საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შემცირება, შესაძლოა თურქეთში მიმდინარე მოვლენებმა განაპირობა.
"მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკური პროგნოზები იცვლება ხან ზემოთ ხან ქვემოთ. არა მხოლოდ საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში. ეკონომიკურ ზრდაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. წლის დასაწყისში ვერ წარმოვიდგენდით, თუ სტამბულში მოხდებოდა ასეთი ტიპის ღონისძიებები, რამაც შეაფერხა თურქეთის ეკონომიკური განვითარება და შესაბამისად ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს ჩვენს ეკონომიკაზე, საქართველოზე."
ფინანსთა მინისტრი იმედს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე ამყარებს: "მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმედგაცრუება არის ინვესტორებში. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ყოველდღიურად მაქვს შეხვედრები პოტენციურ თუ რეალურ ინვესტორებთან. აქტიურად ვხვდები ბიზნესს. ამ სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი აქტივობა გაზრდილია".
შეგახსენებთ: მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ დაანონსებული პროგნოზით, 2013 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით უნდა გაზრდილიყო. ამ პარამეტრზე გათვლით არის დაგეგმილი სახელმწიფო ბიუჯეტი. გასულ კვირას ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდა 6 პროცენტი ვერ იქნება. ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, კი ქვეყნის ეკონომიკა 2013 წელს 4–4,5 პროცენტით გაიზრდება.
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებამდე, სავალუტო ფონდმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-იდან 4%-მდე შეამცირა, EBRD-მა კი - 5%-იდან 3%-მდე.
პროგნოზები შეამცირეს გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტოებაც: Fitch–ი, რომელიც 2012-2013 წლებში საქართველოში 5,5%–იან ზრდას ელოდებოდა, პროგნოზი 3%–ამდე შეამცირა. Standard and poor's-მა კი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,5%-ით განსაზღვრა.