბევრი ითქვა და ბევრჯერ დაიწერა. სააკაშვილის კრიმინალურ ბანდას შევებრძოლე მაშინაც და იქიდან მოყოლებული რვა წელი ვიბრძოდი, ახლაც ვიბრძვი.
რა ბედი ეწია თქვენს წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს?
- ეს საქმე ჩემი გამარჯვებით დასრულდა - 2012 წლის 7 დეკემბერს პროკურატურამ თავისი ბრალდება უკან გაიტანა და ჩანაწერიც გაკეთდა, რომ კომპენსაცია მეკუთვნის, მაგრამ ხომ ხედავთ სასამართლომ როგორი გადაწყვეტილება მიიღო?! მიუხედავად ყველაფრისა, სამართლიანობის აღდგენის იმედს არ ვკარგავ, ჩემსას მაინც მივაღწევ - სამსახურშიც აღვდგები და თანხასაც ავიღებ.