ოპოზიციური პარტიები საარჩევნო გარემოს გაუარესებაზე საუბრობენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში, ნათქვამია, რომ 2013 წლის ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი წინაპირობების არარსებობის გამო, არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დგება. ოპოზიციის განცხადებით, ის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მეორე ეტაპისთვის ემზადებოდა, მაგრამ 15 ივლისს, ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციების გარეშე გაკეთდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის და პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადება, იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან უკვე შეთანხმებული ცვლილებების განხორციელებაზეც კი უარს ამბობს.
„ამ განცხადების პარალელურად, შეინიშნება საარჩევნო გარემოს გაუარესების კუთხით სხვა შემაშფოთებელი სიგნალებიც - ამომრჩეველთა სიიდან რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების ამოღება, ადმინისტრაციული და პოლიციური რესურსების მობილიზაცია, საარჩევნო ადმინისტრაციის და მედიის მკაცრი კონტროლი და პოლარიზაცია. აღსანიშნავია, რომ თითოეულ ამ საკითხზე დღევანდელი ხელისუფლება კატეგორიულად უარს ამბობს ე.წ „რვიანის“ წინადადებებზე, რომელთა შემუშავებაშიც თავად მონაწილეობდა წინა ხელისუფლების პერიოდში“, - ნათქვამია განცხადებაში.
არასაპარლაენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მოუწოდებენ მმართველ გუნდს, მოახდინოს შეთანხმებული კანონპროექტების ინიცირება პარლამენტში და მათი დროული იმპლემენტაცია, ასევე დაუყოვნებლივ განაახლოს დიალოგი ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოდოებასთან საარჩევნო გარემოს დემოკრატიული რეფორმების მიზნით. განცხადებას ხელს აწერენ "ახალი მემარჯვენეები", "დემოკრატიული მოძრაობა", "თავისუფალი საქართველო", "ლეიბორისტული პარტია", "ქართული დასი" და "ქრისტიან-დემოკრატები".
უფრო კონკრეტულად რა პრეტენზიები აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციას მმართველი გუნდის მიმართ და რას გულისხმობენ ისინი საარჩევნო გარემოს გაუარესებაში, ამასთან დაკავშირებით for.ge „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარეს, კახა კუკავას ესაუბრა.
კუკავა აღნიშნავს, რომ ადრე საარჩევნო საკითხებზე სამუშაოდ ინტერპარტიული ჯგუფები იქმნებოდა ხოლმე, ახალმა ხელისუფლებამ კი ინტერპარტიულის ნაცვლად ინტეფრაქციული ჯგუფი შექმნა, რითიც არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების სტატუსი დააკნინა, თუმცა მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ კონსტრუქციულობა გამოიჩინა და ამ საკითხის განხილვაში მაინც ჩაერთო. კონსულტაციების პროცესში მოხდა ორ საკითხზე შეთანხმება, კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა და პარტიების დაფინანსების საკითხი. კუკავას თქმით, ხელმოწერილი იქნა მემორანდუმი, რომელსაც ხელს აწერდა „ქართული ოცნებაც“ და არასაპარლამენტო ოპოზიციაც.
„უეცრად ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე გუშინწინ ზაქარია ქუცნაშვილისგან ჩვენ ვიგებთ, რომ ეს ინიციატივა უკან არის გაწვეული, რამაც ბუნებრივია, გამოიწვია ძალიან მძაფრი რეაქცია, როგორც ოპოზიციისგან, ასევე სამოქალაქო სექტორისგან და უახლოეს დღეებში საერთაშორისო ორგანიზაციებისგანაც ძალიან მძაფრი შეფასება იქნება, რადგან არ შეიძლება საარჩევნო გარემო მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტი იყოს, ამ საკითხზე უნდა არსებობდეს კონსენსუსი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის“, - აცხადებს კახა კუკავა.
იგი ასახელებს იმ საკითხებს, რომლებიც მისი თქმით, ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუარესებაზე მეტყველებს. კუკავას თქმით, პირველი პრობლემა არის ის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში საარჩევნო სუბიექტებს შორის ყოველთვის მეტნაკლები პარიტეტი იყო ხოლმე დაცული, ახლა კი საარჩევნო ადმინისტრაციაში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ არიან წარმოდგენილები, ყველა სხვა პარტიის წარმომადგენლობა კი გაუქმებულია, რაც კუკავას თქმით, გულისხმობს იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში ელემენტარული გამჭვირვალობაც კი არ იქნება.
მეორე საკითხი კუკავას თქმით, არის ამომრჩეველთა სია, რაზეც წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციაში მყოფი პარტიების მიერ კეთდებოდა განცხადებები, რომ სია ძალიან გაბერილია, მაგრამ ახლა ხელისუფლება ისევ იმ სიით აპირებს არჩევნების ჩატარებას. კიდევ ორი საკითხი, რაზეც ოპოზიციონერი აკეთებს აქცენტს, არის პარტიების დაფინანსება (რადგან „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას დაფინანსება არ აქვს) და მედიაგარემო.
„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქართული მედია პოლარიზებული იყოს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, რადგან, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ ეს აწყობს, ვინაიდან მისთვის სრულიად დისკრედიტირებული „ნაცმოძრაობა“ კონკურენტს არ წარმოადგენს.
