გამოიყენებს თუ არა არჩევნებზე ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს

გამოიყენებს თუ არა არჩევნებზე ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს

არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომლითაც მმართველ გუნდს, ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში, პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2013 წლის ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი წინაპირობების არარსებობის გამო, არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დგება.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მოუწოდებენ მმართველ გუნდს, მოახდინოს შეთანხმებული კანონპროექტების ინიცირება პარლამენტში და მათი დროული იმპლემენტაცია, ასევე დაუყოვნებლივ განაახლოს დიალოგი ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოდოებასთან საარჩევნო გარემოს დემოკრატიული რეფორმების მიზნით. განცხადებას ხელს აწერენ „ახალი მემარჯვენეები“, „დემოკრატიული მოძრაობა“, „თავისუფალი საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „ქართული დასი“ და „ქრისტიან-დემოკრატები“.

„ქართულ ოცნებაში“ კი მიიჩნევენ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის გაღიზიანება პარტიების დაფინანსების საკითხის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გადადებამ გამოიწვია. ამასთანავე, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ იმ ცვლილებებს, რაც საარჩევნო კანონმდებლობაში ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვის მიმართულებით შედის და აცხადებენ, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობას უკვალოდ არ ჩაუვლია, როგორც ამის წარმოჩენას არასაპარლამენტო ოპოზიცია ცდილობს.

საპარლამენტო უმრავლესობის და ინტერფრაქციული ჯგუფის წევრი, ირინე იმერლიშვილი for.ge-სთან საუბარში ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს და ამის ერთ-ერთ მაგალითად გიორგი მარგველაშვილის განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ასახელებს. დეპუტატის თქმით, მარგველაშვილმა ეს ნაბიჯი გადადგა მიუხედავად იმისა, რომ ამას კანონმდებლობა არ ავალდებულებდა. თუმცა იმერლიშვილის განმარტებით, ახლა საარჩევნო კოდექსში ეს ცვლილებაც შედის, რომლითაც მსგავს თანამდებობაზე მომუშავე პირი, თუკი საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდება, ვალდებულია თანამდებობა დატოვოს.

აღსანიშნავია, რომ ამ თანამდებობების ჩამონათვალი ძალიან ვრცელია და პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, თითქმის, ყველა საპასუხისმგებლო სახელმწიფო თანამდებობას (მათ შორის, მინისტრები, გუბერნატორები, საკრებულოს თავმჯდომარე, მოსამართლეები, უშიშროების საბჭოს წევრები, პროკურორები და ა.შ.) მოიცავს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელზეც იმერლიშვილი ყურადღებას ამახვილებს, საქართველოს ფარგლებს გარეთ საარჩევნო უბნებს ეხება. კერძოდ, დეპუტატის განმარტებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ მხრივ სერიოზული პრობლემა შეექმნა, რადგან საარჩევნო უბნები ძირითადად 1500-კაციანია, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყველგან ვერ ხერხდება საარჩევნო უბნების გახსნა და ამიტომ იყო მოთხოვნა, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის 1500-კაციანზე დიდი უბნები გაიხსნას, თუკი ამის საჭიროება იქნება და ეს მოთხოვნა გათვალისწინებულია.

„კოდექსში შედის ცვლილება ასევე იმ კუთხით, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთი ქალაქის გარეთ არ იქნეს გატანილი. ესეც უცხოეთს ეხება, რადგან მაგალითად, მოგეხსენებათ, რამხელა ქალაქია სტამბული და იქ რომ ვინმემ გადასატანი ყუთის სოფელში მიტანა ითხოვოს, ტექნიკურად ამის გაკეთება ძალიან რთულია. ამდენად, კოდექსში შედის ასეთი, თითქოს, მხოლოდ ტექნიკური ხასიათის, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი ცვლილებები“, - აცხადებს ირინე იმერლიშვილი.

მისი თქმით, ასეთ ცვლილებებს შორის არის ასევე იმ ჯარიმების ლიბერალიზაცია, რომლებიც პოლიტიკური პარტიებისთვის იყო დაწესებული. დეპუტატი განმარტავს, რომ კოდექსში შევა ყველა ის ცვლილება, რაც ინტეფრაქციული ჯგუფის ფარგლებში პოლიტიკურ პარტიებთან იყო შეთანხმებული, გარდა დაფინანსების საკითხისა (რაც დროებით გაჩერდა, ანუ ამ საკითხს პარლამენტი კიდევ მიუბრუნდება).

