ევროკავშირმა და საქართველომ დაასრულეს მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის (DCFTA ) შესახებ. ამასთან დაკავშირებით განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. ისიც აღინიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ნაწილს წარმოადგენს. შეთანხმება ასოცირების შესახებ DCFTA-თან ერთად ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ევროკავშირმა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა, რომელზეც შეთანხმება მოხდა 17 თვესა და 7 რაუნდში, საქართველოს მისცემს იმის საშუალებას, რომ მის საქონელსა და მომსახურებას ჰქონდეს უკეთესი წვდომა ევროკავშირის ბაზრებზე. თავისუფალი სავაჭრო ზონა აგრეთვე ქმნის მიმართულებებს ვაჭრობასთან დაკავშირებულ პოლიტიკაში შემდგომი რეფორმებისთვის, მაგალითად როგორიცაა, ჰიგიენის სტანდარტები სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის და ნორმების გადახედვა ინდუსტრიული პროდუქტებისთვის. ეს გაზრდის ქართული პროდუქციის წვდომას ევროპულ ბაზრებზე და აგრეთვე გაზრდის მომხმარებელთა უსაფრთხოების დონეს საქართველოში. ეს შეთანხმება ასევე გაზრდის პირდაპირი ევროპული ინვესტიციების შემოდინებას საქართველოში პოლიტიკის შემუშავების მისი ღია, სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს გამო.
„დამოუკიდებელი კვლევის „ვაჭრობის მდგრადობის გავლენის შეფასება“ პროგნოზების თანახმად, რომელიც ევროკავშირისთვის ჩატარდა, DCFTA გაზრდის საქართველოს ექსპორტს ევროკავშირში 12%-ით და იმპორტს ევროკავშირიდან 7.5%-ით. ვაჭრობასთან დაკავშირებული რეფორმების სრულად განხორციელება გაზრდის საქართველოს გრძელვადიან მთლიან შიდა პროდუქტს 4.3%-ით ან 292 მილიონი ევროთი.
DCFTA ჩართული იქნება ასოცირების შესახებ შეთანხმებაში და ხელი მოეწერება საქართველოს და ევროკავშირის შიდა პროცედურების დასრულებისთანავე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მოკლე ისტორია
2010 წლის ივლისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოში ევროკავშირმა დაიწყო მოლაპარაკებები საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესახებ. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა ჩართული იქნება ამ შეთანხმებაში, რომლის მიზანიცაა საქართველოს საექსპორტო და საინვესტიციო მაჩვენებლების გაზრდა და ევროკავშირის ეკონომიკასთან (რომელსაც 500 მილიონი მომხმარებელი ჰყავს) მისი პროგრესული ინტეგრაციის ხელშეწყობა. ევროკავშირი წარმოადგენს საქართველოს უდიდეს ბიზნეს-პარტნიორს, რომელზეც საქართველოს მთლიანი ვაჭრობის 26.6% მოდის.
DCFTA-ს შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო 2012 წლის თებერვალში, ევროკავშირის ვაჭრობის კომისარ კარელ დე გუხტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გილაურის მიერ.
„DCFTA-ს მიზანია ორ პარტნიორს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე გადაყვანა. ამჟამად, ყოველივე ეფუძნება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის ბაზარზე საქონელისთვის ცალმხრივი პრეფერენციალური წვდომის უზრუნველყოფას, რაც პრეფერენციების საერთო სისტემის მეშვეობით ხორციელდება და რასაც საქონლის ეფექტურად მართვის სარგებელი ემატება (GSP+). თუმცა პრეფერენციების საერთო სისტემა ვერ მოხსნის ევროკავშირთან ვაჭრობის სისტემურ არასატარიფო ბარიერებს, რომელიც დაკავშირებულია მაგალითად ცხოველთა კეთილდღეობის არასაკმარის სტანდარტებსა თუ კომპეტეტურობასთან. საქართველოს ვაჭრობა ევროკავშირთან დამოკიდებულია ძირითად ლითონებზე და სხვა ძირითად ნედლეულზე. DCFTA გამიზნულია იმისთვის, რომ გამოასწოროს მრავალფეროვნების ნაკლებობა რეფორმების და ევროკავშირის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეშვეობით“, - აღნიშნულია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, DCFTA მოლაპარაკებების დასაწყებად საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები ჩაატარა ვაჭრობასა და ინვესტიციებთან დაკავშირებულ ძირითად სფეროებში, კერძოდ ტექნიკურ ნორმებში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ჰიგიენის სტანდარტებსა (სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები), ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და კონკურენციის წესების სფეროში. ევროკავშირმა დახმარება გაუწია საქართველოს ამ მიმართულებით, მათ შორის გაუწია ტექნიკური მხარდაჭერა ევროპის სამეზობლო პარტნიორობის ინსტრუმენტის და ინსტიტუციების მშენებლობის ყოვლისმომცველი პროგრამის მეშვეობით და აგრეთვე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დახმარების მეშვეობითაც.
