მამუკა მდინარაძე ჰააგაში აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების დასრულებაზე: იმის მიუხედავად, რომ გვყავდა წინა ხელისუფლება, რომელიც „ისკანდერის“ ნაწილებს მალავდა, იუსტიციის სამინისტრომ მოახერხა, რომ ქართულ სახელმწიფოს მოეპოვებინა გამარჯვება

მამუკა მდინარაძე ჰააგაში აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების დასრულებაზე: იმის მიუხედავად, რომ გვყავდა წინა ხელისუფლება, რომელიც „ისკანდერის“ ნაწილებს მალავდა, იუსტიციის სამინისტრომ მოახერხა, რომ ქართულ სახელმწიფოს მოეპოვებინა გამარჯვება

მინდა ქართულ სახელმწიფოს მივულოცო გამარჯვება, რომელსაც დიდი ხანია ველოდით, - ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აგვისტოს ომზე საქმის გამოძიების დასრულებას. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„დიდი ხანია ველოდით ამ გამარჯვებას. იმის მიუხედავად, რომ გვყავდა წინა ხელისუფლება, რომელიც „ისკანდერის“ ნაწილებს მალავდა ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებისგან, გვყავდა წინა ხელისუფლება რომელიც ძალიან ცნობილ რეზოლუციაში ხელს აწერდა და მხარს უჭერდა მოცემულობას, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები და რუსეთის შეტევა იყო საპასუხო, იუსტიციის სამინისტრომ დიდი მცდელობით, დიდი შრომით მოახერხა, რომ ქართულ სახელმწიფოს მოეპოვებინა გამარჯვება და ეს გამარჯვება დღევანდელი დღით დაგვირგვინებულიყო. მაშინ, როდესაც ჰააგის პროკურორმა დახურა გამოძიება და ეჭვმიტანილები არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომელთაგანაც არცერთი არ წარმოადგენს ქართულ სახელმწიფოს. მხოლოდ მათი დადანაშაულება ნიშნავს იმას, რომ ქართულმა სახელმწიფომ ეს ბრძოლა, ეს დიდი ომი საერთაშორისო სასამართლოში მოიგო და ეს არის მისალოცი ამბავი ქართული სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა მდინარაძემ.

ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დასრულდა.