„თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტში შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარის, ზაქარია ქუცნაშვილის გადაყენებას ითხოვს. ამის შესახებ განაცხადება დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში „თავისუფალი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ალექსანდრე შალამბერიძემ გააკეთა. მისი თქმით, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ ივლისის დასაწყისში ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში ხელისუფლებასა და არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული იქნა შეთანხმების პირველი ეტაპი საარჩევნო კოდექსისა და „პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონებთან დაკავშირებით, თუმცა მოულოდნელად ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციასთან უკვე შეთანხმებული ცვლილებების განხორციელებაზეც კი.
შალამბერიძის თქმით, ქუცნაშვილის ამ განცხადებით საარჩევნო გარემო დარჩა იმ გაუარესებულ მდგომარეობაში, როგორშიც „ნაცმოძრაობის“ დროს იყო. კერძოდ, ძალაში დარჩა ყბადაღებული ნორმა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურ პარტიებს ეკრძალებათ იურიდიული პირების მხრიდან დაფინანსება და ფიზიკურ პირებს, ვინც პარტიებს დააფინანსებს, მკაცრი ფინანსური სანქციები ედებათ. ალექსანდრე შალამბერიძე ამბობს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები ჩავარდა იმ მოტივით, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი, ზაქარია ქუცნაშვილი ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და მთელი სამი თვის განმავლობაში ამ ჯგუფის მიერ გაწეული შრომა ერთი ხელის მოსმით გადაყარა წყალში. ამიტომ „თავისუფალი საქართველოს“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს ინტერფრაქციული ჯგუფი სხვა პოლიტიკურ პარტიებთან შეუთანხმებლად ხვდება.
„მიგვაჩნია, რომ საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პროცესი გადაიდო. სწორედ ამიტომ „თავისუფალი საქართველო“ აყენებს საკითხს, რომ ზაქარია ქუცნაშვილი, რომელმაც ვერ შეძლო მის წინაშე მდგარ გამოწვევებს გამკლავებოდა, გადაყენებულ იქნეს ამ თანამდებობიდან და შერჩეული იქნეს ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც ამ საქმეს გაუძღვება, რომელსაც აქვს დიპლომატიის და გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რაც შესაძლებელს გახდის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს“, - აცხადებს ალექსანდრე შალამბერიძე.
მისი თქმით, „თავისუფალი საქართველო“ მმართველ გუნდს მოუწოდებს ქუცნაშვილის შემცვლელად წამოაყენონ მაგალითად ელისო ჩაფიძის, ან გედევან ფოფხაძის კანდიდატურა, რადგან მათ ზაქარია ქუცნაშვილზე უკეთესად შეუძლიათ ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში განსახილველი საკითხების მოგვარება.
ბატონო ალექსანდრე, თქვენ ფიქრობთ, რომ შეთანხმებული საკითხების ჩავარდნა არ არის მმართველი გუნდის პოლიტიკა და მხოლოდ კონკრეტულ პერსონებს უკავშირდება?
- ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, როდესაც ურეკში უმრავლესობის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე ეს საკითხი დაისვა, ზაქარია ქუცნაშვილს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს იმაზე, თუ რა პრობლემებია სახეზე და რა საკითხები გადაწყდა. მიგვაჩნია, რომ იქ აუცილებელი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე საუბარი. კერძოდ, საქმე იმაშია, რომ ამ შეთანხმებას სამმა პარტიამ არ მოაწერა ხელი და ერთ-ერთი მათგანი არის „მწვანეთა პარტია“, რომელიც პარლამენტში არის, მაგრამ ამ პროცესში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია და ისე მოხდა, რომ იტყვიან, კუმ ფეხი გამოყოო.
