ქალბატონო ხათუნა [სამნიძე], თქვენი საქციელი სამარცხვინოა - მანდატურს მივმართავ- აეფარეთ წინ, რომ ქალბატონი ხათუნა დამშვიდდეს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის მისამართით მას შემდეგ განაცხადა, რაც იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან, წინა ხელისუფლების პერიოდთან დაკავშირებული ერთ-ერთი მსჯავრდებულის საქმეზე, წამებისა და გაუპატიურების ფაქტების შესახებ ამონარიდის წაკითხვას, ოპოზიციის დეპუტატების მხრიდან ხმაური მოჰყვა.
პაპუაშვილმა სამნიძე გააფრთხილა, რომ მომდევნო ჯერზე, როდესაც მისი ნებართვის გარეშე საუბარს დაიწყებს, სხდომათა დარბაზს დაატოვებინებს.
„ქალბატონო ხათუნა [სამნიძე], ბოლო შენიშვნას გაძლევთ - ახლა რასაც აკეთებთ, პარლამენტის უპატივცემულობაა. 4 მანდატური დგას თქვენთან, პატივი ეცით საკუთარ თავს მაინც. მანდატურს მივმართავ- აეფარეთ წინ, რომ ქალბატონი ხათუნა დამშვიდდეს. ქალბატონო ხათუნა, თქვენი საქციელი სამარცხვინოა. როგორც კი მიკროფონის და ჩემგან ნებართვის გარეშე დაიწყებთ საუბარს, დაგატოვებინებთ დარბაზს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, სხდომათა დარბაზიდან გაკეთებული რეპლიკების გამო პაპუაშვილმა სამნიძეს უთხრა, რომ „ფარისევლური ემოციების გამოხატვა საჭირო არაა“.
„ემოციების გარეშე მოუსმინეთ ამ ყველაფერს. ქალბატონო ხათუნა. თქვენ თუ გაინტერესებთ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლები, უნდა ჩამოყალიბდეთ, სად დგახართ. ფარისევლური ემოციების გამოხატვა, პანიკის მოწყობა და მსხვერპლების სახელით საუბარი საჭირო არაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა