წალკიდან დაბრუნებულმა ეკომიგრანტებმა აჭარის მთავრობის შენობასთან შიმშილობის აქცია შეწყვიტეს და პროტესტის კიდევ უფრო რადიკალური ფორმისთვის ორდღიანი ტაიმ-აუტი აიღეს.
ეკომიგრირებულების განცხადებით, 9-დღიანი რადიკალური მცდელობა მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად უშედეგო აღმოჩნდა. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
შიმშილობის შეწყვეტამდე წალკიდან დაბრუნებულმა ოჯახებმა სასტუმრო „შერატონთან“ აქცია გამართეს, სადაც ევროკომისრისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ორმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. უკუმიგრირებულები პრემიერ-მინისტრთან ან მთავრობის სხვა წევრთან შეხვედრას ითხოვდნენ.
ამასობაში კი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, დავით დარახველიძის ინიციატივით, სპეციალურმა ჯგუფმა აჭარელი ეკომიგრანტების პრობლემები შეისწავლა. საუბარია 144 ოჯახზე, რომელთა ნაწილი წალკიდან ბათუმში ჩავიდა, რადგან წალკაში არც საკმარისი მიწა გააჩნიათ და შიში აქვთ, რომ ბერძნები (რომლის სახლებშიც ცხოვრობენ) სახლების დაცლას მოითხოვენ. მინისტრი აღნიშნულ ოჯახებს ბათუმშიც შეხვდა. ეკომიგრანტებმა შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილე და აჭარის მთავრობის წარმომადგენელიც ესწრებოდნენ, საცხოვრებელი ფართით დაუყოვნებლივ დაკმაყოფილება აჭარის ტერიტორიაზე მოითხოვეს. დარახველიძემ კი ეკომიგრანტებს საკითხის მოგვარების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა:
კერძოდ, აჭარის მთავრობის მეთაურთან შეთანხმებით, აჭარის მთავრობა მათ ერთი თვის ბინის ქირას გადაუხდიდა (კარავში რომ არ ეცხოვრათ), პარალელურად კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო წალკის მუნიციპალიტეტთან და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მათ პრობლემებს წალკაში შეისწავლიდა და შეეცდებოდა პრობლემა ადგილზევე მოგვარებულიყო. პარალელურად, აჭარის მთავრობა განიხილავდა, რა ალტერნატივა და შესაძლებლობა არსებობს, აჭარის ტერიტორიაზე მათი საბინაო პრობლემების გადასაწყვეტად.
აღნიშნული პრობლემის ადგილზე შესასწავლად სპეციალურმა ჯგუფმა წალკაში 2 კვირა იმუშავა და დეტალურად გაეცნო არსებულ მდგომარეობას. მის შემადგენლობაში იყვნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის მთავრობისა და სახელმწიფო კანცელარიის წარმომადგენლები. სამინისტროს მიერ წალკის მუნიციპალიტეტში მივლენილ ჯგუფს დავალებული ჰქონდა 144 ოჯახის მდგომარეობის შესწავლა ქალაქ წალკაში და წალკის მუნიციპალიტეტის 15 სოფელში (12 ოჯახის ნახვა ადგილზე ვერ მოხერხდა, თუმცა, მეზობლების ახლობლებისა და სოფლის რწმუნებულის დახმარებით მოგროვდა გარკვეული ინფორმაცია).
შესწავლილი 132 ოჯახიდან 54 ოჯახს (მათივე განცხადებით) აქვს გეოლოგიური დასკვნა მათი საცხოვრებელი სახლის ეროზიული მდგომარეობის შესახებ; 28 ოჯახი დაფიქსირებულია სამინისტროს მონაცემთა ბაზაში და გააჩნიათ დაზარალების კატეგორია; 50 ოჯახი წალკის მუნიციპალიტეტში ჩამოსახლდა თვითნებურად სხვადასხვა მიზეზით (გაფართოება, ეკონომიკური პრობლემები და მიწის ნაკლებობა). აღნიშნული 132 ოჯახიდან 13 ოჯახი ცხოვრობს სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ სახლში, შესაბამისად, მათ გამოსახლების არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ; 1 ოჯახი ცხოვრობს საკუთარ სახლში; დარჩენილი 117 ოჯახი ცხოვრობს ადგილობრივი ბერძნების სახლებში (რომლებიც იქ თავად, ინდივიდუალურად, სახლის მეპატრონეებთან მოლაპარაკების შედეგად ჩავიდნენ).
სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, ჯგუფმა დაადგინა, რომ რამდენიმე შემთხვევას მართლაც ჰქონდა ადგილი, როცა დაბრუნებულმა ბერძნებმა ე.წ. ეკომიგრანტებს სახლის დაცლა მოსთხოვეს, თუმცა, აღნიშნულს მასობრივი ხასიათი არ ჰქონია. გამოკითხული ოჯახების 100%, რომლებიც დღემდე ბერძნების სახლებში ცხოვრობენ, აცხადებენ, რომ მათ სახლების მეპატრონეებისგან ან შუამავალი პირებისგან უკვე მიიღეს გაფრთხილება, რომ დაცალონ საცხოვრებელი სახლები. ამ ეტაპზე, მათი გამოსახლების პრობლემა არ დგას, თუმცა ხვალ, შესაძლოა, პროცესი უფრო გააქტიურდეს. რაც შეეხება მათ მოთხოვნას აჭარაში ბინით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, აღნიშნული ოჯახები აჭარაში საცხოვრებელი ბინებით დააკმაყოფილოს.
2004 წლიდან დღემდე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სტიქით დაზარალებულებისთვის შეიძინა 1079 სახლი სხვადასხვა რაიონში (წალკა, თეთრიწყარო, მარნეული, ლაგოდეხი, ახმეტა, ნინოწმინდა). აღნიშნულ ოჯახებს, არანაირი საფრთხე ემუქრებათ, რადგანაც ისინი სახელმწიფოს მიერ შესყიდულ სახლებში ცხოვრობენ. რაც შეეხება საკუთარი სურვილით ჩასულ ოჯახებს, წალკისა და ნინოწმინდის რაიონებში აჭარიდან საცხოვებლად ჩავიდა დაახლოებთ 3 000 ოჯახი. მათ პირადი ურთიერთობა ჰქონდათ სახლების მეპატრონე ბერძენ მოქალაქეებთან და იქ ჩასვლა და ჩასახლება მოხდა დამოუკიდებლად, თუმცა, სამინისტრო მათ პრობლემებსა და საჭიროებებსაც სწავლობს და მუშაობს აღნიშნული პრობლემების მოგვარებისა და მოწესრიგების შესაძლებლობებზე.