ახალი პოლიტიკური თავსატეხი - მოდიან თუ მიდიან?!

ახალი პოლიტიკური თავსატეხი - მოდიან თუ მიდიან?!

პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ნინო ბურჯანაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნების საფრთხეს ხედავს. ბურჯანაძის აზრით, იმ დროს, როცა ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ არჩევნებიდან სამ დღეში ხელისუფლებიდან წასვლას აპირებს, თუ ქვეყანას ძლიერი პრეზიდენტი არ ეყოლება, რომელსაც ქვეყნის სწორად მართვა შეეძლება, რაღაც ფორმით „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების საშიშროება არსებობს.

„ჩვენ პირდაპირ ვკითხულობთ, რომ ძველი „ნაციონალური მოძრაობა“ არ არსებობს. თურმე ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ იქმნება, ოღონდ ძველი ხალხისგან, რომლებიც შეიძლება, ნაკლებად აღიზიანებს საზოგადოებას და ნაკლები იციან მათ შესახებ. თურმე ისინი ემზადებიან ხელისუფლებაში მოსაბრუნებლად. რას ნიშნავს ძველი „ნაციონალური მოძრაობა“?! მარტო სააკაშვილი იყო დამნაშავე იმაში, რაც ამ პერიოდის განმავლობაში ხდებოდა?!“ - კითხულობს ნინო ბურჯანაძე.

მისი თქმით, სულ რაღაც ცხრა თვის წინ ნაციონალები ამას ვერ ბედავდნენ, ახლა კი ხელისუფლებაში დაბრუნების პრეტენზიაც აქვთ. ამიტომ, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის აზრით, უნდა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს, ვის რა წვლილი აქვს იმ უბედურებაში, რაც ქვეყანაში დატრიალდა.

ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება, ხოლო, თუ გამოძიება არ ჩატარდება, თუ ისევ შეგვეშინდება, რომ დასავლეთი თითს დაგვიქნევს და ამიტომ სამართლიანობას არ აღვადგენთ, ძალიან უსუსურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ნინო ბურჯანაძის სურვილია, ქვეყანა კვლავაც ექსპერიმენტის წინაშე არ დადგეს. იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამა თუ იმ ფორმით, ხელისუფლებაში მობრუნების შანსი არ გაუჩნდეს, საჭიროა სწორი გადაწყვეტილებების მიღება. მით უფრო, რომ ბურჯანაძის განმარტებით, საზოგადოება ძალიან უკმაყოფილოა კოაბიტაციის იმ პროცესით, რომელიც მმართველ გუნდს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გააჩნია.

ფაქტია, რომ ნაციონალები მთელი ძალით ცდილობენ საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატების მიღწევას, თანაც ისე, რომ წარსულის გამო არანაირი მორალური პასუხისმგებლობა არ აწუხებთ. ამდენად, საინტერესოა, იმ ფონზე, როცა ქართული საზოგადოება ძლივს გათავისუფლდა ნაციონალების მარწუხებისგან და 1-ელ ოქტომბერს თითქმის მთელი საზოგადოება ამას ზეიმობდა, რის იმედად აპირებენ ნაციონალები, რაიმე ფორმით ხელისუფლებაში დაბრუნებას?! ამის შესახებ For.ge ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს ესაუბრა.  

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ „ვიღაცას, მათ შორის, ნინო ბურჯანაძეს რატომღაც ჰგონია, რომ ძალიან პოპულარულია“ და ის და მისი პოლიტიკური გუნდი ასეთი განცხადებებით ქულებს მოიხვეჭენ. თუმცა გია ცაგარეიშვილი ფიქრობს, რაც უფრო ხშირად ისაუბრებს ქალბატონი ბურჯანაძე, ბატონი კუკავა და სხვები „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნების გაზრდილ შანსებზე, მით უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს „ქართული ოცნება“ და მისი კანდიდატი არჩევნებზე, რადგან ეს პირდაპირ პროპორციულია ერთმანეთთან.

დეპუტატის თქმით, ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში არდაბრუნების პრობლემას, პირველ რიგში, გადაწყვეტს ამჟამინდელი ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ და არა - ის წვრილ-წვრილი პარტიები, რომლებიც ამ თემაზე მუდმივად საუბრით მოსახლეობის ყურადღების მიქცევას ცდილობენ. ამიტომ გია ცაგარეიშვილი ურჩევს ნინო ბურჯანაძეს და სხვებსაც, სხვა მიმართულებით იფიქრონ და იმსჯელონ იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, ახალი ხედვები შესთავაზონ მმართველ გუნდს ან გააკრიტიკონ მათი ნაბიჯები. ეს უფრო მომგებიანი იქნება ქვეყნისთვის, ვიდრე მუდმივად საუბარი და საფრთხობელების აგება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოდესღაც ხელისუფლებაში დაბრუნდება.

გია ცაგარეიშვილის აზრით, ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ არსებობს, საქართველოს მოსახლეობამ მათ მკაცრი ვერდიქტი გამოუტანა არჩევნებში. ასე რომ არ იყოს, მაშინ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი, საპირისპირო არჩევანი უნდა გააკეთოს, ფაქტობრივად, ერთ წელიწადში ორიენტირი შეიცვალოს და მხარი დაუჭიროს „ნაციონალურ მოძრაობას“.

„მიკვირს, როცა ამ თემაზე საუბრობენ გამოცდილი პოლიტიკოსები. ამით ისინი საკუთარ მოსახლეობას აყენებენ შეურაცხყოფას. ის ხალხი, ვინც ბარიკადებზე იდგა და თავს სწირავდა, რომ ეს სექსუალური მანიაკები, ჯალათები განედევნა ხელისუფლებიდან, ახლა საპირისპირო გადაწყვეტილებას მიიღებს?! თუმცა რას ვიზამთ, ახლა წინაასაარჩევნო მძიმე პერიოდი მოდის ცალკეული პოლიტიკოსისთვის, ამიტომ ისინი ეძებენ ფუნდამენტს და ფიქრობენ, ასეთი აგიტაცია მათთვის სახეირო იქნება, რაც მცდარი არჩევანია. როცა ბურჯანაძე და სხვები საუბრობენ, ნაციონალები უნდა გასამართლდნენო, ეს ძალიან მარტივია მაშინ, როცა გვერდიდან დგახარ და უყურებ მოვლენებს, ამით გინდა, იპოპულისტო და ხმები მოიპოივო“, - მიიჩნევს გია ცაგარეიშვილი.

მისივე განმარტებით, ამ ცხრა თვის მანძილზე უამრავი საქმე გაკეთდა სამართლიანობის აღდგენის კუთხით, რაც არასაკმარისია. ამის მიზეზად კი დეპუტატი პროკურატურასა და სხვა უწყებებში არსებულ ინსტიტუციონალურ პრობლემებს ასახელებს კადრებთან დაკავშირებით. თუმცა სამართლიანობის აღდგენა შეუქცევად პროცესად მიაჩნია და აცხადებს, რომ, ვინც 2004-დან 2012 წლამდე დანაშაული ჩაიდინა, რა თქმა უნდა, წარდგება მართლმსაჯულების წინაშე. დეპუტატი არც იმის მომხრეა, „ადამიანებს თავები გავაგდებინოთ, ტროიკები შევქმნათ და გავასამართლოთ“.

მისი თქმით, სამართლიანობის აღსადგენად აუცილებელია, სასამართლო თავისუფალი იყოს, იუსტიციის საბჭოში განხორციელდეს რეფორმა, პროკურატურა გათავისუფლდეს პოლიტიკური წნეხისგან, რადგან, ხშირ შემთხვევაში, იქ მძიმე შეცდომებიცაა და ამის შესახებ საუბრობს თვითონ „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი. ასეთი აღიარება კი გია ცაგარეიშვილს ბურჯანაძის ზეობის პერიოდში არ ახსოვს.

