სააკაშვილი 26 მაისის თემით სპეკულირებს

სააკაშვილი 26 მაისის თემით სპეკულირებს

„26 მაისს ამერიკული FBI-ს ჯგუფი იჯდა აქ, ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიტინგის დაშლის ყველა ეტაპს ადევნებდა თვალს მონიტორებზე და ბოლოს დაწერა დასკვნა, რომ ყველაფერი იყო კანონიერი... ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფოს გამოცდილება. ვინაიდან ეს გამოცდილება არ გვაქვს, ჩვენ გვგონია, პოლიცია რომ გვაჩერებს ქუჩაში, ეს არის დაყაჩარება, გვგონია, რომ წესების დარღვევაა. გვგონია, რომ მიტინგს თუ შლიან ეს არის ბრუტალურობა და დიქტატურა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან და ექსპერტებთან შეხვედრაზე.

სააკაშვილმა მიტინგების დაშლის თვალსაზრისით უცხოური ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც დიქტატურაა, მიტინგებამდე საქმე არ მიდის.

პრეზიდენტის ამ განცხადების საპასუხოდ, 26 მაისს დაზარალებულებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ ნორლანდისგან სააკაშვილის ნათქვამთან დაკავშირებით პასუხი მოითხოვეს.

„ეს განცხადება ჩვენთვის, „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრებისათვის, ისევე როგორც ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის, შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. სააკაშვილის ეს განცხადება ან მორიგ გამიზნულ ტყუილსა და საგანგებო დეზინფორმაციას წარმოადგენს, რაც მისგან უკვე დიდი ხანია ჩვენს საზოგადოებას აღარ უკვირს, ან საქმე გვაქვს მართლაც რომ საგანგაშო ვითარებასთან.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე, ძირითადად, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ მხოლოდ მავნებლობითაა დაკავებული, ახლა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს სდებს ბრალს 26 მაისის სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციის დაგეგმვასა და ორგანიზებაში, რასაც ადამიანთა გარდაცვალება, აქციის ასობით მონაწილის დასახიჩრება, წამება, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა მოჰყვა და აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს“, - ნათქვამია „სახალხო კრების“ განცხადებაში.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ლუკა კურტანიძე მიიჩნევს, რომ 26 მაისთან დაკავშირებით საზოგადოებაში ჩნდება კითხვები, რომლებსაც პასუხები უნდა გაეცეს, რომ ეს დღე საქართველოს ისტორიაში შავ ლაქად დარჩება და მსგავსი რამ არასოდეს უნდა განმეორდეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოსო ჯაჭვლიანი კი თვლის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში პრეზიდენტს ამ განცხადებაზე პასუხი უნდა მოსთხოვოს.

ამერიკის საელჩო პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს, ქართულ საზოგადოებაში კი სააკაშვილის ნათქვამმა სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია. კერძოდ, თუ პრეზიდენტის ნათქვამი სიმართლეს შეესაბამება, გამოდის, რომ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაამართლა, რაც, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოების აღშფოთებას იწვევს, რადგან ამ დღეს ათობით ადამიანი დაზარალდა და იყო მსხვერპლიც. ამიტომ, საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ მიხეილ სააკაშვილმა ეს განცხადება შეგნებულად გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობაში ანტიამერიკული განწყობები გააღვივოს, შემდეგ კი დასავლეთს უმტკიცოს, რომ მისი გუნდის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ შეიცვალა საქართველოში განწყობები. ამიტომ, მხოლოდ „დემოკრატიის შუქურის“ ისევ ხელისუფლებაში დაბრუნება იქნება საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის გარანტი. თუმცა საზოგადოების დიდ ნაწილს მაინც არ სჯერა, რომ პრეზიდენტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „ეფ-ბი-აი“-ს წარმომადგენლებმა 26 მაისის აქციის დარბევა გაამართლეს, სინამდვილეს ასახავს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი for.ge-სთან საუბარში საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადების სხვა განცხადებასთან პარალელს ავლებს. კერძოდ, საუბარია სააკაშვილის იმ განცხადებაზე, როდესაც მისი თქმით, თითქოსდა, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, დიკ ჩეინიმ უთხრა, რომ ისინი როკის გვირაბის დაბომბვას აპირებდნენ და შემდეგ გადაიფიქრეს. გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება სააკაშვილის ნათქვამი „ეფ-ბი-აი“-სთან დაკავშირებით სინამდვილეს შეესაბამებოდეს და მას ამგვარი რაღაცეები იმისთვის სჭირდება, რომ საქართველოს მოსახლეობა ამერიკის მიმართ უარყოფითად განაწყოს, შემდეგ კი ამერიკას უთხრას, რომ მხოლოდ ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს.

