ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში გზების დაგება ნომერ პირველ პრიორიტეტად არის მიჩნეული. თუმცა, არავის აზრად არ მოსვლია კონტროლი გაეწია კონტრაქტორი კომპანიებისთვის, რომლებიც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს იღებენ ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებისათვის. ამჯერად რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ეს სტერეოტიპი დაარღვია და საგზეო სამუშაოებზე დარღვევები აღმოაჩინა. დასახელდა კომპანიები, რომლებიც გზის საფარის მოწყობას არასრულფასოვნად ასრულებენ.
რეგიონული ინფრასტრუქტურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით, საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე, კომპანიების მიერ სამუშაოთა ხარისხიანად შესრულების შეფასების მიზნით, დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩატარდა.
“ზოგიერთ შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ხარისხი არ შეესაბამება ასფალტ-ბეტონის საფარის ქვედა და ზედა ფენის სათანადო სტანდარტებით გათვალისწინებულ პარამეტრებს, რაც ახლადრეაბილიტირებული გზის დროის მცირე მონაკვეთში დაზიანების მიზეზი ხდება. ყოველივე ეს საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ზოგიერთი კონტრაქტორი კომპანია საქმიანობას დადგენილი სახელმწიფო სტანდარტისა და კონტრაქტის დარღვევით ახორციელებს”, - განაცხადა მინისტრმა, დავით ნარმანიამ.
ხუთი სხვადასხვა გზის მონაკვეთზე, რომლებზეც ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს, ამოიჭრა დაგებული გზის საფარი და ექსპერტიზისთვის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიგზავნა. ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შემოწმებული ხუთი გზიდან ორზე ასფალტის საფარი სახელმწიფო სტანდარტს და ტენდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
დარღვევები ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-14-22-ე კმ (ორპირი-ხრესილი) მონაკვეთსა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის (ავტომაგისტრალის) 152, 159-161, 163, 164 და 166 კმ მონაკვეთებზე გამოვლინდა.
“ორივე საავტომობილო გზაზე ექსპერტიზით გამოვლინდა ასფალტ-ბეტონის ქვედა და ზედა ფენის სისქის შემცირებები, ასევე გზის ფორიანობა, დატკეპნის ხარისხი, ბიტუმის რაოდენობა, ნარევის გრანულო-მეტრიული შემადგენლობა.
ექსპერტიზამ დაადგენა, რომ ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის შესაბამის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის ქვედა ფენის სისქე, ნაცვლად 6 სმ-ისა, 5,2 სმ-ია, ხოლო ზედა ფენის სისქე, ნაცვლად 4 სმ-სა, 3,2 სმ-ია. ქვედა ფენაში ბიტუმის პროცენტის შემცველობა ზოგიერთ მონაკვეთზე 3,1%-ია, მაშინ, როცა დასაშვები ნორმა 4,5-6%-ია.
ასევე, ასფალტ-ბეტონის ზედა და ქვედა ფენებში ფორიანობის საშუალო პროცენტი 2-3-ჯერ მაღალია დასაშვებ ნორმასთან შედარებით, რაც გამოწვეულია მინერალური მასალების დაკლებით. აღნიშნული გზის მონაკვეთზე სამუშაოებს აწარმოებს სს “ერღოკატ მაკედონია ა.ტ.ე.ვ.ე.”.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზისშესაბამის მონაკვეთზე დაგებული ასფალტ-ბეტონის საფარის ზედა და ქვედა ფენებში მინერალური მასალის გრანულო-მეტრიულობის შემცველობა პროცენტულად დასაშვებ ზღვარზე 2-4-ჯერ ნაკლებია. ასევე, ასფალტ-ბეტონის ნარევში ბიტუმის შემც ელობა, ნორმასთან შედარებით, საშუალოდ, 2-4%-ით ნაკლებია. რაც შეეხება ასფალტ-ბეტონის სისქეს, ზოგიერთ მონაკვეთში 1,33 სმ-ით ნაკლებია პროექტით გათვალისწინებულ სისქესთან შედარებით. ასევე, ბიტუმის რაოდენობა, ზოგიერთ მონაკვეთში, 0.5-0.7 %-ით ნაკლებია დასაშვებ ნორმასთან შედარებით. აღნიშნული გზის მონაკვეთზე სამუშაოებს აწარმოებს შპს “მოდერნ სერვისის” საქართველოს ფილიალი”, - განაცხადა ნარმანიამ.
როგორც მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია აცხადებს,აღნიშნული კომპანიები, შესაძლოა, მომავალში შავ სიაში აღმოჩნდნენ:
“ორივე ობიექტზე მუშაობა წინა წელს დაიწყო. შემოწმებისას ჩვენ, ჯამში, 120 ნიმუში ავიღეთ და სხვადასხვა მონაკვეთზე სხვადასხვა დარღვევები დაფიქსირდა. თუკი ამ კომპანიებს გზების დეპარტამენტი შავ სიაში შეიყვანს, მაშინ ისინი მომავალში ტენდერებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ”, - აცხადებს მურღულია, რომლის ინფორმაციითაც ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ დათვლილი არაა.
რეგიონულ ინფრასტრუქტურის სამინისტრო კატეგორიულად აფრთხილებს კონტრაქტორ კომპანიებს, ნაკისრი ვალდებულებები და სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტები დაიცვან.
“ეს დარღვევები უნდა აღმოეჩინა ზედამხედველობის სამსახურს,თუმცა კომპანიები მათ პერიოდულად აწვდიდნენ ანგარიშს, რომელშიცნათქვამია, რომ ყველაფერი რიგზე იყო. ამიტომ გამოძიებამ უნდაგამოიკვლიოს დეტალები. ჩვენი მოვალეობა იყო ფაქტის გამოვლენა,დანარჩენი სამართალდამცავების კომპეტენციაა. მინდა გავაფრთხილო ყველა კომპანია, რომ შემოწმებები გაგრძელდება და ვინც შეეცდება გზის ხარისხის შემცირების ხარჯზე გამდიდრებას, ის უმკაცრესად დაისჯება”, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.