ირინე იმერლიშვილის თქმით, ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო კოდექსში შედის, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის, ცვლილებები შედის კოდექსში საარჩევნო სიებთან მიმართებაში. კერძოდ, მიწერილ ადამიანებს (დაახლოებით 93 000 ამომრჩეველი, რომელიც ბინების მეპატრონეებმა რეგისტრაციიდან მოხსნეს), რომლებიც საარჩევნო სიის საკმაოდ პრობლემური ნაწილი იყო, მართალია ხელისუფლება საარჩევნო ხმას არ წაართმევს, მაგრამ წინასწარი რეგისტრაციის გავლას ავალდებულებს, რაც მათ 10 ოქტომბრამდე უნდა გააკეთონ. დეპუტატის თქმით, ეს კეთდება იმისათვის, რომ ყველა ეჭვები მოიხსნას იმასთან დაკავშირებით, რეალურად არსებობენ თუ არა ეს ამომრჩევლები.

„გახსოვთ, ალბათ, რამხელა აჟიოტაჟი იყო ატეხილი ამ კატეგორიის ადამიანებთან დაკავშირებით, რადგან ხშირ შემთხვევაში, ბინის მეპატრონემ არ იცოდა, ვინ იყვნენ მის ბინაში რეგისტრირებული ადამიანები. მხოლოდ თბილისში ასეთი 70 000 ამომრჩეველია, დანარჩენი 20 000 კი - თბილისს გარეთ. ყველა ეს საკითხი, რაც მე ჩამოგითვალეთ, ინტერფრაქციულ ჯგუფში გავლილი და შეთანხმებული გვაქვს. ახლა კი ისე წარმოჩინდა, თითქოს, ამ ჯგუფმა სულ ტყუილად იმუშავა, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის“, - აღნიშნავს ირინე იმერლიშვილი.

მის მიერ ჩამოთვლილი ცვლილებების გარდა, საარჩევნო კოდექსში კიდევ რამდენიმე ნორმა იცვლება. კერძოდ, შემოდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები, რომ მათი მხრიდან, მათ შორის, რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ კანონის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს სამართლებრივი რეაგირება. წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაცია) დაწყებისთანავე, რაც აითვლება არჩევნების დანიშვნის დღიდან, კანონის წინაშე თანაბარ მდგომარეობაში ცხადდება ყველა პოლიტიკური პარტია და ამ მომენტიდან ისინი ისარგებლობენ თანასწორიუფლებებით და ვალდებულებებით.

რას ფიქრობენ ამ ცვლილებებზე საარჩევნო თემებზე მომუშავე ექსპერტები, ამ კითხვით, რამდენიმე მათგანს მივმართეთ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი, ლევან ნატროშვილი დადებითად აფასებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რადგან მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა წინა ხელისუფლების დროს სწორედ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყო.

ლევან ნატროშვილი ხაზს უსვამს იმ ცვლილებებს, რომლებიც მისი თქმით, ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანია. პირველი არის საარჩევნო აგიტაციის დროს საჯარო მოხელის, პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობის საკითხი. ექსპერტის თქმით, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით ამ ტიპის მოხელეებს მაშინ ეკრძალებათ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება, როდესაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ და სწორედ ეს განმარტება იყო, რომელიც ბუნდოვანებას იწვევდა, რადგან ძალიან ძნელი იყო ადამიანისთვის დაგემტკიცებინა, რომ ის ამ დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ახლა ამ ნორმას სამუშაო საათებიც დაემატა.