რაც შეეხება ზაქარია ქუცნაშვილს, როდესაც ასეთ პოზიციაზე ხარ დანიშნული, უნდა შეგეძლოს შენი პოზიციის დაცვა, როგორც პარტიის ლიდერის, ასევე პრემიერ-მინისტრის წინაშე. მან რომ ვერ შეძლო ამ პოზიციის დაცვა, ანუ შეშინდა, სწორედ ამის გამო ვაყენებთ ქუცნაშვილის გადაყენების საკითხს. ისე ზოგადად ეს საკითხი „ცეკა“-ს დონეზე კი არ უნდა გადაწყვეტილიყო (ანუ ურეკში პორტიული შეკრების დონეზე), არამედ ეს არის ინტერფრაქციული და ამას დამატებული ინტერპარტიულ დონეზე გადასაწყვეტი საკითხი, რადგან მთელი პოლიტიკური სპექტრის შეთანხმების საგანს წარმოადგენდა.
როგორ ფიქრობთ, თუნდაც ქუცნაშვილი გადადგეს, ეს პროცესები საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოესწრება?
- რა თქმა უნდა, მოესწრება, რადგან ამ შემთხვევაში არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა დგას. როდესაც ჩვენ საერთო კონსენსუსზე ვსაუბრობთ, ზუსტად ეს ანიჭებს ხიბლს არჩევნების შედეგებს. თუ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური სპექტრის ძირითადმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა იმ შედეგებს, რომელსაც ცესკო დადებს, გამოვა ისე, რომ ეს არჩევნები არ იქნება ლეგიტიმური. სწორედ ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ იყოს საერთო შეთანხმება და ამაზე თანახმა უნდა იყვნენ არა მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც არ არიან პარლამენტში (ანუ სუსტი პოლიტიკური პარტიები), არამედ ძლიერი პარტიებიც. კომპრომისი ძლიერისგან არის საინტერესო და როდესაც „ქართული ოცნება“ კომპრომისებზე მიდის, ჩვენთვის, ანუ არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის ძალიან დასაფასებელია, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ამ პროექტის ჩავარდნა მოხდა სწორედ იმ დროს, როდესაც უკვე მისი დამტკიცება უნდა მომხდარიყო.
არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაც მოითხოვეთ და ამ დროს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უკვე 24-26 ივლისს არის ჩანიშნული და სწორედ ამ სხდომაზე უნდა განხილულიყო ეს საკითხები. რამე პასუხი თუ მიიღეთ და მოესწრება თუ არა პრემიერთან შეხვედრა?
- გუშინ ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ ვინაიდან ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი ვერ წყვეტს ამ პრობლემას, ამიტომ შევხვდეთ სწორედ იმ ადამიანს, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, ანუ პრემიერ-მინისტრს. სხვათაშორის, პრემიერ-მინისტრმა ვილნიუსში გააჟღერა, რომ მოწადინებულია საქართველოში არნახულად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს.
მინდა ვთქვა, რომ მართალია 24-26 ივლისს არის ჩანიშნული ამ საკითხების განხილვა, მაგრამ დრო საკმარისია, რადგან ეს საკითხები უკვე დამუშავებულია. უფრო მეტსაც გეტყვით, ვიდრე ურეკის შეხვედრა ჩატარდებოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე ბიუროზე გასატანად მოამზადა ეს საკითხები, მაგრამ შაბათის შემდეგ აირია ვითარება. ამიტომ მთავარია, პოლიტიკური ნება და გვინდა ყველა მიხვდეს, რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსი საიმისოდ, რომ მომავალ არჩევნებს მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს.
თუკი შედგება პრემიერთან შეხვედრა, თქვენი აუცილებელი პირობა იქნება ქუცნაშვილის გადაყენება, თუ ამის გარეშეც შეიძლება რაღაც მოლაპარაკებაზე წახვიდეთ?
- არა, ჩვენთვის მთავარია შედეგი და ჩვენ არ ვართ პერსონებზე ორიენტირებულები. ამიტომ თუკი დადგება ის შედეგი, რაც ფართო კონსენსუსის შედეგად იყო მიღწეული, ჩვენი მიზანი მიღწეულად ჩაითვლება.“