ძალიან რთულია, ენდო კვლევის შედეგებს, მით უფრო, როდესაც ხედავ, რომ ამ კვლევის შედეგად მაგალითად, ანა დოლიძეს უფრო მეტი ადამიანი ენდობა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა IRI-ის კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სოციოლოგიური კვლევები ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის პრობლემური საკითხია.
„მართლაც ძალიან რთულია, ენდო კვლევის შედეგებს, მით უფრო, როდესაც ხედავ, რომ ამ კვლევის შედეგად მაგალითად, ანა დოლიძეს უფრო მეტი ადამიანი ენდობა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს. ანუ, რაღაც პოლიტიკურად ეს აშკარად არ ჩანს. სხვათა შორის, ისიც მიკვირს, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შორის ჩვენი პარტიის არცერთი წარმომადგენელი რომ არასდროს ფიგურირებს“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 25 პროცენტი აცხადებს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 12 პროცენტი კი მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა.