გადამწყვეტი ბრძოლა სემეკისთვის

გადამწყვეტი ბრძოლა სემეკისთვის

მარეგულირებელი კომისიები სააკაშვილს ხელიდან ეცლება და ამიტომ სემეკის ირგვლივ პრეზიდენტმა ახალი ფრონტი გახსნა.  სააკაშვილის ვეტომ უმრავლესობის დეპუტატებისა და ენერგეტიკის მინისტრის გაღიზიანება გამოიწვია. თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტის მორიგ აკრძალვასაც ისეთივე ბედი ელის, როგორიც წინა ვეტოებს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, მათი ხელისუფლება ვერაფრით დაუშვებს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია (სემეკი) „ნაციონალურ მოძრაობას“ და სააკაშვილის წინაშე დამსახურების მქონე პირებს სასათბურე პირობებს უქმნიდეს.

როგორც დღეს კახა კალაძემ განაცხადა, სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილმა „ელექტროენეგეტიკისა და ბუნებრივი გაზის“ შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებით, საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ არასახელმწიფოებრივად აზროვნებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა კანონპროექტს “ელექტროენეგეტიკისა და ბუნებრივი გაზის” შესახებ ვეტო დაადო. სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაანახა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ არასახელმწიფოებრივად აზროვნებს და პირად ამბიციებს, ძალაუფლებით თამაშს უკვე მერამდენედ გადააყოლა ქვეყნის ინტერესები.

წლების განმავლობაში სემეკს დამოუკიდებლობა, აბსოლუტურად დაკარგული ჰქონდა. კანონში შეტანილი ამ ცვლილებებით, უწყებას ყველანაირი პირობა შეექმნება, რომ რეალური დამოუკიდებლობა მოიპოვოს და საჯარო, გამჭვირვალე სტრუქტურად ჩამოყალიბდეს.

ჩვენი ხელისუფლების მიზანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ეფექტურად მუშაობდეს ქვეყნის ინტერესებისათვის და შესაბამისად, გადაწყვეტილებები, რომელსაც ეს კომისია მიიღებს არ იყოს ერთი რომელიმე პოლიტიკოსის ან პოლიტიკური ჯგუფის ნება-სურვილზე დამოკიდებული”, - აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას ქვეყნის პრეზიდენტმა ვეტო იმ კანონს დაადო, რომლის მიხედვითაც საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს მის ნაცვლად პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დანიშნავს. აგვისტოში კომისიის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ყოფნის ვადა გასდის. ამ დროისთვის კანონში ცვლილებები უკვე უნდა ამოქმედდეს, რათა პრეზიდენტმა ახალი თავმჯდომარის დანიშვნა ვერ მოასწროს.

პარლამენტმა, ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული ”ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონში ცვლილებები 12 ივნისს დაამტკიცა. აწ უკვე ვეტოდადებული კანონის მიხედვით, სემეკის 5 წევრს 6 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ წევრებიდან ერთ-ერთს კომისიის თავმჯდომარის პოსტზეც ნიშნავს.

სააგენტო “მედიანიუსის” ინფორმაცით, კახა კალაძე კანონპროექტში შესატანი ცვლილებების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, ეს ცვლილებები გამართლებულია, ერთი მხრივ, ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობით, ხოლო მეორე იმით, რომ პრემიერ-მინისტრს გაცილებით მეტი ურთიერთკავშირი აქვს ენერგეტიკასთან, ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგეტიკაში არსებულ პრობლემატიკასთან.

“შესაბამისად მიგვაჩნია, რომ მეტად ეფექტური იქნება სემეკის წევრების დანიშვნა პრემიერის მიერ. პრეზიდენტთან შედარებით მეტი ინფორმაცია და შესაძლებლობა აქვს პრემიერს სწორედ შეარჩიოს, სწორი კადრი ამ მიმართულებით.

მარეგულირებელი კომისია ესაა მაღალპროფესიული სტრუქტურა, რომლის საქმიანი წვლილი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში უმნიშვნლოვანესია და ჩვენი ხელისუფლება ვერაფრით ვერ დაუშვებსეს უწყება უქმნიდეს სასათბურე პირობებს „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის წინაშე დამსახურების მქონე პირებს”, - აცხადებს კალაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, პარლამენტი ვეტოს დაძლევის თაობაზე მიმდინარე კვირას იმსჯელებს.

”ვეტო დადებულია ორ კანონპროექტზე: “მაუწყებლის შესახებ” კანონპროექტზე და სემეკის თავმჯდომარის დანიშვნის ახალ მექანიზმთან დაკავშირებულ კანონპროექტზე. ამ საკითხებს პარლამენტი, ძალიან მალე განიხილავს”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

კომისიის, ამჟამინდელი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი, აღნიშნულ თანამდებობაზე, პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის 30 აგვისტოს განკარგულებით 6 წლის ვადით დაინიშნა. შესაბამისად, ჩალაგაშვილს 6-წლიანი ვადა აგვისტოში გასდის.