დროა, ოპოზიციამ თვალი გაუსწოროს რეალობას და მიხვდეს, რომ მისი წარუმატებლობის მიზეზი, ამ დრომდე, არის მის მიერ დაშვებული მსუყე შეცდომები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„როდესაც ოპოზიციონერები ხედავენ რეზულტატებს, რომელიც მათთვის არახელსაყრელია და არასასურველია უბრალოდ, ვერცერთი კანონზომიერება ვერ ამოიკითხება Gorb-ის კვლევაში ისეთი, რომელიც შეიძლება ხელსაყრელი აღმოჩნდეს ოპოზიციისთვის. ასეთ პირობებში გასაგებია, რომ ისინი დაიწყებენ რაღაც ახსნების ძიებას, რომელიც უფრო კონსპირაციის თეორიიდან იქნება. ასეთია მოცემულობა ამასთან დაკავშირებით. უმჯობესია, რეალობას თვალი გაუსწოროს ოპოზიციამაც და მიხვდეს, რომ მიზეზი მათი წარუმატებლობისა, ამ დრომდე არის მათ მიერ დაშვებული მსუყე შეცდომები“, - განაცხადა სარჯველაძემ.
GORBI-ს მიერ გამოკითხული რესპონდენტების 81% ამბობს, რომ ემხრობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკას, არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %.