საქართველოს ეკლესიის წევრების მამა ანთიმოზის (ერისკაცობაში თამაზ ბიჩინაშვილი), მამა იორამის (ერისკაცობაში ირაკლი ბასილაია) და მათთან ერთად სამი საერო პირის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვას მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე 1-ელ აგვისტოს განაახლებს. შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირების წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება უკავშირდება 2013 წლის 17 მაისს, გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებთან დაკავშირებით დაანონსებულ აქციას, რომელიც არ ჩატარებულა.
მორიგი სასამართლო სხდომა 23 ივლისს გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყველაზე დიდ, 150-კაციან სხდომათა დარბაზში. სხდომა 35 წუთის დაგვიანებით დაიწყო და საათი და 15 წუთი გაგრძელდა. საქმის განხილვას 9 ადვოკატთან, ხუთ ბრალდებულთან, მოსამართლესთან, სხდომის მდივანთან, პროკურორ გოჩა თოლორაიასთან, სამ მანდატურთან და საბადრაგო სამსახურის სამ თანამშრომელთან ერთად ესწრებოდა 14 ჟურნალისტი, საქართველოს ეკლესიის 25 წევრი (მათგან ორი ბრალდებულის სკამზე იჯდა) და საერო პირები. სხდომას აკვირდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სასამართლოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
სხდომაზე დასწრების რამდენიმე მსურველმა დარბაზში შემოსვლა ვეღარ შეძლო, რადგან ყველა სკამი დაკავებული იყო.
საერო პირებს შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიდან სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ: ჯონდი ბაღათურია, კახა კუკავა, გია ხევიაშვილი (სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი წევრი), მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები, „კავკასიას ბიჭები“ (ანუ ადამიანები, რომლებიც ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარი ინცინდენტის გამო ციხეში ისხდნენ).
საქართველოს ეკლესიის ორ წევრსა და სამ საერო პირს ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც კოდექსში ასეა ფორმულირებული - „შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ან/და მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“.
ხუთი ბრალდებულიდან წარსულში მხოლოდ ერთი - დავრიშიანია ნასამართლევი, ის 17 მაისის აქციის შემდეგ სხვა საქმეზე დაიჭირეს და ახლა სასჯელს იხდის. აღსანიშნავი ისაა, რომ ზემოხსენებული ცხრა ადვოკატიდან დავრიშიანის უფლებებს არც ერთი არ იცავს. მან სხდომაზე განმარტა, რომ თავის უფლებებს თავად დაიცავს, თუ რატომ - ეს აღარ დაუკონკრეტებია. წარდგენილ ბრალდებას არცერთი ბრალდებული არ აღიარებს. იმ ცხრა ადვოკატს შორის, რომლებიც ბრალდებულის უფლებებს იცავენ, არიან: ბესარიონ ქარცივაძე (მამა ანთიმოზის უფლებების დამცველი) და გელა ნიკოლაიშვილი და გია ტაბლიაშვილი (მამა იორამის უფლებების დამცველები).
დარბაზში პროცესის მიმდინარეობას ყურს დაძაბული ვუგდებდი, რადგან მხოლოდ მოსამართლის ხმა ისმოდა მკაფიოდ. ჟურნალისტები ვისხედით სპეციალურად ჩვენთვის განკუთვნილ ადგილზე. სხვათა შორის, წინა პროცესზე 15 ივლისს მანდატურებმა ჟურნალისტები დარბაზში მიზანმიმართულად არ შეგვიშვეს, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი საათით ადრე დარბაზის კართან ვიდექი და ველოდი პროცესის დაწყებას. აღსანიშნავია ისიც, რომ 15 ივლისის სხდომა N2 დარბაზში ჩატარდა, სადაც პროცესზე დასწრების მსურველთა მეოთხედიც ვერ დაეტია. პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლოს პრესსამსახურის სახელზე განცხადება დავწერე და ვთხოვე უზრუნველეყოთ პროცესზე ჩემი დასწრება. არ ვიცი ამის შედეგი იყო თუ რაიმე სხვამ იმოქმედა, მაგრამ პროცესის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, პრესსამსახურის წარმომადგენელი ჩამოვიდა და გვითხრა, რომ პროცესის გაშუქებას ჩვენთვის განკუთვნილი ადგილიდან შევძლებდით.