მეორე მხრივ, დეპუტატი არ გამორიცხავს არც იმას, რომ შესაძლოა, პრეზიდენტი უბრალოდ არ უფიქრდება, რას ლაპარაკობს და რაც ენაზე მოადგება, ყველაფერს ამბობს.

„ვფიქრობ, რომ ორივე ვერსიას არსებობის საფუძველი აქვს, მაგრამ რაც მთავარია, თქვენმა მკითხველმა ერთი რამ უნდა იცოდეს - „ეფ-ბი-აი“, და საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატები, ამგვარ საქმეებში არ ერევა, მით უმეტეს პროფესიულ დონეზე. ამასთანავე, გახსოვთ, ალბათ, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გაკეთებულ განცხადებაში 26 მაისს სამართალდამცავების მიერ ძალის გადაჭარბებაზე იყო საუბარი“, - ამბობს გია ვოლსკი.

მისი თქმით, არ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებდეს. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ქართული საზოგადოება ან არასერიოზულად მიიღებს სააკაშვილის განცხადებას, ან სათანადო შეფასებას გაუკეთებს მას.

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ ამერიკის საელჩო მართალია, პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ თავად ამ ფაქტს არ ადასტურებს. ექსპერტი გამორიცხავს, რომ ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მხრიდან მსგავი ქმედება იყოს ჩადენილი და ამბობს, რომ ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მიერ განხორციელებული პოლიტიკური შანტაჟია.

„სხვათაშორის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იყო ერთადერთია, ვინც 2010 წლის 24 აგვისტოს ჩემს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის ფაქტს გამოეხმაურა (რაც ჩემს ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად) და დაგმო. ობამას ადმინისტრაციის მიერ სწორედ ანალოგიური მესიჯები იყო სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ გამოთქმული და საერთოდაც, იგი სააკაშვილის რეჟიმისგან თავიდანვე დისტანცირებული იყო. ამიტომ, მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფური ფანტაზიის მორიგი პოლიტიკური ნაყოფია და ობამას ადმინისტრაციისადმი ერთგვარ შურისძიებასაც ისახავს მიზნად“, - აცხადებს ექსპერტი.

მისი თქმით, ამერიკაში პოლიტიკური ლობიზმი მიღებული, ღიად დაშვებული ქმედებაა და ამ კუთხით, როგორც რესპუბლიკურ, ასევე დემოკრატიულ პარტიებში გარკვეული იდეოლოგიური ჯგუფები არსებობენ, მათ შორის ნეოკონსერვატორული დაჯგუფება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უპირობო მხარდაჭერას უცხადებდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგივე განწყობები აქვს ობამას ადმინისტრაციას. ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ თუკი სააკაშვილის ნათქვამი დადასტურდება, აქ უნდა გაირკვეს, კონკრეტულად რა ჯგუფები იყვნენ ამერიკიდან ჩამოსულები, რადგან შესაძლოა, ეს სწორედ იმ ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს ლობირებენ.

„მოგეხსენებათ, არის რამდენიმე სენატორი და კონგრესმენი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის დაკვეთას ასრულებენ. ჩვენს ენაზე ამას პოლიტიკური კორუფცია ჰქვია, ხოლო ამერიკელების ენაზე - ლობიზმი. შეიძლება ამ შემთხვევაში სწორედ ამაზე იყოს საუბარი. შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, ეს ყველაფერი ჯონ ბასის ცნობილ განცხადებას მიაბას და თავისი პროვოკაციული ქმედება ამით გაამართლოს“, - აღნიშნავს ვახტანგ მაისაია.

მისი თქმით, თავის დროზე 26 მაისთან დაკავშირებით ჯონ ბასს უფრო მეტი განმარტება უნდა გაეკეთებინა, თუმცა ექსპერტი არ ფიქრობს, რომ შესაძლებელია, აქ „ეფ-ბი-აი“-ს წარმომადგენლები ადევნებდნენ თვალს მიტინგის დარბევას და ეს უფრო მიხეილ სააკაშვილის ბინძური პოლიტიკური პროვოკაციაა.