ბრეგაძე სააკაშვილზე: ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სახის სპეკულაცია არაეთიკურია – წინასწარ შეფასებებს ვერ დავიწყებ

ბრეგაძე სააკაშვილზე: ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სახის სპეკულაცია არაეთიკურია – წინასწარ შეფასებებს ვერ დავიწყებ

ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სახის სპეკულაცია არის არაეთიკური. შესაბამისად, მე ამ საკითხზე წინასწარ შეფასებებს ვერ დავიწყებ. – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრღელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სახის სპეკულაცია არის არაეთიკური. შესაბამისად, მე ამ საკითხზე წინასწარ შეფასებებს ვერ დავიწყებ. როგორც მოგეხსნებათ, ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა არავის უნახავს. ეს დასკვნა ბუნებაში არ არსებობს. მას შემდეგ, რაც დასკვნა იარსებებს, მხარეებს შეუძლიათ, მიმართონ სასამართლოს იმ ფაქტის დასადასტურებლად, არის თუ არა ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი მძიმე, რომ არ შეესაბამებოდეს სასჯელის მოხდის მიზნებს. შემდეგ უნდა იმსჯელოს სასამართლომ და არა იუსტიციის მინისტრმა ან იუსტიციის სამინისტრომ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის განმარტებით, პატიმარმა რომ დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, სასჯელი უნდა იყოს გადავადებული, ან პირი უნდა იყოს სასჯელისგან გათავისუფლებული და ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

„ევროკავშირი ეფუძნება კანონის უზენაესობის იდეას და კანონის უზენაესობა საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყანაში, კანონის განურჩევლად დაცვას გულისხმობს. საქართველოს კანონმდებლობით, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში. იმისთვის, რომ პირმა დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, სასჯელი უნდა იყოს გადავადებული ან ის უნდა იყოს გათავისუფლებული. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ყველა ვალდებულია, საქართველოში არსებულ კონსტიტუციურ წესრიგს პატივი სცეს.