„ნინო ბურჯანაძეს როდესმე უთქვამს, რომ პრობლემები იყო პროკურატურაში?! საქმეების გამოძიება არ არის მარტივი პროცესი და ქალბატონ ბურჯანაძეს, რომელიც იურისტია, ეს კარგად უნდა ესმოდეს. როცა ის იყო „ნაცმოძრაობაში“, მახსოვს, საქმეებს როგორ იძიებდნენ და როგორი „მყისიერი“ მართლმსაჯულებაც იყო. სხვათა შორის, მისი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს როგორც გამოიძიეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე, ყველას გვახსოვს. მის მიერ ამოღებული ხმა არ მახსოვს 2006-07 წლებში, როცა უამრავი ადამიანი ქუჩაში იდგა და გირგვლიანის მკვლელების გასამართლებას ითხოვდა. ამიტომ, მაშინ, რატომ არ ფიქრობდა ეს ქალბატონი, ან მისი უახლოესი თანამებრძოლები ამის შესახებ?! მყისიერი მართლმსაჯულება მაშინ არ იყო აუცილებელი, თუ ეს ორმაგი სტანდარტია?!“ - კითხვას სვამს გია ცაგარეიშვილი.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება და უმრავლესობაში ყოფნა მაინცდამაინც რეალური არ არის. თუმცა იქნებიან თუ არა ნაციონალები ხელისუფლებაში ან, ზოგადად, ოპოზიციაში ან სხვადასხვა ადგილას, როგორც პარლამენტში, ისე სხვა არჩევით სტრუქტურაში, ეს საკმაოდ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე. 

პოლიტოლოგის თქმით, ყველანი ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას, მეტიც, სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა ისეა მოწყობილი, რომ პარტიები იცვლებიან, პერსონალიები და მისი შემადგენლობა კი ძირითადად იგივე რჩება.

„მათი დაბრუნება, პირადად ჩემთვის გამორიცხულია, მაგრამ ამომრჩეველი და მოსახლეობა როგორც გადაწყვეტს, ისე იქნება. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და არჩევნებისადმი პრეტენზიები არ იყოს არც ქვეყნის შიგნით და არც - გარეთ. არ ვთვლი, რომ დღეს „ნაცმოძრაობაში“ ყოფნა, ნაციონალების მხარდაჭერა, ან მათ წინააღმდეგ წასვლა პოლიტიკური საკითხია, ეს უფრო მორალური და ზნეობრივი საკითხია“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკოსები რადიკალურ განცხადებებს აკეთებენ, რაც რეალობისგან მოშორებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ უნდათ, ყურადღება მიიქციონ. დეპუტატის თქმით, ასეთი მიდგომა ექსპერტთა გარკვეულ ჯგუფსაც ახასიათებს, რომლებიც ცდილობენ, სკანდალური განცხადებით მეტი ყურადღება მიიპყრონ. თუმცა ნინო ბურჯანაძის ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსის განცხადების მიუხედავად, მთავარი მაინც ქართული საზოგადოებაა. ამდენად, გიორგი ვოლსკის აზრით, ხალხი გადაწყვეტს, ვინ დარჩება პოლიტიკურ ასპარეზზე.

„წინაასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსების განცხადებები ნორმალურია, თუმცა საზოგადოებას საკმაოდ დიდი ინფორმაცია აქვს მიღებული და დიდი ინტელექტუალური რესურსიც გააჩნია არჩევნებში გადაწყვეტილების მისაღებად. რაც შეეხება ე.წ. კოაბიტაციას, ეს გამაღიზიანებელი სიტყვა პოლიტიკოსთა ტერმინოლოგიაში ბოლო პერიოდში ხშირად გამოიყენება, განსაკუთრებით, ყურადღების მისაქცევად. დღესაც ამ ტერმინის გამოყენებით მიმდინარეობს პოლიტიკური სპეკულაციები. თუმცა კოაბიტაცია არის თანამშრომლობა, თანამშრომლობა კი არ ნიშნავს მაინცდამაინც ერთსა და იმავე პოზიციაზე დგომას. ასე რომ, პოლიტიკურ პოზიციათა დაპირისპირებას „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის ყველა კარგად ხედავს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ყველაფრის გასამართლება შეუძლებელია ისეთ პატარა და დაძაბულ საზოგადოებაში, როგორც საქართველოა. რაც შეეხება პიროვნებებს, დამნაშავე პირების მოღვაწეობას პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება აუცილებლად უნდა მიეცეს. ასე რომ, რეჟიმის გასამართლების მოთხოვნით პოლიტიკური დივიდენდის დაგროვება  გამართლებული არ არის. ასე რომ იყოს, მაშინ ყველა პროცესი, რაც საქართველოში სხვადასხვა რეჟიმის დროს მომხდარა რომ გასამართლდეს, ეს არასწორი იქნებოდა.