ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მეგობარი - ვაჟა ლორთქიფანიძე სააკაშვილს ჭორაობასა და ინტრიგანობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი დეზინფორმაციას ავრცელებს, როდესაც აცხადებს, თითქოს ივანიშვილსა და პატარკაციშვილს შორის უთანხმოება იყო.
For.ge „საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარეს, პროფესორ ვაჟა ლორთქიფანიძეს ესაუბრა.
ორი ბიზნესმენის ურთიერთობის შესახებ თავისებურ ვერსიას გვთავაზობს მიხეილ სააკაშვილი „ნანუკას შოუში“, თითქოს, ბიძინა ივანიშვილმა მასთან ურთიერთობა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ შეწყვიტა. ბადრის სიცოცხლეში, ივანიშვილი მას მთავარ საფრთხედ აღიქვამდა, სულ ეშინოდა, რომ პატარკაციშვილი მოკლავდა. სააკაშვილი იმასაც დასძენს, რომ პატარკაციშვილიც ასეთნაირად იყო განწყობილი ივანიშვილის მიმართ. რისთვის დასჭირდა სააკაშვილს ამ ინფორმაციის გავრცელება?
- მას სურს, როგორმე ახსნას, თუ რატომ დაშორდა 2008 წელს ივანიშვილი. ამიტომ ცდილობს, საზოგადოება დააჯეროს, თითქოს, ეს ბადრის უკავშირდებოდა. ამისთვის აბსოლუტურად სულელური და არასერიოზული რამ მოიგონა. იმას კი არ ამბობს, რომ პრობლემა თვითონ მასში და მის ხელისუფლებაში იყო, რომ სწორედ მისმა ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაულები 2007-ში, 2008-ში, რამაც ყველას და, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც მოთმინების ფიალა გადაუვსო. სწორედ მაშინ მოხდა 2007 წლის სასტიკი დარბევა, მაშინ აზვირთდა სახალხო ნება და მაშინ გამოაჩინა მან რეჟიმის დიქტატორული სახე, სწორედ იმ პერიოდში მოხდა ტელევიზიის სასტიკი დარბევა. ამას მოჰყვა გაყალბებული არჩევნები და საყოველთაო-სახალხო რისხვა. მაშინ 150 და 200 ათასზე ადამიანზე ნაკლები საპროტესტოდ არ გამოდიოდა. რასაკვირველია, ეს არის ის, რამაც ბიძინა ივანიშვილის მოთმინების ფიალა აავსო და რა შუაშია აქ ბადრი პატარკაციშვილი?! სწორედ ასეთი ძლიერი პიროვნებების მიმართ ჰქონდა სააკაშვილს შიში და დღესაც ეშინია, როგორიც გახლავთ ბიძინა ივანიშვილი და ასეთივე გახლდათ ბადრი პატარკაციშვილი, ორივენი დამოუკიდებელნი, დიდი გონებრივი, მატერიალური რესურსის, კავშირებისა და ავტორიტეტის მქონენი გახლდნენ ქვეყნის შინითა და გარეთ. ამიტომ არ გამოვრიცხავ, ნაციონალები ცდილობდნენ მათ შორის მტრობის, ან დაპირისპირების ჩამოგდებას.
სააკაშვილი რომ ამბობს, ვანო მერაბიშვილი ხვდებოდა მას და ელაპარაკებოდაო, შესაძლოა, სწორედ მერაბიშვილი და სპეცსამსახურები სრულიად ყალბ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ ბადრიზე და ბიძინასაც აწვდიდნენ ამ ინფორმაციას, მაგრამ ბიძინა არ გახლავთ ის ადამიანი, რომელიც ამას იოლად დაიჯერებდა. ყოველ შემთხვევაში, ეს „დაყავი და იბატონეს“ პრინციპი იყო, რათა ერთმანეთისთვის ეს ორი ძლიერი პიროვნება დაეპირისპირებინა, რადგან ისინი არასდროს გახდებოდნენ მონები და სააკაშვილს არასდროს დაემორჩილებოდნენ.
თქვენ არ გამორიცხეთ, რომ შესაძლოა, სააკაშვილის სპეცსამსახურები აწვდიდნენ ორივე ბიზნესმენს ერთმანეთის სამტრო ინფორმაციას, მაგრამ რეალობა როგორი იყო? თქვენ, როგორც ბადრი პატარკაციშვილის მეგობარს, რისი გახსენება შეგიძლიათ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა პირად საუბრებში პატარკაციშვილს ივანიშვილთან მიმართებით? მით უფრო, ცნობილია, როცა ბადრი და ბიძინა როცა ჯერ კიდევ მოსკოვში ცხოვრობდნენ, იქიდან მოყოლებული გქონდათ მათთან მეგობრული ურთიერთობა.
