საქართველო ვილნიუსის სამიტისთვის ემზადება, თუმცა წამყვან ევროპულ ქვეყნებში ელჩები ამ დრომდე არ ჰყავს. გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ჩინეთი, ბულგარეთი, უზბეკეთი, ირანი - ეს გახლავთ ის ქვეყნები, სადაც საქართველოს თავისი წარმომადგენელი ამ დრომდე არ ჰყავს. პრეზიდენტი კი ელჩების დანიშვნას ხელს არ აწერს. პარლამენტის მიერ ელჩად დამტკიცებულმა თედო ჯაფარიძემ ელჩობაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ პრეზიდენტს ელჩების დროულად დანიშვნა არ დაეყოვნებია, თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტს პრობლემა არა მარტო ჯაფარიძესთან, არამდე სხვა კანდიდატებთანაც აქვს. მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე არ საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც ის ხელს არ აწერს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ელჩობის კანდიდატების ბრძანებას.
როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ისე დაასრულებს თავის საპრეზიდენტო ვადას, რომ ხელს არ მოაწერს მათ დანიშვნას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყანისთვის უდიდესი პრობლემაა როდესაც ევროკავშირის წამყვან ქვეყანაში საქართველოს არ ჰყავს ელჩი, მაშინ როდესაც ქვეყანა ვილნიუსის სამიტისთვის აქტიურად ემზადება.
„ყველა ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვილნიუსის სამიტისთვის ვემზადებით და როდესაც ევროკავშირის წამყვან ქვეყანაში არ გყავს ელჩი, ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ელჩი არის ის მთავარი ფიგურა, მთავარი დიპლომატი იმ ქვეყანაში, რომელიც ახორციელებს შენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს. ამ ქვეყნებში დროებითი რწმუნებულებია დანიშნული, მაგრამ დროებითი რწმუნებულის სტატუსი უფრო დაბალია ვიდრე ელჩის. ამიტომ, ყოველივე ეს ჩვენ ძალიან სერიოზულ პრობლემას გვიქმნის“, - აცხადებს ზალკანიანი.
ზალკანიანი ამბობს, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული ყველა კანდიდატები თავის უფლებამოსილებას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეუდგებიან.
„როგორც ჩანს, პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს, მაგრამ, ჩვენ არ ვაპირებთ მათ უკან გამოწვევას. მიგვაჩნია, რომ ყველა კანდიდატი არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და კვალიფიციური დიპლომატი.
საინტერესოა გავიგოთ პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ის მიზეზი, პრეზიდენტი რატომ არ აწერს ხელს. ყველა კანდიდატი, რომელიც წარდგენილია, მათთვისაც კარგად ნაცნობია, ბევრი მათგანი სააკაშვილის პერიოდში იყო ელჩი. ამიტომ, ეს ჩემში კიდევ მეტ განცვიფრებას იწვევს თუ რატომ არ აწერს ის ხელს“, - აცხადებს დავით ზალკანიანი.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი განმარტავს, რომ პრეზიდენტის უარი განპიროვნებულია იმით, რომ პრეზიდენტს კონკრეტული ადამიანების მიმართ მას აქვს კითხვები.
„საელჩოებში არიან მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც ასრულებენ უფლებამოსილებას. ის, რომ ელჩები არ არიან დანიშნული და ამით თითქოს, საგარეო პოლიტიკას გარდაუვალი პრობლემა ექმნება, არ შეესაბამება სიმართლეს. არ ვიცი რატომ არ აწერს ხელს პრეზიდენტი ამ კანდიდატურებს, ეს მისი დისკრეცია არის. როგორც ჩანს, კონკრეტული ადამიანების მიმართ აქვს კითხვები“, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აღნიშნავს, რომ სააკაშვილი არ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რასაც მას კონსტიტუცია ავალდებულებს და ხელს უშლის ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს.
„ის ხელოვნურად აჭიანურებს ელჩების დანიშვნის პროცედურას, ელჩების, რომელსაც ნდობა მისცა საპარლამენტო უმრავლესობამ და ხშირ შემთხვევაში, უმცირესობაც ღებულობდა ამაში მონაწილეობას. ეს ადამიანები პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერილები არიან. ახლა პრეზიდენტის ჯერია ხელი მოაწეროს, მაგრამ ის ჯიუტად თავს არიდებს თავის მოვალეობის შესრულებას.
მიმამჩნია, რომ ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინაშე, დაპირისპირება საკუთარ ხალხთან, იმ ფონზე, როდესაც ის გამალებით ცდილობს საკუთარი და „ნაციონალური მოძრაობის“ პიარზე იმუშაოს ქვეყნის გარეთ, რაც ხშირ შემთხვევაში, ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში გამოიხატება. სამწუხაროდ, ძალიან ცუდად მოქმედებს სააკაშვილი და მისი გუნდი, რაც ქვეყნის წარმატებისათვის არის შემაფერხებელი გარემოება.
რა კითხვებზეა ლაპარაკი? ვისთან რა კითხვები აქვს? ან სადაა ეს კითხვები? დასვას მაშინ ეს კითხვები. ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო საქციელი, სააკაშვილი დიდი ხანია არ გამოირჩევა პასუხისმგებლობით თავისი ხალხისა და ქვეყნის წინაშე, ესეც მისი ერთ-ერთი უპასუხისმგებლო საქციელია და ისღა დაგვრჩენია, რომ მივიდეთ 27 ოქტომბრამდე და ეს ადამიანი გავუშვათ პირველი პირის სავარძლიდან და მერე დამშვიდდება ეს ქვეყანა და შესაბამისად მოევლება საგარეო პოლიტიკასაც, საშინაო პოლიტიკასაც და საერთოდ, ამ ქვეყნის ნორმალურ განვითარებაც დაიწყება“, - ამბობს მანანა კობახიძე.
ა-ო „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ელენე ხოშტარია სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ამ დრომდე იბლოკება რამდენიმე ქვეყანაში ელჩის დანიშვნა.
„ქვეყნის მდომარეობიდან გამომდინარე უნდა მოახერხონ და შეთანხმდნენ ასეთ საკითხებზე. პრინციპში, თავიდანვე იყო შეთანხმება, რომ პრეზიდენტი არ ერევა მმართველობაში და პრაქტიკულად, ამ მთლიან სფეროს აძლევს მთავრობას. აქიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მან არ უნდა დაბლოკოს ელჩების დანიშვნა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვიზიარებ პრეზიდენტის პოზიციას.
მეორეა მე არ ვიცი რა არგუმენტები აქვს პრეზიდენტს და საინტერესო იქნებოდა საჯაროდ მოგვესმინა ის არგუმენტები, რის გამო ხდება ეს. თუ არსებობს რეალური და მყარი არგუმენტი კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით, ეს უნდა ითქვას საჯაროდ. ფაქტია, რომ ბევრი ელჩი დანიშნა, ანუ მთლიანად პროცესი არ დაუბლოკავს და რამოდენიმე ადამიანზე შეიქმნა პრობლემა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რასთან არის ეს დაკავშირებული. კეთილი ინებონ და ან შეთანხმდნენ სხვა კანდიდატებზე, ან მოაწეროს ამას ხელი პრეზიდენტმა. ფაქტია, რომ ეს არის არაჯანსაღი და არასწორი მდგომარეობა, როდესაც არ ინიშნება ელჩები“, - ამბობს ელენე ხოშტარია.