საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების დათვალიერებას განაგრძობს. დღეს, ირაკლი ალასანია დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სამხედრო ნაწილებში სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს პირადად გაეცნო.
დასავლეთ საქართველოში მდებარე სამხედრო ქვედანაყოფებში გარე კომუნიკაციების რეაბილიტაცია, შენობა-ნაგებობების სარემონტო სამუშაოები და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. სამხედრო მოსამსახურეებისთვის შენდება სასადილოები, კაპიტალური რემონტი უტარდებათ ყაზარმებს. თავდაცვის მინისტრს სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისა და გრაფიკის, ასევე, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მშენებლებმა მიაწოდეს.
“დღეს, სენაკის II ქვეით ბრიგადაში გვაქვს შემოწმება, თუ როგორ მიმდინარეობს სამუშაოები. უკვე ექვსი ყაზარმის გაკეთება დაიწყო, დანარჩენი ცამეტი დაგეგმილ ვადაში გაკეთდება. მე, როგორც დავპირდი, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ჯარს ყველა პირობას შეუქმნის, რათა მისია ღირსეულად შეასრულონ“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს მასშტაბით ყველა სამხედრო ბაზაზე მასიური სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებლობას თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ღია ტენდერში გამარჯვებული კომპანიები აწარმოებენ.