„გარდა ამისა, რიგი თანამდებობის პირებისა, რომლებსაც ახლა მოქმედი კანონითაც აკრძალული აქვთ აგიტაციაში მონაწილეობა, მათ ასევე აეკრძალებათ დასწრება საარჩევნო ღონისძიებებზე და დასწრება აგიტაციად ჩაითვლება, რაც ასევე ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა. ასევე აიკრძალება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებზე აგიტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები სახელმწიფო დაფინანსებით რაღაც პროგრამას ხსნიდნენ, ან შენობას ხსნიდნენ და მათ საარჩევნო კანდიდატი ახლდათ ხოლმე, ახლა ამის გაკთება შეუძლებელი გახდება“, - აღნიშნავს ლევან ნატროშვილი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებაა ისიც, რომ არჩევნებამდე მინიმუმ 60 დღით ადრე აიკრძალება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისეთი შეღავათების გაცემა, რომლებიც ამომრჩევლისთვის გარკვეულ შეღავათებს და დახმარებებს ითვალისწინებს, როგორიც არის მაგალითად, პენსიების, სახელმწიფო შემწეობების ზრდა, ვაუჩერების დარიგება და ა.შ. ნატროშვილი იხსენებს წინა ხელისუფლების პერიოდს, როდესაც სწორედ წინასარჩევნო პერიოდში ხდებოდა ამგვარი ღონისძიებების განხორციელება, რაც საარჩევნო გარემოს ძალიან დიდ ზიანს აყენებდა. კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც ექსპერტი დადებითად მიიჩნევს, არის საარჩევნო უბანზე და უბნის გარეთ 20 მეტრის რადიუსით საარჩევნო აგიტაციის აკრძალვა (არასამთავრობოები 50 მეტრიანი რადიუსის დაწესებას ითხოვდნენ, მაგრამ კანონში 20 მეტრი ჩაიდება).

„ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან ყველას გვახსოვს რა ხდებოდა ხოლმე არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან. მართალია, საარჩევნო უბანზე აგიტაცია აკრძალული იყო, მაგრამ უბნის შესასვლელში იდგნენ ადამიანები, რომლებიც ადგენდნენ სიებს, ეწეოდნენ აგიტაციას, რაც ამომრჩეველზე საკმაოდ ცუდ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენდა“, - ამბობს ლევან ნატროშვილი.

მისი თქმით, მართალია არასამთავრობო სექტორს ზოგადად საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვს, მაგრამ ეს სხვა საკითხებს ეხება, ხოლო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით მათი შენიშვნები ხელისუფლებამ დიდწილად გაითვალისწინა.  

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, ლელა ტალიური ასევე ასახელებს იმ რეკომენდაციებს, რაც არასამთავრობო სექტორს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღდვასთან დაკავშირებით ჰქონდა და დასძენს, რომ მათი ნაწილი ხელისუფლებამ გაითვალისწინა, ნაწილი კი - არა. იმ ცვლილებებს შორის, რაც მმართველმა გუნდმა გაითვალისწინა, საიას იურისტი იგივე ნორმებს ასახელებს, რაზეც ლევან ნატროშვილმაც ისაუბრა. რაც შეეხება ნორმებს, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაითვალისწინა, ტალიურის თქმით, ერთ-ერთი ასეთი არის ის, რასაც არასამთავრობო სექტორი ყოველთვის აყენებდა ხოლმე და თანამდებობის პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას ეხება.

„მოგეხსენებათ, საარჩევნო კოდექსის მიზნებისათვის არსებობს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა საკმაოდ ფართო წრე, რომლებსაც აგიტაციაში მონაწილეობა შეზუღუდავად შეუძლიათ. ესენი არიან როგორც პირდაპირი წესით არჩეული თანამდებობის პირები (საკრებულოს წევრები, პარლამენტის დეპუტატები, თბილისის მერი, პრეზიდენტი), ასევე დანიშვნითი თანამდებობის პირები, მაგალითად, მინისტრები და მათი მოადგილეები, გამგებლები, და ა.შ. რასაც ჩვენ ყოველთვის ვაპროტესტებდით და ვამბობდით, რომ ამ თანამდებობის პირებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონოდათ“, - ამბობს ლელა ტალიური.

მისი თქმით, არასამთავრობოებს შემოჰქონდათ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი, რომლებსაც აგიტაციაში მონაწილეობა უნდა აკრძალვოდათ, მათ შორის შვებულებებში და არასამუშაო პერიოდშიც. ესენი უნდა ყოფილიყვნენ გუბერნატორები, მათი მოადგილეები, გამგებლები და მერები, მინისტრები და მათი მოადგილეები, ასევე სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები. თუმცა ეს რეკომენდაცია ამ ნაწილში არ იყო გაზიარებული.

ასევე იყო რეკომენდაცია, რომ სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება აკრძალვოდა ყველა თანამდებობის პირს, გარდა სამი პირისა (პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საკრებულოს თავმჯდომარე), თუმცა ეს რეკომენდაცია ნაწილობრივ იქნა გაზიარებული და გაკეთდა ჩანაწერი, რომ ეს აკრძალვა არ ვრცელდება მათზე, რომელთა დაცვას კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ახორციელებს.