იუსტიციის სამინისტრო კერძო მევახშეებს ლაგამს უმზადებს

იუსტიციის სამინისტრო კერძო მევახშეებს ლაგამს უმზადებს

საქართველოს მოსახლეობას ბანკებზე არანაკლები პრობლემები შეუქმნეს კერძო იპოთეკარებმა. უფრო მეტიც, თუკი ბანკებისა და მათი კლიენტების ურთიერთობას რაღაც ფორმით მაინც რეგულირდებოდა, კერძო მევახშეების შემთხვევაში აბსოლუტური განუკითხაობა სუფევდა.

ამიტომაც იუსტიციის სამინისტროს ჯგუფმა შეიმუშავა ცვლილებები სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე იძულებითი აუქციონის შესახებ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ კერძო იპოთეკარებს სესხის პროცენტის ზედა ზღვარი უწესდებათ.

როგორც იუსტიციის მინისტრი აცხადებს, უნდა შეიმუშაონ ცვლილებები, რათა ადამიანებს აღარ დასჭირდეთ პროცენტზე პროცენტის გადახდა, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება დამტკიცდეს სანოტარო წესით, რომ შემოწმდეს არის თუ არა მსესხებელი გადახდისუნარიანი და მისი მდგომარეობა არ გამოიყენოს კერძო იპოთეკარმა.

თეა წულუკიანის თქმით, უნდა დადგინდეს საპროცენტო ნიხრი, რათა არ მოხდეს შეთანხმება განუსაზღვრელ პროცენტზე და კრედიტორს იმ პირობით ჰქონდეს ქონების დამტკიცების უფლება თუ მის საბაზრო ღირებულებას და მოთხოვნას შორის სხვაობას აანაზღაურებს. მინისტრი იმედოვნებს, რომ კანონპროექტს პარლამენტი სექტემბერში დაამტკიცებს.

საერთოდაც, მოვალისა და კრედიტორის ურთიერთობებს ახალი სამართლებრივი მექანიზმები დაარეგულირებს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს სანივთო სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაზე, რომელშიც იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე მონაწილეობდნენ, სამინისტროში მომზადებული კანონპროექტები განიხილეს. ცვლილებები სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე, იძულებითი აუქციონის მომწესრიგებელი ნორმების დახვეწას ითვალისწინებს.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, იპოთეკის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი არ განიხილავს იაფი სესხების გაცემის საკითხს, რადგან იუსტიციის სამინისტროს ამის უფლებამოსილება არ აქვს.

„სამაგიეროდ, ჩვენ შეგვიძლია შევიმუშაოთ უკეთესი კანონები, რომ სხვები არ აღმოჩდნენ იმავე პრობლემების წინაშე. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება უნდა დამტკიცდეს სანოტარო წესით, სადაც შემოწმდება, არის თუ არა მსესხებელი გადახდისუნარიანი, რათა მისი მდგომარეობა არ გამოიყენოს კერძო იპოთეკარმა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა და იმედი გამოთქვა, რომ იუსტიციის სამინისტროს მომზადებულ კანონპროექტს სექტემბერში პარლამენტი კანონად აქცევს.

საკანონმდებლო ცვლილებები მოვალის სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს, ვინაიდან არსებული კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მოვალის დაცვის სამართლებრივ მექანიზმს კრედიტორის მხრიდან მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში.

არცთუ იშვიათად კრედიტორი თავადაა დაინტერესებული მოვალის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევით, რათა მას მიეცეს იპოთეკით დატვირთული ქონების თავის საკუთრებაში მიქცევის შესაძლებლობა. კრედიტორისადმი ზედმეტად ლოიალურია პროცენტიანი სესხის მარეგულირებელი ნორმებიც. მას სრული თავისუფლება ენიჭება, სესხად გაცემული თანხიდან მიიღოს ნებისმიერი ოდენობის სარგებელი. ამასთან, კანონმდებლობით დასაშვებია არა მხოლოდ სესხის ძირითადი თანხიდან, არამედ პროცენტიდან პროცენტის დარიცხვაც, რაც კიდევ უფრო ართულებს მოვალის მდგომარეობას.

ამ ვითარების გამოსწორების მიზნით, საკანონმდებლო დონეზე დაიგეგმა შემდეგი ცვლილებები:

- განისაზღვრება იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების ვალდებულება;

- კრედიტორს უნარჩუნება უფლება, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, მიიღოს ქონება საკუთრებაში, თუმცა, მხოლოდ ქონების საბაზრო ღირებულებასა და მოთხოვნის ოდენობას შორის არსებული სხვაობის მოვალისთვის ანაზღაურების პირობით;

- დაუშვებელი იქნება პროცენტიდან პროცენტის გადახდა;

- განისაზღვრება იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებებისათვის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი;

- სავალდებულო გახდება აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეთა ინფორმირება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს აუქციონში მხარეთა მონაწილეობა.

თუკი ეს ცვლილებები საშემოდგომოდ მაინც დამტკიცდა, კერძო იპოთეკარებს საკმაოდ შეზღუდვები დაუწესდებათ.