მედიაგარემოსთან დაკავშირებითაც მაგალითები უხვად გვაქვს. ინგა გრიგოლიას გადაცემა, რომელიც ჯერ კიდევ აპრილში დაანონსდა, ივლისის მდგომარეობით არ არის ეთერში გასული და სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე არც გავა. „მეცრე ახრი“, რომელიც თითქოსდა რომელიღაც კერძო კომპანიის მენეჯმენტში უნდა გადაცემულიყო, დღესაც არ არის გადაცემული. ასევე დაიხურა ნინო შუბლაძის გადაცემა „პოზიცია“ და ა.შ.“, - აღნიშნავს კუკავა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საარჩევნო დავების განხილვის წესიც ისევ იგივეა, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო.
ოპოზიციის განცხადებას საპარლამენტი უმრავლესობის წევრი, ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი, ზაქარია ქუცნაშვილი პასუხობს. მისი თქმით, ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ცნობილი იყო, თუკი მხარეებს შორის კონსესუსი ვერ შედგებოდა, საპარლამენტო უმრავლესობა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით დამოუკიდებლად არ მიიღებდა გადაწყვეტილებას. ამიტომ დეპუტატის თქმით, ეს საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გადაიდო.
„მათ იცოდნენ, რომ საერთო შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში კოალიცია „ქართული ოცნება“ ამ პასუხისმგებლობას თავის თავზე ვერ აიღებდა, რომ საკითხი უმრავლესობის პრინციპით გადაეწყვიტა. ჩვენი მიდგომა იყო კონსენსუსის პრინციპი, მაგრამ რადგან კონსენსუსი ვერ შედგა, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაიჭირა ასეთი პოზიცია - ასეთ შემთხვევაში დაფინანსების გაზრდის საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გადავდოთ“, - ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.
მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამოკვეთავს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობენ. დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ ერთადერთი საკითხი, რაზეც არასაპარლამენტო ოპოზიციას შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს, ეს არის დაფინანსების საკითხი.
„საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი, კახი კახიშვილი აღნიშნავს, რომ დღეს ბევრად კარგი საარჩევნო გარემოა, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში, ოქტომბრის სარაპლამენტო არჩევნებამდე იყო. ექსპერტის თქმით, „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ყველანაირი ზეწოლა ხორციელდებოდა როგორც ოპოზიციური პარტიების ლიდერებზე, ასევე მათ მხარდამჭერებზე. საამისოდ გამოყენებული იყო ფინანსური პოლიცია და ფულადი სანქციები, ასევე საპატრულო პოლიცია, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერებს აჯარიმებდა, ხოლო სოდ-ი და კუდ-ი აშინებდა და „ავერბოვკებდა“ ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და მხარდამჭერებს, ამასთანავე პროვოცირებული ქმედებების შედეგად ოპოზიციის წარმომადგენლებს იჭერდნენ.
„აღარაფერს ვამბობ საარჩევნო ადმინისტრაციაზე, სადაც სხვადასხვა მანიპულაციების გზით ახდენდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშვნას. ამიტომ ამ კუთხით საარჩევნო გარემოს მაშინდელთან შედარებაც კი შეუძლებელია. საამისო არგუმენტად მხოლოდ ისიც გამოდგება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა საარჩევნო პროცესებში არ არიან ჩართულები. ხოლო თუ ზოგადად ვისაუბრებთ საარჩევნო გარემოზე, სამწუხაროდ, დღევანდელმა პარლამენტმა ვერ მოახერხა, რომ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დაეწყო მუშაობა“, - ამბობს კახი კახიშვილი.
იგი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსი მთლიანად ხელახლა უნდა შეიქმნას და ეს მოხდეს როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პარტიების და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით. ექსპერტი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ დღეს საქართველოში გვაქვს საარჩევნო კოდექსი, რომელიც წლების განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ სურვილების შესაბამისად იცვლებოდა და მმართველ პოლიტიკურ ძალას ძალიან ბევრ შესაძლებლობას აძლევს. კახიშვილის თქმით, დღეს საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს ფორს-მაჟორულ სიტუაციაში რაღაცნაირად შეცვალოს საარჩევნო კოდექსი, მაგრამ აქვე ექსპერტი აღნიშნავს, რომ კოდექსი იმდენად უმოქმედოა და ისეა პარტიულ ინტერესებზე მორგებული, რომ მისი ასეთი ფასადური ცვლილებებით გაუმჯობესება შეუძლებელია.
კახიშვილი ეთანხმება კახა კუკავას იმაში, რომ როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციაში მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი, ეს ნიშნავს იმას, რომ მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები ყველა გადაწყვეტილებას საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად ირგებენ. ამიტომ კახი კახიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე მაინც იქნებ მოესწროს საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესება, რადგან ეს საარჩევნო კოდექსი საერთოდ არ შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტებს.
დაბოლოს, კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს აუცილებლად უნდა მიეცეთ დაფინანსება თუნდაც იმ ფარგლებში, რომ საოფისე და აპარატის შესანახი ხარჯებით უზრუნველყოფილები იყვნენ, რადგან ასეთი ხარჯები პარტიების განვითარებისთვის აუცილებელია. ექსპერტი თვლის, რომ არანაირი პრობლემა ამ გადაწყვეტილების მიღებაში არ არსებობს და მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკური ნება სჭირდება.