„ბიძინა ივანიშვილი იქნება ევროპული სტანდარტების დაცვის გარანტი და ევროპა მიიღებს იმ შედეგს, რომელსაც ელოდება საქართველოსგან“, - აცხადებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დოლანდ ტუსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ პოლონეთში ვიზიტის დროს პირველი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილმა სწორედ პოლონელ კოლეგასთან, დონალდ ტუსკთან გამართა. შეხვედრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში შედგა.
ტუსკის თქმით, მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა, მეგობრობა ორ ქვეყანას შორის უკვე არის მუდმივი პოლიტიკა და პოლონური მხარე აფასებს იმ ნაბიჯებს, რომელიც საქართველომ გადადგა. ამასთან, დონალდ ტუსკი დარწმუნებულია, რომ საქართველოში დაწყებული დემოკრატიული რეფორმები გაგრძელდება.
რაც შეეხება შიდა პოლიტიკური ცხოვრების ასპექტებს, დონალდ ტუსკი ყურადღებას ამახვილებს, რომ პრემიერთან საუბრებმა ჩაიარა გულთბილ ვითარებაში და მათ გულწრფელად ისაუბრეს სხვადასხვა საკითხებზე, ეს საუბრები კი მისთვის იყო დამაკმაყოფილებელი.
„ჩემთვის ყველაფერი ცხადი გახდა“, - დასძინა დონალდ ტუსკმა და, სავარაუდოდ, ამ ფრაზის მიღმა საქართველოში რეალურად არსებული და არა - ნაციონალების თვალით დანახული სიტუაცია შეაფასა.
როგორც ცნობილია, პირისპირ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საკითხს. მოგვიანებით კი გაიმართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, რომელსაც საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტუსკს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც პოლონეთი საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ იჩენს, ასევე, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისთვის.
საქართველოს პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის ეკონომიკურ, კულტურულ-ჰუმანიტარულ ურთიერთობებს, სოფლის მეურნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში პოლონური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
„მოხარული ვარ, რომ გავიცანი ჩემი პოლონელი კოლეგა და მოგვეცა საშუალება გვესაუბრა მრავალ საკითხზე. მე იგი მოვიპატიჟე საქართველოში და იმედი მაქვს, რომ ახლო პერიოდში შეძლებს ვიზიტის განხორციელებას. ჩვენი შეხვედრა გვაძლევს საფუძველს, რათა მომავალში გავაღრმაოთ ურთიერთობები და მოხარული ვიქნები, თუ მომავალშიც გვექნება პოლონეთისგან ასეთი დიდი მხარდაჭერა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერმა მზადყოფნა გამოთქვა, მიიღოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.
თუ გავითვალისწინებთ, რომ დასავლელი დიპლომატები აქამდე სხვაგვარ პოზიციას იკავებდნენ და სააკაშვილის და მისი რეჟიმის უმწიკვლობაზე თავს დებდნენ, ამ მხრივ დონალდ ტუსკის პოზიცია ბევრად უფრო რეალისტურია. საინტერესოა, რომ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა, დონალდ ტუსკის გული მოეგო და პოლონეთის პრემიერ-მინისტრს ევროპის ყველაზე წარმატებული მთავრობის ხელმძღვანელად მოიხსენიებდა და მას არწმუნებდა, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იყო კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, რაც მისი მთავრობის დამსახურება იყო.
მეტიც, ამ რამდენიმე წლის წინ სააკაშვილმა დონალდ ტუსკს საქართველოს ნაკრების მაისური გადასცა იმის დასტურად, რომ სიმბოლური თვალსაზრისით, მასთან ერთად უწევდა „მსოფლიო პოლიტიკაში თამაში“.
დონალდ ტუსკთან პრემიერ ივანიშვილის ახლანდელი შეხვედრის შეფასება ვთხოვეთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი ვოლსკის.
