„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ თბილისის მერიას და კომპანია „თბილისის მიკროავტობუსს“ გარიგებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ for.ge-ს პრეს-კლუბში განცხადება „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ წარმომადგენელმა, გიორგი ზერეკიძემ გააკეთა.
„მინდა გაგაცნოთ ის შავ-ბნელი საქმეები, რომლებშიც გარეულები არიან თბილისის მერიის თანამშრომლები, მათ შორის მერი, გიგი უგულავა და კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელი, დავით ასანიძე. ჩვენმა ორგანიზაციამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ „თბილისის მიკროავტობუსის“ დირექტორი, დავით ასანიძე და თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი, აკაკი ჯოხაძე გარიგებულები არიან. გარიგება გამოიხატება იმაში, რომ მიკროავტობუსების მძღოლებს ავალდებულებენ, ამ ადამიანებს კოლოსალური თანხები უხადონ“, - აცხადებს გიორგი ზერეკიძე.
მისი თქმით, ამ ტარიფების განსაზღვრა თბილისის მერის, გიგი უგულავას კაბინეტში წყდება. ამასთანავე, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ მფლობელობაში არის ავტოფარეხები და მიკროავტობუსების მძღოლებს ავალდებულებენ მანქანები სწორედ ამ ავტოფარეხებში შეაკეთონ. იქ კი მძღოლებს მანქანების შესაკეთებლად, თითქმის, სამმაგი ფასის გადახდა უწევთ სხვა ავტოფარეხებთან შედარებით. გარდა ამისა, გიორგი ზერეკიძე ამბობს, რომ ზაფხულის პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლებს ე.წ. კონდიცირების გადასახადიც დაუწესეს.
„ჩვენი ორგანიზაცია მიმართავს თბილისის მერიას და შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ დირექტორს, დავით ასანიძეს, მძღოლებთან მოაგვარონ აღნიშნული პრობლემები, რითაც სამგზავრო ტარიფების დაწევაც გახდება შესაძლებელი. კერძოდ, მძღოლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ თუ ეს პრობლემები მოგვარდება, სამგზავრო ტარიფს 50 თეთრამდე შეამცირებენ, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან დიდი შეღავათი იქნება, რადგან მათ მიეცემათ საშუალება გაცილებით ნაკლებ ფასად გადაადგილდნენ ქალაქში. ასევე მივმართავთ ქალაქ თბილისის მერს, გიგი უგულავას, თბილისის მოქალაქეების ხარჯზე თავისი ჯიბის გასქელება შეწყვიტოს“, - აღნიშნავს გიორგი ზერეკიძე.
მისი თქმით, თუ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება, მიკროავსობუსების მძღოლები გაფიცვას დაიწყებენ და ეს ყველაფერი ისევ თბილისის მოქალაქეებს დააზარალებს.
რა თანხებზე საუბრობთ, როდესაც ამბობთ, რომ უგულავა და ასანიძე მძღოლებს კოლოსალურ თანხებს ართმევენ?
- აქ საუბარია ყოველდღიურ გადასახადზე, რომელსაც მძღოლებს დავით ასანიძე და აკაკი ჯოხაძე უსაზღვრავენ. რაც შეეხება ჩემს მიერ ნახსენებ ავტოფარეხებს, მძღოლები ამბობენ, რომ სხვაგან მანქანის შეკეთება იმის ნახევარიც არ უჯდებათ, რაც „თბილისის მიკროავტობუსის“ ავტოფარეხებში, მაგრამ სხვაგან მანქანის წაყვანის უფლება არ აქვთ. ამასთანავე, როგორც მოგახსენეთ, მათ კონდიცირების გადასახადი დაუწესეს, მაგრამ როგორც მძღოლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ეს თანხები სად მიდის, არავინ იცის, რადგან ოფიციალურად ეს ფული არსად ფიქსირდება.
იქნებ განგვიმარტოთ, რას ნიშნავს კონდიცირების გადასახადი?
- მოგეხსენებათ, მიკროავტობუსები არის არა მძღოლების, არამედ „თბილისის მიკროავტობუსის“ მფლობელობაშია და მიუხედავად იმისა, ჩართავს თუ არა მძღოლი კონდიციონერს, მათ ყოველდღიურად უწევთ კონდიცირების გადასახადის გადახდა. ეს გადასახადი დღეში საშუალოდ 15 ლარის ოდენობით განისაზღვრა.
რამდენიმე თვის წინ მიკროავტობუსების მძღოლები გაფიცულები იყვნენ და შემდეგ „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელობასთან გარკვეული შეთანხმება შედგა, როგორც მაშინ ითქვა, მძღოლებს ყოველდღიური გადასახადი შეუმცირეს. სინამდვილეში ასე არ არის?
- სულ რამდენიმე დღის წინ „თბილისის მიკროავტობუსის“ დირექტორმა, დავით ასანიძემ გააკეთა განცხადება, რომ ზაფხულის პერიოდისთვის მძღოლებს ყოველდღიური გადასახადი 30%-ით შეუმცირეს, თუმცა ეს არის სიცრუე, ისევე, როგორც ის, რაზეც თქვენ მეკითხებით. რეალურად არც მაშინ მომხდარა გადასახადის შემცირება. სწორედ ამიტომ, მიკროავტობუსების მძღოლები იმ ზღვარზე არიან მისულები, რომ გაფიცვა მოაწყონ.
ავტოფარეხებთან დაკავშირებითაც თითქოს შედგა შეთანხმება, რომ მძღოლებს სადაც სურვილი ექნებოდათ, იქ შეაკეთებდნენ მანქანებს.
- ეს შეთანხმებაც არ შესრულებულა და მძღოლებს დღესაც ავალდებულებენ, რომ სწორედ „თბილისის მიკროავტობუსის“ ავტოფარეხებში შეაკეთონ მანქანები.
თუკი გადასახადები არ შემცირებულა და ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია ასე გრძელდება, მაშინ მძღოლების გაფიცვა ახლა რატომ დადგა დღის წესრიგში?
- ეს გამოიწვია კონდიცირების გადასახადის დამატებამ. მძღოლების გაღიზიანებას იწვევს ისიც, რომ ეს გადასახადი ოფიციალურ დოკუმენტებში არ არის ასახული. ამიტომაც მივმართავთ თბილისის მერიას და „თბილისის მიკროავტობუსს“ მიხედონ ამ საკითხს და პრობლემა მოაგვარონ.