- მე არასდროს მომისმენია ბადრი პატარკაციშვილისგან, თითქოს, ივანიშვილისგან რაიმე საფრთხეს ელოდა და არც ის მსმენია, რომ ვინმე მას ამ ინფორმაციას აწვდიდა, ასეთია სიმართლე. მე ვიცი ამ ორი ადამიანის დამოკიდებულება - ერთმანეთის მიმართ აბსოლუტურად ჯანსაღი და ნორმალური იყო. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, როდესაც ორივე რუსეთში იმყოფებოდა და უფრო მოგვიანებითაც. ბადრის ჩემთან არაერთხელ გამოუხატავს ძალიან დიდი პატივისცემა ბიძინას მიმართ. ის ყოველთვის აფასებდა ბიძინას, როგორც დამოუკიდებელ პიროვნებას, ძალიან ჭკვიანს, კარგ ორგანიზატორს და წარმატებულ კაცს. ასეთივე აზრი მსმენია ბიძინასგან ბადრის მიმართ. ადრეც, 90-იან წლებშიც, 2000 წელსაც და შემდგომაც. ყოველ შემთხვევაში, სიცოცხლის ბოლომდე ბადრისგან ეს მესმოდა. დღესაც, რამდენადაც ვიცი, ბადრის ოჯახის მიმართ ბიძინა ივანიშვილი ძალიან ყურადღებით და დიდი პატივისცემითაა გამსჭვალული. ასევეა, ბადრის ოჯახიც, ისინი ბიძინას დიდ პატივს სცემენ და იმედითაც შეჰყურებენ. ასე რომ, სააკაშვილის განცხადება ფუჭი, იაფფასიანი მცდელობაა ინტრიგების ხლართვისა და საკუთარი თავის გათეთრებისთვის.
მის ამ გამონათქვამს რაიმე შორსმიმავალი ზრახვები ხომ არ აქვს? ფიქრობთ, რომ ეს საკუთარი ნააზრევია, თუ ე.წ. მრჩევლების ნაკარნახევი, რათა ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებას როგორმე ახსნა მოუძებნოს?
- არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ შორს მიმავალი გეგმები რა უნდა ჰქონდეს, ამის თქმა ახლა მიჭირს. ვფიქრობ, ამით საკუთარ თავს იმართლებს. ეს არის ბიძინასთან ბრძოლის ყოვლად უკბილო და ინტრიგანული გზა და იგი ასეთნაირად ცდილობს ახსნას, თუ რატომ განუდგა მას ბიძინა. თუ ასეთი მრჩევლები ჰყავს მას, მით უარესი მისთვის. ხოლო, თუ თვითონ მოსდის ეს აზრები, ასევე, უარესია მისთვის.
ფაქტია, სააკაშვილი შეეცადა, ქრონოლოგიური სიზუსტით აღედგინა მოვლენები და ბადრი პატარკაციშვილის დაღუპვისთვის დაეკავშირებინა ბიძინა ივანიშვილის გაუჩინარება.
- მან ხომ უნდა ახსნას, თუ რატომ დაშორდა მას ბიძინა?! რა თქმა უნდა, ამის მიზეზი არ უნდა თვითონ იყოს. სამწუხაროდ, სააკაშვილი და სხვებიც გარდაცვლილ ბადრისთანაც აგრძელებენ ბრძოლას. ამით სააკაშვილი თავისი ჭკუით ორ კურდღელს კლავს. იმიტომ დაუპირისპირდა, რომ ბადრი თურმე ასეთი იყო, მისგან თურმე საშიშროება მოდიოდა. თანაც, დააკვირდით, როგორ ამბობს, ჭორაობა არ მინდა გამომივიდესო. ამ დროს კი მისი მხრიდან 100%-იანი ჭორაობა იყო, ოღონდ გეგმაზომიერად წარმართული ჭორაობა, ცილისწამებით გაჯერებული.
თუ გქონდათ ბიძინა ივანიშვილთან იმ პერიოდში ურთიერთობა, როცა ბადრი პატარკაციშვილი პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთო? როგორი რეაქცია ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს ამასთან დაკავშირებით?
