მნიშვნელოვან სამართლებრივ დოკუმენტებში გაპარული იყო, თუ შეგნებულად იყო ჩაწერილი, მაგრამ ფაქტია, იყო ჩაწერილი მათი შეფასებით ან თანხმობით ის, რომ ქართულ მხარესაც მიუძღოდა ბრალი საომარ მოქმედებებში, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.
მან კომენტარი ჰააგის სასამართლოს გუშინდელ რეზოლუციაზე გააკეთა.
„რა შეიძლება ყოფილიყო ისეთი ფაქტორები, რასაც შეეძლო უარყოფითი გავლენა ჰქონოდა ამ პროცესებზე. ეს გახლავთ, მათ შორის, სააკაშვილის მმართველობის დროს დაშვებული ძალიან დიდი შეცდომები. თუ შევჩერდებით ამაზე და დავარქმევთ ამ ყველაფერს შეცდომას და არა დანაშაულს. მნიშვნელოვან სამართლებრივ დოკუმენტებში გაპარული იყო, თუ შეგნებულად იყო ჩაწერილი, მაგრამ ფაქტია, იყო ჩაწერილი მათი შეფასებით ან თანხმობით ის, რომ ქართულ მხარესაც მიუძღოდა ბრალი იქ საომარ მოქმედებებში, ცალკეულ ომის დანაშაულებში და ასე შემდეგ“, - განაცხადა სარჯველაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაზემ გუშინ საპარლამენტო ტრიბუნიდან დეპუტატებს ჰააგის სასამართლოს რეზოლუციის მე-11 პუნქტის შინაარსი წაუკითხა და „ნაცმოძრაობას“ მიმართა - თავის დროზე ომის რა დანაშაულები აღიარეს მათ და რაზე მოაწერეს ხელი.
ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დასრულდა.