გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა ატმის რეალიზაციაში ცენტრალური ხელისუფლებისაგან და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან დახმარებას უკვე მერამდენე დღეა ითხოვს. დახმარება იგვიანებს, ამასობაში კი მოსავალი ფუჭდება და გადასაყრელი ხდება.
სოფელ ჩუმლაყში არსებული ატმის საბითუმო ბაზრის მოვაჭრეების თქმით, ატმის რეალიზაციას, ძირითადად, აზერბაიჯანიდან გადმოსულ ვაჭრებზე ახდენდნენ, თუმცა იმის გამო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ხილისა და ბოსტნეულის განბაჟების თანხა აზერბაიჯანის მხარემ შარშანდელთან შედარებით მკვეთრად გააძვირა, ატმის ექსპორტი შეფერხდა.
აზერბაიჯანელი მოვაჭრეები ქართველი გლეხებისგან ატმის ფასის შემცირებას ითხოვენ, მაგრამ მეტი რაღა უნდა შემცირდეს, როცა შესამცირებელი აღარ დარჩა.
ამჟამად სოფელ ჩუმლაყში კახეთის სხვადასხვა სოფლებიდან ჩატანილი ატამი 5, 10 და 15 თეთრი ღირს. გლეხები მთავრობისგან ატმის რეალიზაციაში დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ისინი წელს, არათუ მოგებას ვერ ნახავენ ატმის რეალიზაციისგან, ვალებსაც კი ვერ გაისტუმრებენ და მუშახელის მომსახურების თანხასაც კი ვერ ფარავენ.
ჩუმლაყელ ირაკლი სეხნიაშვილს 500 ძირი სხვადასხვა სახეობის ატამი აქვს. მან წლევანდელი მოსავალი არც კი იცის როგორ გაასაღოს:
“მოყვანა ძვირი ჯდება, იაფად კი ვყიდით. ჯერ ახლა შემოვიდა ბაზარზე და ფასები უკვე დაბლა იწევს. კრეფა ჯერ ახლა დაიწყო და დიდი რაოდენობით რომ შემოვა, რეალიზაცია მაშინ უფრო გაგვიჭირდება. კლიენტი არ არის. რუსეთის ბაზარი რომ გაიხსნას, პროდუქცია იქაც გავა და მაშინ ასეთი პრობლემები აღარ გვექნება.
15 წელი მიმქონდა რუსეთში ღვინო. რომ ჩავდიოდი, ხალხი ბუზივით მესეოდა. რაც იქით გასვლა აიკრძალა, აღარც ღვინო იყიდება და ვერც ხილ-ბოსტნეულს ვუკეთებთ რეალიზაციას. თუ ჩვენ ვერ გავიტანთ, როგორც ადრე ხდებოდა, თვითონ მაინც ჩამოვლენ და წაიღებენ”, - განაცხადა ირაკლი სეხნიაშვილმა.
მისივე თანასოფლელი ბონდო ოსიაშვილი კი ამტკიცებს, რომ მოსახლეობას ატმის დიდი ოდენობის გადაყრა მოუწევს, რადგან მყიდველი არსაიდან ჩანს.
“სოფელში ზოგს 20-28 ჰექტარი ატამი აქვს. ნახევარ ჰექტარში დაახლოებით 6-7 ტონა მაინც უნდა დაკრიფონ. წარმოიდგინეთ, რამდენი მოსავალი იქნება? ამას რეალიზაცია ხომ უნდა?! 1-2 დღეში თუ ვერ გაყიდე, მერე უკვე ფუჭდება და გადასაყრელი ხდება. ხალხმა რა უნდა ქნას, რა გზას მიმართოს?” - კითხულობს ოსიაშვილი.
აზერბაიჯანელი იმრან მამედოვი 9 ივლისს გურჯანიის რაიონის სოფელ ჩუმლაყში არსებული ატმის საბითუმო ბაზრობის ერთდაერთი უცხოელი მყიდველი აღმოჩნდა, თუმცა იგი საქართველოში ატმის საყიდლად ჩამოსვლას აღარ აპირებს.
“აქ 1 კილოგრამ ატამს ვყიდულობ 20 თეთრად, განბაჟებაში ვიხდი 1,2 ლარს. ბაზარში კი იმ დღეს ატამი 1,05 ლარად ჩავაბარე, ესე იგი წაგებაში ვარ... აქ ჩამოსვლას აზრი არ აღარ აქვს”, - ამბობს მამედოვი.
გლეხებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯონი ოსიაშვილი ეთანხმება. გამგებელი ჟურნალისტებს პირობას აძლევს, რომ გლეხების ყოფა უახლოეს ხანში გაუმჯობესდება.
“აზერბაიჯანულ მხარეს ჩვენმა სამინისტრომ სთხოვა, რომ საბაჟო გადასახადი შეემცირებინა. განმეორებითაც მივმართეთ, მაგრამ რატომ არ აკლებენ ბაჟის ფასს, არ ვიცით”, - განაცხადა ჯონი ოსიაშვილმა.
მისივე თქმით, პრობლემის მოგვარებისთვის, საჭიროა, შეიქმნას სამაცივრე მეურნეობა, რომელიც დიდი რაოდენობის მოსავლის დაბინავებაზე იქნება გათვლილი. მუშაობა ამ მიმართულები უკვე დაწყებულია.
“ამ მხრივ მთვარობა ყველაფერს აკეთებს და პირობას ვდებთ, რომ უახლოეს ხანში შედეგსაც მივიღებთ. რა თქმა უნდა, რუსეთის ბაზარიც დაგვეხმარებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არის”, - აღნიშნა ოსიაშვილმა.