სისხლის სამართლის საქმე შედგება სამი ტომისგან და 14 „დივიდი“ დისკისგან. 23 ივლისის სხდომა მტკიცებულებების დასაშვებობის განხილვას დაეთმო. პროკურორმა გოჩა თოლორაიამ ათეულობით პირი ჩამოთვალა, ვინც მოწმის სახით ჩვენება მისცა. პროკურორისგან შევიტყვეთ, რომ საქმეში დევს: „რუსთავი 2“-ის, „იმედი“-ს, საზოგადოებრივი მაუწყებლის, „მაესტრო“-ს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარდგენილი ვიდეოკადრები; დაზიანებული ავტომანქანების ექსპერტიზის დასკვნები, საავადმყოფოების მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობები.
ადვოკატებმა - გია ტაბლიაშვილმა და ბესარიონ ქარცივაძემ ვრცლად და დანარჩენმა ადვოკატებმა შედარებით მოკლედ მოითხოვეს წარმოდგენილი „დივიდი“ დისკების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობა და ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაუქმება, რომელიც მათი განმარტებით კანონდარღვევითაა შედგენილი.
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე და პროკურორი გოჩა თოლორაია საქართველოს ეკლესიის წევრებს მოიხსენიებდნენ, როგორც საერო პირებს, რაც ცხრა ადვოკატიდან ერთ-ერთმა (ქალბატონმა) შენიშნა - ეს ეკლესიისადმი უპატივცემულობაა, საქართველოს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებულ კონსტიტუციურ შეთანხმებას შეგახსენებთო.
მამა ანთიმოზისა და მამა იორამის ბრალდებულად ცნობის დადგენილებაში წერია, რომ ისინი არიან შეკრების ხელშეშლის ორგანიზატორები, რომლებმაც ძალადობით გაარღვიეს პოლიციის კორდონი, გამოხატავდნენ აგრესიას, პოლიციელებს ხელი გაარტყეს და შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდებდნენ დაერბიათ ე.წ. ელგებეტეს მხარდამჭერთა აქცია.
ადვოკატებმა ძალიან გარკვევით, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე განაცხადეს, რომ სამ ტომად შეკრულ საქმეში და 14 დისკში არ არის ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც გაამყარებს ბრალდებულად ცნობის დადგენილებაში შავით თეთრზე დაწერილს - ბრალდებულად ცნობის დადგენილება ეყრდნობა მოწმეთა ჩვენებებს, რომლთაგან ყველა პოლიციელია, მაგრამ არც ერთი არ წერს, რომ მამა ანთიმოზი და მამა იორამი არიან შეკრების ხელშეშლის ორგანიზატორები, რომლებმაც ძალადობით გაარღვიეს პოლიციის კორდონი, გამოხატავდნენ აგრესიას, პოლიციელებს ხელი გაარტყეს და შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდებდნენ დაერბიათ ე.წ. ელგებეტეს მხარდამჭერთა აქცია!
ადვოკატ ბესარიონ ქარცივაძის განმარტებით, საქმეში არსებულ ვიდეოფირებისთვის ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ. მაგალითად, ერთ-ერთ მტკიცებულებას, რომელიც „რუსთავი 2“-დანაა მიღებული, ხელს აწერს ამ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია (ახლო წარსულში მთავარი პროკურორის მოადგილე) და მიუთითებს, რომ პროკურატურას უგზავნის მათ მიერ მოთხოვნილ ვიდეოკადრებს, რომლებიც დამუშავებულია!
ვიმედოვნებ, რომ 1 აგვისტოს დაგეგმილ სხდომაზე ჟურნალისტებს მოგვეცემა საშუალება სხდომას დავესწროთ და მაყურებელს, მსმენელსა და მკითხველს სასამართლოზე არსებული ვითარების შესახებ დეტალურად ვაცნობოთ.