მისი თქმით, ახალი ხელისუფლების მიმართ დონალდ ტუსკის თბილი სიტყვები ადასტურებს იმას, რომ ეს პირადად დონალდ ტუსკის მიდგომა კი არ არის, არამედ საერთაშორისო საზოგადოება რეალურ ინფორმაციას იგებს საქართველოს შესახებ. თუკი არჩევნების შემდეგ ევროპაში რამდენიმე თვის მანძილზე ამ მხრივ კრიზისი იყო და იმხელა დოზით გადიოდა ინფორმაცია, რომ თურმე დასავლური ფასეულობის დამცველ ერთადერთ ძალას წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობა“, ახლა ვითარება შეიცვალა. ამდენად, გარკვეული მუშაობა იყო საჭირო, რათა გაგვეტანა რეალური ინფორმაცია.
გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში პოლონელ ევროპარლამენტარებთან პირადად ჰქონდა შეხვედრა, ასევე, ესაუბრა პოლონეთის სეიმის წარმომადგენლებს, პოლონელ ჟურნალისტებს და მათი შეკითხვები გაცილებით უფრო ღრმა და მრავლისმომცველი იყო, ვიდრე ადრე.
„ამის გამოხატულებაა ტუსკის განცხადება. ესაა პოლონეთის პოლიტიკური სპექტრის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით. საერთოდ, ასეა ყოველთვის, როცა ახალი ხელისუფლება მოდის, დეზინფორმაციის დიდი დოზის გადალახვას გარკვეული პერიოდი სჭირდება. თუმცა, ფაქტია, მრავალრიცხოვანმა დელეგაციებმა, რომელთა მოწვევის ინიციატორი თავად პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იყო, საკითხების ადგილზე გაცნობამ, ბევრი რამ შეცვალა. თუნდაც ნაციონალების ახლანდელი ლიდერების საპრეზიდენტო კამპანიას დააკვირდით, ყველა ერთხმად ცდილობს, გაემიჯნოს წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულს. ვერ შევუქებდი ასეთ „ვაჟკაცურ“ საქციელს ნაციონალებს, რადგან განცხადების გარდა, კონკრეტული საქმიანობაა საჭირო, აუცილებელია რაღაცების აღიარება და საკუთარ თავზე აღება, რათა ქართული საზოგადოების წინაშე იყვნენ მართლები,“ - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, სააკაშვილმა გარკვეული ატმოსფერო შექმნა საკუთარი თავის გარშემო, ცდილობდა და დღესაც ცდილობს, ერთი კაცის თამაში ითამაშოს. ასე მოხდა ამ ორიოდე წლის წინაც, როცა მან „მსოფლიო პოლიტიკაში მოთამაშედ“ წარმოაჩინა თავი. ეს იმიტომ მოხდა, რომ მაშინ არ იყო სხვა მოთამაშე პოლიტიკურ ასპარეზზე და სააკაშვილსაც დაპყრობილი ჰქონდა მთელი პოლიტიკური სფერო. თუმცა, რეალურად, გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, სააკაშვილი რომ საერთაშორისო პოლიტიკურ თამაშებში გონიერი მოთამაშე ყოფილიყო, ასეთ დღეში არ ჩააგდებდა საქართველოს, ტერიტორიების 20 %-ს ოკუპირებულად არ აქცევდა, ხოლო ჩვენს საზოგადოებას ამდენ მორალურ და ფიზიკურ დარტყმას არ მიაყენებდა.
„ტუსკი არა მარტო პრემიერია, არამედ სერიოზული პოლიტიკური ფიგურაა, რომელმაც გავლენა მოახდინა პროცესებზე. ის მართლაც სერიოზული მოთამაშე გახლდათ საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომაც სააკაშვილმა თავისი თავის მიწებება გადაწყვიტა ამ სერიოზულ თამაშებში. სააკაშვილი ტუსკს ძალიან ცუდად ეტმასნებოდა, მაგრამ მისი ფანდები მხოლოდ რიტორიკული იყო და არა საქმიანი“, - გვითხრა გიორგი ვოლსკიმ.