ექსპერტები მთავრობის კულუარებზე ალაპარაკდნენ. ექსპერტი ვანო მაჭავარიანი ფიქრობს, რომ გარემოცვა ბიძინა ივანიშვილს სრულყოფილ ინფორმაციას არ აწვდის, რის გამოც მიმდინარე მოვლენების შესახებ პრემიერი ინფორმირებული არ არის.
მისი თქმით, რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ახლო წრედ ითვლება, მაქსიმალურად ცდილობს, პრემიერთან დაახლოებულთა ჯგუფი შეზღუდოს და ივანიშვილს მოასმენინოს ის, რაც რეალურად მათ ინტერესებში შედის. სწორედ ამით ხსნის ვანო მაჭავარიანი, რომ ხშირად პრემიერს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია არ აქვს.
ამასთან, ექსპერტი ეჭვობს, ბიძინა ივანიშვილს იმის ფუფუნება ჰქონდეს, მუდმივად ტელევიზორს უყუროს ან გაზეთები იკითხოს. ამავე კონტექსტში ვანო მაჭავარიანი „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომებსაც იხსენებს და აცხადებს, „ნაცმოძრაობა“ მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ხელში რომ არ ყოფილიყო, გაცილებით ხანგრძლივი პოლიტიკური მომავალი ექნებოდა.
ფაქტია, რომ, ცალკეულ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი პირველად იგებს ინფორმაციას ჟურნალისტებისგან და გულახდილად აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის. ასე მოხდა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, როცა For.ge-ს ჟურნალისტი მოძრაობა „დააბრუნე“-ს ფარგლებში გაერთიანებული ბიზნესმენების ბედით და ნაციონალების დროს მათთვის ჩამორთმეული ქონებით დაინტერესდა.
ვანო მაჭავარიანი ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ პრესკონფერენციების დროს ბიძინა ივანიშვილმა თვითონვე აღიარა, რომ მას სრულიად სხვა ინფორმაცია ჰქონდა, ვიდრე ჟურნალისტი ამაზე საუბრობდა. ექსპერტის აზრით, ზოგადად, ასეთი რამ ახასიათებს პოლიტიკურ სისტემებს, როდესაც ადამიანს, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს, ცალკეული პირები ზუსტად იმ ფორმით აწვდიან ინფორმაციას, რაც მათ სურთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსს ინფორმაცია მიეწოდებოდეს არა დეფორმირებულად, არამედ - საქმიანად და ეს შედეგზე არ აისახოს. დანარჩენ შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკური ინსტიტუტი მუშაობს ზუსტად ისე, რომ ყოველთვის ხდება კონკრეტული ინფორმაციის სელექცია, რაც უნდა მიეწოდოს ან არ მიეწოდოს პრემიერ-მინისტრს თუ პრეზიდენტს და ეს ჩვეულებრივი მომენტია.
უფრო კონკრეტულად, ვანო მაჭავარიანი გამოარჩევს ბედუკაძის თემას, როდესაც პრემიერმა აღიარა, რომ მას სხვა ინფორმაცია ჰქონდა და შემდგომში შეეცადა, გამოესწორებინა ეს და კბილაშვილს მიმართა მეტი ინფორმაციის მისაღებად. ასევე, ექსპერტი მიიჩნევს, რომ, საერთაშორისო ურთიერთობის კუთხით, ალბათ, იქნება ცალკეული საკითხები, რომელთა შედეგიც გამოჩნდება წლის ბოლოს. თუნდაც საინტერესოა, რამდენად რეალურია ის ინფორმაციები, რასაც პრემიერს აწვდიან ვილნიუსის სამიტთან ან სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით.
„პრემიერს საშუალება აქვს, არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმ წყაროებზე დამოკიდებული, რომელიც მოდის მთავრობიდან, კონკრეტული მინისტრისგან თუ მრჩეველთა ჯგუფებისგან. პრემიერის ოფისამდე, ან უშუალოდ პრემიერამდე მისული ინფორმაცია უნდა ასახავდეს ქვეყანაში არსებულ რეალობას. ყოველთვიური პრესკონფერენციები ჟურნალისტებთან ნებისმიერი მთავრობისთვის მნიშვნელოვანია და კარგი იქნება, პრემიერს თუ მთავრობის წევრებს საშუალება ჰქონდეთ, გახსნან იმ ადამიანებთან შეხვედრის დიაპაზონი, რომელთაც არ აქვთ მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური დამოკიდებულება კონკრეტულ მოვლენებთან, რომლებიც ეხება ქვეყნის შიდა თუ საგარეო თემებს.
ჩვენს საუკუნეში ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერს შეუძლია ინტერნეტის მეშვეობით (რასაც ბიძინა ივანიშვილი და სხვები რეგულარად აკეთებენ) თვითონვე მიიღონ ეს ინფორმაცია, მაგრამ დრო და შესაძლებლობა შეზღუდულია. ამიტომ ურთიერთობის ცოცხალი რეჟიმი აუცილებელია“, - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.
მისი თქმით, სხვათა შორის, ეკონომიკური მიმართულებითაც შეგვიძლია, აღმოვაჩინოთ სერიოზული სიურპრიზები და საინტერესოა, ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებით გაკეთებული პროგნოზები დაემთხვევა თუ არა რეალობას.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ მხოლოდ პოლიტიკოსზეა დამოკიდებული, ექნება თუ არა მას სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით. მისი აზრით, ძლიერი პოლიტიკოსი არასოდეს აღმოჩნდება საინფორმაციო ვაკუუმში. მეტიც, პოლიტოლოგი ნაპოლეონის მაგალითს იხსენებს, რომელიც მთელ ევროპას მართავდა და იცოდა არა მხოლოდ ის, რაც პარიზსა და, მთლიანად, საფრანგეთში ხდებოდა, არამედ ლუქსემბურგში, ჰააგაში, ვენაში, ვარშავასა და მოსკოვშიც კი ყველაფერი იცოდა. ამიტომ, სოსო ცინცაძის აზრით, მთავარია, როგორ გარემოცვას შეარჩევ და ყველაფერი დამოკიდებულია კადრების სელექციაზე.
