თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გაადაყენეს. საკრებულოს სხდომაზე, დღის წესრიგით 15 საკითხი დაამტკიცეს, რომელთა შორის იყო - საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და 13 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი, ასევე თბილისის საკრებულოს იურდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ქველაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.
გადაწყვეტილებას საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ინტერფრაქციული ჯგუფის 25-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რიგგარეშე სხდომას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ არ დასწრებია. კენჭისყრის შედეგად, მამუკა ახვლედიანის გარდა თანამდებობიდან გადაყენებულია -საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბაჩილავა, საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ გრიგალაშვილი, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაჩანიძე, საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი.
საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისის თავმჯდომარე ხვიჩა სანაია, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე იოსებ ეგუტია, სახეებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლაშა იმედაშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ ნაცვლიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე გურამ კინწურაშვილი, ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე კახა გურული, თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით ჯინჭარაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გელა ომანიძე, ურბანულ და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისიის თავმჯდომარე დავით წერეთელი.
რიგგარეშე სხდომაზე ახალი კანდიდატურების წარდგენისა და დამტკიცების საკითხი არ განხილულა. 26 ივლისამდე კომისიების თავმჯდომარეების კანდიდატურებზე კონსულტაციები გაგრძელდება. 26 ივლისს კი დღის წესრიგში საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხი დადგება.
რიგარეშე სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ აწ უკვე ყოფილ დეპუტატებს ხურდა ფული დაუყარეს. აქციის მონაწილეები ირაკლი შიხიაშვილს და სხვა დეპუტეტებს ფულის მონებსა და ფულზე გაყიდულ ადამიანებს უწოდებენ. როგორც აქციის მონაწილეების სკანდირებდნენ, საკრებულოს ის დეპუტატები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნენ, „მედროვეები, უღირსები და ვირთხები“ არიან.
აქციის მონაწილეებმა საკრებულოს შენობის წინ ყველიც მოიტანეს, რომელიც დაფშვნეს და შენობის შესასვლელთან დაყარეს. მათი თქმით, თუ ეს ყველი არ ეყოფათ, კიდევ მოიტანენ.
მათი თქმით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი შიხიაშვილის დანიშვნა დედაქალაქის სირცხვილია. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერით „შიხა-80 უდიპლომო სასიძო“, „შიხა ქართული ოცნების სახე“. მათივე თქმით, ქართველი ხალხის ოცნება ნამდვილად არ იყო ის, რომ ყოფილი „ნაციონალები“, რომლებიც ფულსა და სკამზე არიან დახამებულები, „ოცნების“ სახელით თანამდებობეზე ინიშნებოდნენ.
თბილისის საკრებულოს შენობის წინ შეკებილები საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი შიხიაშვილის შესაძლო დანიშვნაც გააპროტესტეს. აქციაში რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის „თავისუფალი ზონა“ და „დროა“ მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, დღევანდელი აქციის მიზანია, საზოგადოებამ კარგად გაიგოს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ირაკლი შიხიაშვილს 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო. აქციაზე პერიოდულად რთავდნენ ირაკლი შიხიაშვილის განცხადებას 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით, სადაც ის აქციის ორგანიზატორებს აკრიტიკებს და აქციასთან მიმართებაში მაშინდელი ხელისუფლების ქმედებებს ამართლებს.
საკრებულის თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ მიმდინარეობს. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფლების“ თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი კი ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე განიხილება.
შეგახსებეთ, რომ მთაწმინდის გამგებელმა ნიკა მელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს მიმართა და მოუწოდა დაინტერესდნენ საკრებულოს წევრის ირაკლი შიხიაშვილის „ქართუ ბანკის“ გაკოტრების მცდელობაში მონაწილებით . ნიკა მელიას განცხადებით, „ბანკი ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების მცდელობის სქემაში ეჭვმიტანილ 30-მდე ბიზნესმენსა და სახელმწიფო მოხელეს ბრალი უკვე წაუყენეს, გამონაკლისი მხოლოდ ამჟამად „ქართული ოცნების“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და მანამდე ფრაქცია „ნაციონალულრი მოძრაობის“ წევრი ირაკლი შიხიაშვილია.
„ეს არ არის ჩემი მხრიდან ბრალდება, ეს არის უტყუარი მტკიცებულება და ფაქტის კონსტანტაცია. მაინტერესებს, ვისი დახმარებით, რა მექანიზმებით აღმოჩნდა შიხიაშვილი სისხლის სამართლებრივი დევნის მიღმა“,- აღნიშნა კახა მელიამ.