არსებული სავაჭრო ურთიერთობები
ევროკავშირი გახლავთ საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი. 2012 წელს ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ შეადგინა 2.63 მილიარდი ევრო. ამჟამინდელი სავაჭრო ურთიერთობები იმართება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებით, რომელიც ძალაშია 1999 წლიდან. ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე ვაჭრობის სამომავლო მასშტაბები მნიშვნელოვნად გასცდება თანამშრომლობის არსებულ საზღვრებს.
ეკონომიკის ექსპერტი, ვაჟა ბერიძე for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულება სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია. მას აქვს ორი ასპექტი - პოლიტიკური და ეკონომიკური. ექსპერტის თქმით, პოლიტიკური ასპექტი გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადებისთვის სერიოზული ნაბიჯი გადავდგით და ძალიან კარგი საფუძველი გვაქვს ამ ხელშეკრულების ხელმოსაწერად. ამდენად, ევროკავშირთან დაახლოებისთვის ეს შეთანხმება ძალიან კარგი წინაპირობაა.
„ეკონომიკური თვალსაზრისით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ნიშნავს ადგილობრივი წარმოების წახალისებას, რადგან წლების განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა დამდგარი იყო, ექსპორტი უკიდურესად შემცირდა და ფაქტობრივად არაფერი იწარმოებოდა, ანუ არაფერი გვაქვს საიმისოდ, რომ ევროპის ბაზარს შევთავაზოთ, მაგრამ როგორც კი ეს ხელშეკრულება ამოქმედდება, ეს სერიოზული ბიძგი იქნება ადგილობრივი წარმოებისთვის და უცხოელი ინვესტორებისთვისაც, რადგან ისინი გაცილებით მეტი ხალისით წამოვლენ საქართველოში კაპიტალდაბანდებებისთვის“, - ამბობს ვაჟა ბერიძე.
მისი თქმით, ასეთი შეიძლება იყოს არაბული სამყარო, ჩინეთი, ინდოეთ და ა.შ. რადგან ჩვენთან ნაწარმოები პროდუქცია თავისუფლად შევა ევროპის ბაზარზე, რომელიც ერთ-ერთ მსხვილი და მაღალი მსყიდველობის უნარის მქონეა მთელს მსოფლიოში. ამდენად, საქართველოსთვის ამ ხელშეკრულების მნიშვნელობას სწორედ ეს ორი ასპექტი განსაზღვრავს.
ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილი აღნიშნავს, რომ შეთანხმების მიღწევა თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან მთლიანობაში საქართველოს შესაძლებლობა ექნება, პროდუქცია მრავალმილიონიან ბაზარზე გაიტანოს და ამასთანავე, ევროპის ბაზარი, რუსეთის ბაზრისგან განსხვავებით, პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან თავისუფალია, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ქართული პროდუქცია ევროპის ბაზარზე ადგილს დაიმკვიდრებს, ამ ბაზრის დაკარგვის საშიშროება მომავალში არ დაემუქრება, რისი საფრთხეც რუსეთის ბაზრის შემთხვევაში მუდმივად არსებობს.
„რეალურად ეს არის არა მხოლოდ ალტერნატივა, არამედ ალტერნატივაზე გაცილებით მეტი (თუ ამას რუსეთის ბაზარს შევადარებთ). ახლა შესაძლებლობა გვექნება, რომ ისეთი ბაზრის ნაცვლად, როგორიც რუსეთია, მთლიანად ვკონცენტრირდეთ ევროკავშირის ბაზარზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მეწარმეები აქედან გაცილებით მეტ შემოსავალს მიიღებენ, რადგან ევროკავშირის მოქალაქეები გაცილებით მაღალშემოსავლიანი ადამიანები არიან, ვიდრე რუსეთის, ან სხვა ჩენი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები“, - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში არსებობს ერთი პრობლემაც. კერძოდ, თუ ქართული პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს, გამოვა ისე, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმებას მაინცდამაინც დიდი აზრი არ ჰქონდა. გიორგი აბაშიშვილი თვლის, რომ როდესაც შესაძლებლობა გაქვს პროდუქცია სადღაც უფრო თავისუფალი, ლიბერალური პირობებით გაიტანო, ეს თავისთავად არის პროდუქციის ხარისხის ამაღლების სტიმული, მაგრამ ხარისხის ამაღლებას გარკვეული დანახარჯებიც სჭირდება, ხოლო რამდენად არიან დღეს ქართველი მეწარმეები ამგვარი ხარჯების გასაღებად, ეს უცნობია. ამასთანავე, ექსპერტი მიიჩნევს, რომ თუკი ქართული პროდუქციის ხარისხი ამაღლდება, ეს ნიშნავს იმას, რომ პროდუქცია გარკვეულწილად გაძვირდება, მათ შორის საქართველოს ბაზარზეც. ამიტომ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.