ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დარწმუნებულია, რომ სიგარეტზე აქციზის გაზრდა კონტრაბანდის ზრდას არ გამოიწვევს. მინისტრმა ეს განცხადება თამბაქოს ინდუსტრიის საპასუხოდ გააკეთა, სადაც მიიჩნევენ, რომ სომხეთიდან სიგარეტის კონტრაბანდის ზრდა გარდაუვალია.
“პირველი სექტემბრიდან ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 15 თეთრით მოიმატებს, ხოლო უფილტროზე - 5 თეთრით, რაც გათვლებზეა დამყარებული. მე ძალიან გამიკვირდა ამ ინდუსტრიაში ჩართული კომპანიების განცხადება, ვინაიდან, ეს იყო მათთან გავლილი და შეთანხმებული მაჩვენებელი.
ამან არ უნდა გამოიწვიოს სიგარეტის სერიოზული გაძვირება, მაგრამ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, რომ აქციზს აქვს არა მხოლოდ ფისკალური დატვირთვა, არამედ ეს არის მარეგულირებელი და ჩვენ თანდათან უნდა წავიდეთ იქით, რომ სიგარეტის მოხმარება შემცირდეს. ეს არის სწორედ ის მაჩვენებელი, რომელმაც არ უნდა გამოიწვიოს კონტრაბანდის ზრდა და ბიუჯეტში შემოსავლების შემცირება. ამასთან, საქართველოს საბაჟო საკმაოდ კარგად არის ორგანიზებული”, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
თვენახევრის შემდეგ ფილტარიანი სიგარეტი, სავარაუდოდ, 20-25 თეთრით გაძვირდება, ხოლო უფილტრო - 10 თეთრით. 2014 წელს აქციზი კიდევ მოიმატებს და თამბაქოს გაძვირება უფრო თვალშისაცემი გახდება. სწორედ ეს მიზეზი მოყავთ ინდუსტრიის წარმომადგენლებს, როდესაც მეზობელი ქვეყნებიდან კონტრაბანდის ზრდაზე საუბრობენ.
JTI Caucasus-ის კორპორაციულ საკითხთა და კომუნიკაციების დირექტორი ნიკოლოზ მჭედლიშვილი აცხადებს, რომ კომპანიამ და ზოგადად ინდუსტრიამ შესაბამისი ხედვა და მოსაზრება მთავრობას ოფიციალურად უკვე გააცნო.
„როგორც ვიცოდით, დაახლოებით 1 წელიწადში აქციზის გადასახადი 30 თეთრით უნდა გაძვირებულიყო, რასაც ჩვენ შევეწინააღმდეგეთ, რადგანაც ამ სქემის ამუშავებისთანავე სომხეთიდან წამოვა სიგარეტის კონტრაბანდა. აღნიშნულ საკითხზე ვესაუბრეთ ფინანსთა მინისტრს და მივწერეთ მთავრობას.
ნოდარ ხადურმა ჩვენი მოსაზრება რისკებთან დაკავშირებით გარკვეულწილად გაითვალისწინა. ამ ეტაპზე საუბარია ფილტრიანი სიგარეტის აქციზის გადასახადის - 15 თეთრით, ხოლო უფილტრო სიგარეტზე 5 თეთრით გაზრდაის შესახებ. თუმცა, ინდუსტრიისთვის ესეც მოულოდნელი იყო, რადგან ჩვენ ვიცოდით, რომ აქციზის გადასახადი უნდა გაზრდილიყო 2014 წელს და არა 2013 წლის სექტემბერში. აქციზის გადასახადის გაძვირების შემდეგ გარანტია არ არსებობს, რომ სომხეთიდან საქართველოში სიგარეტის კონტრაბანდა არ დაიწყება.
როცა აქციზზე ვსაუბრობთ, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ, არალეგალურ ვაჭრობამდე რომ არ მივიდეთ, რასაც დღეს ადგილი აქვს უკრაინაში და რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 2005 წელს. წლების წინ ზურაბ ნოღაიდელის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ სიგარეტის აქციზის გადასახადი 40 თეთრიდან 90 თეთრამდე აეწია. იმ დროს სიგარეტი რუსეთიდან ძირითადად საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონიდან: სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან შემოდიოდა, თუმცა ამჟამად სიგარეტი რუსეთიდან არ შემოვა, რადგანაც იქ უფრო ძვირია. სამაგიეროდ, კონტრაბანდული სიგარეტი შემოვა სომხეთიდან და ბიუჯეტი დაკარგავს ფულს.
მაშინ მთავრობამ არალეგალური ვაჭრობის მასშტაბი გააცნობიერა და საბოლოოდ აქციზის გადასახადი 60 თეთრამდე დასწია. მას შემდეგ ბაზარი დასტაბილურდა და დღეისათვის ქვეყანაში სიგარეტით არალეგალური ვაჭრობა ფაქტობრივად არ ხდება. ახლა კი, თუ ჩვენ დავკარგავთ შემოსავალს, მთავრობაც დაკარგავს”, - აცხადებს ნიკო მჭედლიშვილი. მისი განმარტებით, თამბაქოს მოხმარებასთან მიმართებაში ყველაზე მკაცრი პოზიცია ჯანდაცვის სამინისტროს აქვს, თუმცა ეს გასაგებიცაა.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელისთვის, გიორგი ბახტურიძესთვის კი მსგავსი გათვლები მიუღებელია, რადგან „სახელმწიფოს თამბაქოსგან გამოწვეული ზიანის შემცირება ან მკურნალობა დაახლოებით 3-ჯერ მეტი უჯდება, ვიდრე თამბაქოს ინდუსტრიას შემოაქვს მოგება”. ამიტომ თამბაქოს მოხმარების მაქსიმალური შეზღუდვით და გაძვირებით ბიუჯეტი უფრო მოგებული დარჩება, ვიდრე ამჟამად.