იუსტიციის სამინისტროში კერძო მევახშეობასთან დაკავშირებით შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელმაც ამ სფეროში მეტი სიცხადე უნდა შეიტანოს. ოფიციალური ინფორმაციით, კანონპროექტს პარლამენტი შემოდგომაზე დაამტკიცებს. მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, ადამიანებს აღარ დასჭირდებათ პროცენტზე პროცენტის გადახდა, ხოლო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დამტკიცდება სანოტარო წესით, რათა მსესხებლის მდგომარეობა მევალემ ბოროტად არ გამოიყენოს. სწორედ ამ პრობლემის შესახებ ვესაუბრეთ "ჯორჯიან ბიზნეს ინსაიტის" გენერალურ დირექტორ ირაკლი ლექვინაძეს:
- რეგულაციები, რომლის დაწესებასაც აპირებენ, საკმაოდ ძნელი შესასრულებელია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც კერძო მევახშეობით არის დაკავებული, ამას არ ახმაურებს. მეორე - ძალიან ხშირად ადამიანს, რომელიც მიდის მევახშესთან და მისგან ფულს სესხულობს, სხვა გზა უბრალოდ არა აქვს: მას სესხის გაცემაზე ბანკიც უარს ეუბნება და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაც... ყველაფერი დამოკიდებული იქნება თვით კანონზე და მის შესრულებაზე, რამდენად მოექცევიან კანონის არეალში ადამიანები, რომლებიც კერძო მევახშეობით არიან დაკავებული, მით უმეტეს, რომ მათი აღრიცხვა ძალიან ძნელია. ხშირად მევახშეები და კერძო იპოთეკარები სხედან უძრავ-მოძრავი ქონების სააგენტოებში, იმიტომ, რომ იქ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები მიმდინარეობს. პირი, რომელიც კერძო მევახშეობით არის დაკავებული, სულ მცირე, რეგისტრირებული მაინც უნდა იყოს, სხვაგვარად თითქმის შეუძლებელია ამ სფეროს გაკონტროლება.
- როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, უნდა დაწესდეს ზედა ზღვარი, ნიხრი, რომ მსესხებელს პროცენტის გადახდა არ გაუჭირდეს.
- რამდენად იქნება დაცული ეს ზღვარი, ძალიან საეჭვოა. როგორც წესი, ამგვარ გარიგებაში მონაწილეობს ორი ადამიანი, რომელთა ინტერესებში შედის, რომ ინფორმაცია მათ შორის დარჩეს და უცხო პირმა არ გაიგოს. უმეტეს შემთხვევაში მსგავსი გარიგება ზეპირია, თუმცა, როდესაც ადამიანი იძულებულია სესხის ნაცვლად უძრავი ქონება ჩადოს, მაშინ გარიგება ნოტარიულადაც მოწმდება. ამ დროს ხელშეკრულებაც იდება და იქ გარკვეული პირობები იწერება, მაგრამ ესეც არ არის გარანტი: შეიძლება ორივე მხარე მორიგდეს, ხელშეკრულებაში ჩაიწეროს სულ სხვა რამ, მაგრამ რეალურად პროცენტი სულ სხვა იყოს. როგორც გითხარით, საკმაოდ რთული, გაუმჭვირვალე სფეროა, ამიტომ ყურადღება იმ ადამიანებზე უნდა გადავიტანოთ, რომლებიც მევახშესთან მიდიან და სესხს იღებენ. მათ უნდა ავუხსნათ, რომ ძალზე ხშირად ამგვარი გარიგება ქონების დაკარგვით მთავრდება, მათ უნდა იცოდნენ, რას აწერენ ხელს და უღირთ თუ არა აღებული თანხა საცხოვრებლის დაკარგვად...
- შეიძლება მევახშის პირობები უფრო კაბალური იყოს, მაგრამ მასთან მიდის ის, ვისაც სესხის გაცემაზე უარი უთხრა ბანკმაც და მიკროსაფინანსო ორგანიზაციამაც, სადაც ამ ტიპის მომსახურება საკმაოდ ძვირია. სწორედ ისინი დგამენ ამგვარ სარისკო ნაბიჯს. რატომ რისკავენ?
- იმიტომ, რომ კერძო მევახშესთან ურთიერთობა გაცილებით მარტივია, ის არ მოითხოვს არანაირ შემოსავალს, არც საბუთებსა და დოკუმენტებს სამუშაო ადგილიდან, მას აინტერესებს მხოლოდ ქონება, რომელიც მსესხებელმა თანხის ნაცვლად უნდა ჩადოს. ამიტომ, აქ ლაპარაკია არა იმდენად ხელსაყრელ პირობებზე, რამდენადაც სიმარტივეზე. მართალია, კერძო მევახშეების პირობები ხშირად კაბალურია, მაგრამ ისინი არ მოითხოვენ იმდენ გარანტიას ან იმდენ დოკუმენტს, რასაც ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოითხოვს. ეს სიმარტივე და ალტერნატიული გზის არარსებობაა მევახშესთან მისვლის მიზეზი.