სხვადასხვა ინფორმაცია „ქობულეთურ“ ვალებზე

სხვადასხვა ინფორმაცია „ქობულეთურ“ ვალებზე

გადაუვადეს თუ არა ქობულეთელებს სესხები, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია. მაჟორიტარი დეპუტატი სულ სხვა ინფორმაციას ავრცელებს, ხოლო აჭარის მთავრობა - სხვას. ასეა თუ ისე, ქობულეთის მკვიდრნი გამოსახლების შიშში აღარ ათენ-აღამებენ.

როგორც ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში აცხადებს, ქობულეთში საბანკო დავალიანების მქონე 94-ვე ოჯახისთვის სესხის რესტრუქტურიზაცია მოხდა. აჭარის მთავრობასთან არსებულმა სპეციალურმა კომისიამ მოლაპარაკებები უკვე დაასრულა და შეთანხმება ყველა ოჯახთან დაკავშირებით მიღწეულია.

ქობულეთში მოსახლეობამ სესხი 2007 წელს აიღო, თუმცა 2008 წელს ომის და კრიზისის გამო ჩავარდნილი ტურისტული სეზონის შემდეგ სესხის დაფარვა ვეღარ შეძლო. ყოფილი მთავრობის პირობებში ქობულეთში ფინანსთა მინისტრი ჩავიდა და მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა, თუმცა იმ ვიზიტს და განცხადებებს რეალური შედეგები არ მოჰყოლია.

ახლა კი ფატი ხალვაშის ამტკიცებს, რომ თანხის ნაწილს აჭარის ბიუჯეტი დაფარავს, ხოლო დარჩენილი თანხა გაიწერა იმის მიხედვით, როგორია ოჯახის ფინანსური მდგომარეობა. დეპუტატის ცნობით, ყველა ხელშეკრულება ინდივიდუალური მიდგომით შემუშავდა, ამიტომ ერთიანი ვადების დასახელება თუ რა პერიოდზე მოხდა თანხების გაწერა, რთულია.

ხალვაშის ინფორმაციით, მიღწეული შეთანხმებით ოჯახებიც კმაყოფილები არიან, თუმცა ასეთი ინფორმაციის გავრცელებით უკმაყოფილოა აჭარის მთავრობა. იგი უარყოფს ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებას თითქოსდა, საბანკო დავალიანების მქონე ოჯახებისთვის კრედიტების გადავადება მოხდა.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ აჭარის მთავრობამაც გააკეთა კომენტარი. მათი ინფორმაციით, სესხების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, კონკრეტული შეთანხმება ბანკებთან მიღწეული არ არის, თუმცა საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და კონკრეტული შედეგების შესახებ (კერძოდ, რამდენი სესხი გადავადდება და პირობით) ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

“გადაწყვეტილება სესხების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ არის, ბანკებთან მოლაპარაკების ბოლო სტადიაზე ვართ, ამიტომ ჯერ რამე დასკვნების გამოტანა ნაადრევია”, - განუცხადეს რადიო “კომერსანტს” აჭარის მთავრობაში.

ასე თუ ისე, ქობულეთელები “ყოველდღიური გამოსახლების შიშში აღარ ცხოვრობენ”. ნინო ჯაფარიძე ერთ-ერთი მათგანია, რომლის ოჯახი რამდენიმე წელია, საბანკო დავალიანების გამო გამოსახლების საფრთხის წინაშე დგას. იგი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ადასტურებდა, რომ საბანკო დავალიანების მქონე მოსახლეობის მისამართით სააღსრულებლო პროცესი შეჩერებულია.

“დილით იმის შიშით აღარავინ იღვიძებს, რომ გამოასახლებენ, სააღსრულებლო პროცესი გაჩერდა”, - აცხადებდა ჯაფარიძე.

ქობულეთელები იმდენად დააფრთხო ბანკებმა, რომ არსებული საპროცენტო განაკვეთის პირობებში მორიგი სესხის აღებას გამორიცხავენ. “თუ განაკვეთები არ შემცირდება, სესხით აღარ ვისარგებლებთ, მით უფრო იმ ბანკებისგან, რომლებმაც მოსახლეობა გამოსახლების წინაშე დააყენა. სანამ საბანკო სექტორში საპროცენტო განაკვეთების შემცირების კუთხით, ცვლილებები არ განხორციელდება, არც მე და არც ჩემს ირგვლივ მყოფი მცირე მეწარმეები სესხის აღებას არ გეგმავენ”, - აცხადებს ჯაფარიძე.