2010 წლის სტიქიური შემოტევების წლად გამოცხადება უკვე თავისუფლად შეიძლება. ჯერ არ ყოფილა მიჯრით რამდენიმე დღე, ქვეყნის რომელიმე ნაწილში ბუნებას რომ არ ებობოქროს. მიყენებული ზარალი იმდენად დიდია, რომ უკვე თვლაც ვერ ხერხდება.
გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა ხევმა დაბა დუშეთის მოსახლეობის სახლები პირველი სართულები დატბორა. “სტიქიამ ასევე საგზაო ინფრასტრუქტურაც დააზარალა. ამ დროისთვის უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომლიც ზარალს ითვლის”, - აცხადებს მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი.
წინასწარი მონაცემებით, ზარალი საკმაოდ დიდია, რომლის ზუსტი ოდენობა ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება, რის შემდეგაც უკვე გადაწყდება მოსახლეობას რა სახის დახმარებას გაუწევენ.
გუშინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ დუშეთში ხევის კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. დაიხოცა შინაური ფრინველი.
ძლიერი წვიმის შედეგად დღეს ქალაქ დედოფლისწყაროსა და სოფელ წითელწყაროში საავტომობილო გზები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. დახოცილია ფრინველი. ქარმა და წვიმამ დააზიანა ტრანსფორმატორები, რის გამოც დედოფლისწყაროს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვაში მოსახლეობას მაშველები და სახანძრო ბრიგადები ეხმარებიან.
ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი კარდენახიც. მოვარდნილი ნიაღვრის გამო ადიდდა სოფლის ხევები, მწყობრიდან გამოვიდა საუბნო გზები, დაზიანდა სასმელი წყლის სათავე ნაგებობა. სანიაღვრე არხებმა წყალი ვეღარ გაატარა და საცხოვრებელ სახლებში შევარდა.
ძლიერი წვიმის გამო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაზიანებულია 35 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი და დღეს მთელი დღის განმავლობაში ლაგოდეხში ელექტროენერგია გათიშული იყო.
სტიქიამ ახმეტის რაიონსაც დაატყო თავისი ხელი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და დასეტყვილია ვენახები. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ღამით ძლიერმა ქარმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში 14 საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელის კობა მაისურაძის განცხადებით, 80%-ით არის დაზიანებული 5 საცხოვრებელი სახლი, დაახლოებით, 150 ჰა-ზე დაისეტყვა მოსავალი.
“სტიქია 2 საათი გაგრძელდა. ქარმა ალვანი-მაღრაანის გზის ქარსაცავი ზოლების ხეები დაგლიჯა. აღნიშნული გზის მონაკვეთი ამ დროისთვის უკვე გაწმენდილია. ადგილობრივ ბიუჯეტში იმდენი თანხა არ გვაქვს, რომ მოსახლეობას ზარალი მთლიანად ავუნაზღაუროთ, დახმარება მხოლოდ მეორადი შიფერით შეგვიძლია. კახეთის გუბერნატორი საქმის კურსშია და ვცდილობთ, იქნებ დაზარალებულებს დახმარება ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოუყონ”, - აღნიშნა კობა მაისურაძემ.
მართალია, საქართველოში სტიქია ძლიერ მძლავრობს, მაგრამ ეს უფრო გლობალური პრობლემაა. მთელ მსოფლიოში საშინელი სტიქიურ შემოტევებია. შვეიცარიული კომპანია Swiss Reinsurance-ს შეფასებით, 2010 წელს მსოფლიოში სტიქიური უბედურებებით გამოწვეული ზარალი 110 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
სხვათა შორის, უკვე მოხდა ქვეყნების კლასიფიკაციაც. სტიქიური სიხშირის მიხედვით პირველ ადგილებზე ჰაიტი, მოზამბიკი, ჰონდურასი, ფიჯი, ზიმბაბვე, სალვადორი და ნიკარაგუა აღმოჩნდნენ. აქვე არიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა იტალია, იაპონია, ესპანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი. ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და კანადა კი საშუალო რისკის ქვეყნებად აღიარეს. საბედნიეროდ, საქართველო მაღალი რისკის ჯგუფში არ არის.