- იმ პერიოდში ურთიერთობა ბიძინასთან არ მქონია და მისი აზრი ამის შესახებ არ მომისმენია. იმ პერიოდში ბადრი და ბიძინა ორივე წარმატებული იყო, ორივეს უსაზღვროდ უყვარდა თავიანთი ქვეყანა, მათი გზები ბიზნესში არსად იკვეთებოდა და, ფაქტობრივად, უსიტყვოდ გაიყვეს კიდეც სფეროები. ბადრი, ძირითადად სპორტს ქომაგობდა და ავადმყოფი ბავშვების მიმართ ქველმოქმედებას ეწეოდა, ბიძინა კი კულტურის მოღვაწეებსა და მეცნიერებს ეხმარებოდა. იმ ეტაპზე ასეთი მასშტაბის მარტო ეს ორი პიროვნება იყო, რომლებიც საქართველოს ეკონომიკაზე ზრუნავდნენ. ბიძინამ ადრე დაიწყო ამაზე ზრუნვა, ბადრიმ - უფრო მოგვიანებით, 2003-04 წლიდან, როცა საქართველოში დაბრუნდა. მოგეხსენებათ, ბიძინამ „ქართუ ჯგუფი“ შექმნა, წარმოებებში ხალხი დასაქმდა, როდესაც ასეთი მაღალი დონის ბიზნესსტრუქტურა შემოდის საქართველოში, ეს საბაზრო ეკონომიკის გამოცდილების არმქონე ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობისაა. ორივე მათგანმა შექმნა ტელევიზია. მე ძალიან კარგად ვიცი მათი აზრები ტელევიზიასთან დაკავშირებით - თუ გვინდა ქვეყანაში დემოკრატია იყოს, დემოკრატიის ერთ-ერთი მტკიცე საყრდენი თავისუფალი მასმედიაა.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილ ვადაში სააკაშვილი უცნაურ განცხადებებს აკეთებს. პატარკაციშვილისა და ივანიშვილის ურთიერთობის მისეულ ხედვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ასეთივე „აღიარება“ მოვისმინეთ მისგან 26 მაისთან მიმართებითაც, როცა თურმე ჩვენს შს სამინისტროში FBI-ის ჯგუფი იჯდა. როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი თავის მართლების ერთგვარი მცდელობაა?
- სააკაშვილის კომენტატორად არ გამოვდგები, მაგრამ როდის გინახავთ მის გამოსვლებში ღრმა ლოგიკა?! ხან რა დაარტყამს თავში და ხან რა ინტრიგა გაუელვებს. თავისი შლეგი ჭკუით ახლა სააკაშვილმა უკბინა მომავალ ხელისუფლებას, მომავალ პრეზიდენტს, ჩრდილი მიაყენა ბიძინა ივანიშვილს და ბადრი პატარკაციშვილს. სინამდვილეში, ბადრი პატარკაციშვილი მისი ხელისუფლების მსხვერპლია. დაბეჯითებით მჯერა, რომ ბადრი მოკლულია და თავისი სიკვდილით არ დაღუპულა. რაც არ უნდა იყოს, ის სააკაშვილის ხელისუფლებასთან ბრძოლას შეეწირა. ამიტომაც ებრძვის სააკაშვილი მიცვალებულსაც. ეს არის სწორედ სამარცხვინო.
თავის დროზე ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა უთხრა ბადრის ოჯახს და მათ ამერიკელ ადვოკატებს, ჯოზეფ ქეი ბადრის სიცოცხლეშიც ჩვენი მეგობარი იყო და ბადრის გარდაცვალების შემდეგაც ჩვენი მეგობარია, ბადრი კი სიკვდილამდეც ჩვენი მტერი იყო და სიკვდილის შემდეგაცო. ამიტომ ჯოზეფ ქეის დავეხმარებით და მთელ ქონებას წავართმევინებთ თქვენთვისო. ამის გამგონე ამერიკელი ადვოკატი ჩემთან მოვიდა და ეს ამბავი გადმომცა, იმდენად გაოგნებული იყო. ასე რომ, ბადრი მათთვის სიცოცხლეშიც მტერი იყო და სიკვდილის შემდეგაც, ბიძინა კი სააკაშვილისთვის, ჩემი აზრით, ყოველთვის მტერი იყო, რადგან მასში ძლიერ პიროვნებას ხედავდა. ასეთები სააკაშვილის ფსიქიკის ადამიანებისთვის მტრები არიან.