თავად ირაკლი შიხიაშვილის 2012 წლის 3 დეკემბერს მოწმის სახით დაკითხვის ოქმი ჟურნალისტებს გააცნო, სადაც შიხიაშვილი ადასტურებს და დეტალურად აღწერს მის მონაწილეობას „ბანკი ქართუს“ გაკოტრების მცდელობის სქემაში. შიხიაშვილმა „ბანკი ქართუს“ გაკოტრების მცდელობასთან ნებისმიერი ტიპის კავშირი კატეგორიულად უარყო.
თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე მამუკა ახველდიანმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ რიგგარეშე სხდომა არალეგიტიმურია, რადგან ის საკრებულოს თავმჯდომარეს არ მოუწვევია.
„სხდომა არალეგიტიმურია და მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას სასამართლოში გავასაჩივრებთ. ჩვენ არცერთ სკამს არ ვებღაუჭებით, უბრალოდ გვინდოდა, რომ კანონის სრული დაცვით მომხდარიყო ჩვენი თანამდებობებიდან გადაყენება და ახალი პირების დანიშვა, რაც არ მოხდა. ამიტომ ჩვენ ამ სპექტაკლში არ ვმონაწილეობთ. მიზეზი იმისა, რომ ასეთი დაჩქარებული წესით მოქმედებენ ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები არის ის, რომ პრემიერ-მინისტრი საქართველოში არ იმყოფება და მის ჩამოსვლამდე სურთ ყველაფრის მოსწრება. პრემიერ-მინისტრი საკრებულოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმირებლი არაა“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. ამასთან, როგორც ახვლედიანი აცხადებს, შიხიაშვილთან დაკავშირებით თავად „ქართულ ოცნებაში“ ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის.
რიგგარეშე სხდომის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ჯაბა სამუშიამ. როგორც ჯაბა სამუშიამ განმარტა, ორგანული კანონი და საკრებულოს რეგლამენტი უფლებას აძლევს საკრებულოს დეპუტატებს შეიკრიბონ და განიხილონ ის დღის წესრიგი, რომელიც მათ გააჩნიათ.
„ჩვენ სკამებისთვის არ ვიბრძვით. კომისიის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე არ მოხდება საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევნები და 26 ივლისამდე ეს საკითხი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად განიხილება“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
საკრებულოს ფრაქცია „დედაქალაქის“ წევრის მამუკა კაციტაძის განცხადებით, საკრებულოში დღევანდელი რიგგარეშე სხდომა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის მომავალ თანამშრომლობაზე ტესტია. კაციტაძე ადასტურებს, რომ 26 ივლისს საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართება, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის გადადგომის საკითხი განიხილება.
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის გიგი უგულავას გადაყენების საკითხიც განიხლება. კერძოდ, იგეგმება ცვლილების შეტანა იმ კანონებში, რომლებიც თვითმმართველი ერთეულების საქმიანობას არეგულირებენ. საკრებულის წევრის ზაზა გაბუნიას თქმით, კანონებში ბევრი რამ გადაიხედება და შეიცვლება. დეპუტატი ამბობს, რომ ამ ცვლილებების მიზანია საკრებულოს დაუბრუნდეს ის წართმეული უფლებები, რომელიც მას ჰქონდა. რაც შეეხება თბილისის მერის გიგი უგულავას გადაყენების საკითხს, ზაზა გაბუნიამ დაადასტურა, რომ ეს თემა ნამდვილად განიხლება, მაგრამ საშემოდგომოდ.
თბილისის საკრებულოს წევრი კახა კუკავა თბილისის მერსა და დედაქალაქის ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდებს. კუკავას განცახებით მისი პარტია მხარს უჭერს პოლიტიკურ ძალთა ბალანსის შეცვლას, „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში გადასვლას და მოუწოდა დედაქალაქის მერს, მანამდე გადადგეს, სანამ თავად საკრებულო აიძულებს დატოვოს ეს თანამდებობა.
„მოვუწოდებ თბილისის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, დედაქალაქის მერის მოადგილეებს, დატოვონ თანამდებობები! რაც შეეხებათ თბილისის მერის აპარატის თანამშრომლებს, ეს მოთხოვნა მათ არ ეხებათ შეუძლიათ მუშაობა გააგრძელონ. დედაქალაქის ბიუჯეტი უნდა ხმარდებოდეს თბილისის ინტერესებს და არა გიგი უგულავას სტრიპტიზ ბარებში სიარულს“, - განაცხადა კახა კუკავამ.