„მსოფლიო პროლეტარიატის ბელადს, სტალინს ე.წ. თანაშემწის როლში ამისთვის ჰყავდა პოსკრებიშევი, ისტორიული პიროვნება, რომელსაც ევალებოდა, არაფერი დაემალა სტალინისთვის. სტალინის შვილი ვასილი რასაც „მაიმუნობდა“, თუნდაც ის, რომ ქორწილის დროს მეუღლე წაართვა მაშინდელ ცნობილ კინოოპერატორს რომან კარმენს, მეორე დილას ეს სტალინმა უკვე იცოდა. ვინ გაუბედავდა ამ სიმართლის თქმას, მაგრამ პოსკრებიშევი ეუბნებოდა, რადგან სტალინი თვითონ ითხოვდა რეალობის შეულამაზებლად გადმოცემას. ამიტომ შენ თუ ისე ააწყობ საქმეს, რომ ვერავინ გაგიბედოს, მხოლოდ კარგი ამბები გითხრას და ამით დაგამშვიდოს, თუ შენი ახლობლები, თანაშემწეები არ დაგაჯერებენ, რომ არაფერია, თუ ახლა ეკონომიკის ნულოვანი ზრდაა და ეს უბრალოდ, ფსიქოლოგიური პრობლემაა და არა - ეკონომიკური პრობლემა და ამაზე არ უნდა იდარდო, თუ ასეთ ხალხს შეკრებ შენს გარშემო, რასაკვირველია, მუდამ იქნები საინფორმაციო ვაკუუმში“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
მისივე განმარტებით, ბუნებრივია, ჟურნალისტებისგან უნდა იღებდეს პოლიტიკური ლიდერი სრულ ინფორმაციას, მაგრამ მარტო ჟურნალისტების იმედად არ უნდა იყოს. ისტორია გვიჩვენებს, რომ პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს ინფორმაციის მიღების რამდენიმე დამოუკიდებელი წყარო. თუმცა სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნა საქართველოში მემკვიდრეობით მოდის - შევარდნაძეს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა ქვეყანაში, მით უმეტეს, ძალოვან სტრუქტურებში, ასევე, გამსახურდიამ ბევრი რამ არ იცოდა, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, შემდგომ უკვე გვიანდელი სააკაშვილიც მოწყდა რეალობას. ინფორმაციის არქონა კი რეალობას მოწყვეტაა.
„ამიტომ, თუ მართლაც ექსპერტები არიან, მარტო ის კი არ უნდა აღნიშნონ, რაც გამოჩნდა ყველასთვის და, რაც ოთხმა მილიონმა კაცმა დაინახა, რომ ივანიშვილმა თურმე არ იცოდა ბედუკაძის ამბავი, არამედ მეცნიერულად უნდა ახსნან, რატომ ხდება ეს და რამ განაპირობა. თუ მართლაც ასეა, და როგორც ჩანს, ასეც არის, მაშინ ივანიშვილს ძალზე ბევრი საფიქრალი ჰქონია საკადრო პოლიტიკასთან მიმართებით“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და განმარტავს, რომ პრემიერის საკადრო გადაწყვეტილებები არცთუ იშვიათად, კითხვის ნიშნებს უფრო ბადებს, ვიდრე მოწონებით შეფასებებს.
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე ადასტურებს, რომ, თუ ადამიანს სურვილი აქვს, 21-ე საუკუნეში ინფორმაციის ნაკლებობაში ნამდვილად არ იქნება, რადგან არსებობს უამრავი ალტერნატიული საშუალება, საიდანაც ინფორმაციის მიღება შესაძლებელია. თუმცა სხვა საკითხია, რამდენად სურს ცალკეულ პიროვნებას ინფორმაციის მიღება.
ამის მიუხედავად, ექსპერტი ფიქრობს, რომ სულაც არ არის საჭირო, ყოველი წვრილმანი ყოველდღიურად მოხსენდეს პრემიერს. უბრალოდ, ყველა დეტალი, რაც ჟურნალისტებს აინტერესებთ, რომ იცოდეს პრემიერმა, მას აღარ დარჩება დრო, კიდევ სხვა რამეზე იზრუნოს. ამიტომ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, არის მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც მას ინფორმაციას აწვდიან და არის საკითხები, რაზეც არც ღირს დეტალებში ჩაღრმავება.
„დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილს სცოდნოდა, ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებას იღებდა მთავარი პროკურორი, უნდა ჩარეულიყო მის საქმიანობაში?! არა მგონია, ეს იმ დონის საკითხი იყოს, რომ ივანიშვილი აუცილებლად საქმის კურსში ყოფილიყო. უბრალოდ, ამას აჟიოტაჟი მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში. მე მგონი, აქ ინფორმაციის მიუწოდებლობასთან არ გვაქვს საქმე, არამედ - ინფორმაციის შერჩევასთან. პრესკონფერენციებს მეც ვუყურებ ხოლმე და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც პრემიერმა უნდა იცოდეს და არ იცის, არ შემიმჩნევია“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.