რაც მოვისმინეთ დღეს, შოკირებულები ვართ. ვისი ხელწერაა, ვინ მოქმედებდა ასე - შანტაჟით, ულტიმატუმების ენით, - „ნაციონალური მოძრაობა“, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, რითაც გამოეხმაურა ევროპული ბიზნეს ასოციაციის ყოფილი დირექტორის, დევიდ ლის განცხადებას, რომელშიც ის კარლ ჰარცელსა და ანდრიუს კუბილიუსს ზეწოლაში ადანაშაულებს.
„ფასიანი ლობისტები აშანტაჟებენ ევროკავშირის დანარჩენ წევრებს და ცდილობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. რატომ? - იმიტომ, რომ შემდეგ დაჰბრალდეს ეს მმართველ პარტიას, მერე ხალხი გამოვა ჩვენს წინააღმდეგ და თურმე ვაშაძეები, გიჟი ჯაფარები, რუსული ფულით რომ ფინანსდებიან ხოშტარიები, შემდეგ რევოლუციის გზით ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ესაა ამათი სცენარი. ამის გაგრძელება არის ის, რომ საქართველო ჩართული იყოს ომში, რასაც უკრაინიდან ელოდებიან. ოფიციალური პირებისგან პირდაპირ იყო განცხადებები, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს ომში. ამას ვერ ეღირსებიან. ქართული სახელმწიფოს ინტერესში არ არის ომი, ფრონტის გახსნა, ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენის ხალხის ინტერესია მშვიდობა და განვითარება, რასაც ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ჩვენი მთავრობა აკეთებს“, - განაცხადა ზარქუამ „ქრონიკასთან“.