სკანდალური „ცენტრ-პოინტის“ საქმის გამოძიება ზესკანდალურად მიმდინარეობს. პროკურატურამ იერიში რჩეულიშვილებზე მიიტანა, რჩეულიშვილებმა კი ძველი ხელისუფლების ბობოლა მოხელეებზე. უკვე დასახლდნენ გიგი უგულავა, გიორგი ქადაგიძე, ზურაბ ადეიშვილი.
„ცენტრ-პოინტის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პირველი კომენტარი გაისმა მთავრობის მხრიდან. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში „ცენტრ-პოინტთან“დაკავშირებულ ვნებათაღელვას პასუხი უნდა გაეცეს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებული პირი გამოძიების შედეგებს დაელოდოს.
„დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, მით უმეტეს, რომ ფინანსთა სამინისტრო არ იძიებს ამ საკითხს. ის ვნებათაღელვა, რაც წლების განმავლობაში უკავშირდებოდა „ცენტრ-პოინტს“, ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დასრულდეს და ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს“, -აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
თავად „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებლები პროკურატურის ბრალდების ნაწილს იზიარებენ, თუმცა ამბობენ, რომ ვალდებულებების შესრულებაში ხელი სხვადასხვა გარემოებებმა, მათ შორის, 2008 წლის ომმა შეუშალათ. ამასთან, ისინი ეროვნულ ბანკს ადანაშაულებენ და ამბობენ, „ცენტრ პოინტის“ მართვაში „დექსუსის“ შესვლის მითითება, უგულავასთან ერთად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ამცნო.
პროკურატურის ბრალდებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა რუსუდან კერვალიშვილმა. მან იმ მიზეზებზე და ვითარებებზე ისაუბრა, რამაც კომპანიას განვითარებას პრობლემები შეუქმნა, ესენია: 2008 წლის ომი და საქართველოში არასტაბილურიპოლიტიკური სიტუაცია, რაც ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის.
„ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებლის თქმით, იგი წაყენებულ ბრალდებებს სრულად არ გაცნობია, თუმცა სრულად იზიარებს მათ და მისი, როგორც კომპანიის დამფუძნებლის, კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას, პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მან ამისთვის ერთგვარი პირობაც წამოაყენა: სანაცვლოდ, კერვალიშვილი ხელისუფლებისგან კომპანიისთვის ხელშეწყობას ითხოვს, რათა მენაშენეების მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდეს.
კომპანიის ხელმძღვანელობამ მენაშენეთა მიერ კომპანიაში შეტანილი თანხები არამიზნობრივად გამოიყენა. კერვალიშვილი კი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა ამ თანხებით მიწებს ყიდულობდა. 2008 წლის ომის შემდეგ კი, მიწამ ის ღირებულება დაკარგა, მოსახლეობა კი ნაკლებ მსყიდველუნარიანი გახდა.
კერვალიშვილის განმარტებით, 2010 წლის ივნისში „ცენტრ-პოინტში“ არსებული რთული ვითარების შესახებ მან იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს უამბო და კომპანიის მდგომარეობიდან გამოსვლის გეგმაც გააცნო.
შემდეგ „ცენტრ-პოინტის“ მართვაში „დექსუსი“ შევიდა. კერვალიშვილის თქმით, „დექსუსის“ ხელმძღვანელობა ცდილობდა, პროცესებიდან მაია და ვახტანგ რჩეულიშვილები გამოთიშულიყვნენ, რის შემდეგაც, კომპანიის გადაწყობას შეძლებდნენ.
ვახტანგ რჩეულიშვილი კი მთავარ პროკურატურას მიმართავს, რომ მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება არ მოითხოვოს.
„ჩვენ ბრალდებებს არ ვეთანხმებით, თუმცა თავად ვართ დაინტერესებულნი სასამართლოთი, რათა გაირკვეს თუ ვის მიუძღვის ბრალი იმაში, რომ კომპანია ასეთ დღეში ჩავარდა“, - განაცხადა რჩეულიშვილმა.
მან იმ დეტალებზე ისაუბრა, თუ როგორ მოხვდა კომპანია „ცენტრ პოინტის“ მართვაში კომპანია „დექსუსი“.
„გიგი უგულავამ, ქალაქის მერმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ქადაგიძემ გვამცნეს გადაწყვეტილება, რომელიც შეთანხმებული იყო ადეიშვილთან, წადით სახლში და თქვენს მაგიერ „დექსუსი“ იმუშავებსო. რუსუდანი, როდესაც შევიდა პარლამენტში, ისინი ელოდნენ ფულად დახმარებას და რომ დაინახეს არ მოჰყვა პარტიის დაფინანსება, შემდეგ დაინტერესდნენ და გახდა მიმზიდველი მათთვის კომპანია. ისეთი ლუკმა დაინახეს, რომ მისი ხელიდან გაშვება აღარ მოინდომეს და ჩამოგვაცილეს“, - განაცხადა რჩეულიშვილმა და დასძინა, რომ „დექსუსს“ „ცენტრ პოინტმა“ მართვაში 92 მილიონის ქონება გადასცა.
ეროვნული ბანკში „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლის განცხადებას აბსურდულს უწოდებენ.
„აღნიშნულ აბსურდულ განცხადებაზე კი კომენტარს არ ვაკეთებთ“, - აღნიშნავენ გიორგი ქადაგიძის უწყებაში.
კიდევ უფრო მეტად ჩაიკეტა თავის ნაჭუჭში თბილისის მერია. დედაქალაქის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ თუკი გიგი უგულავა აღნიშნულზე განცხადების გაკეთებას გადაწყვეტს, ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით შეატყობინებენ.