ფაქტი, რომ ისინი იღებენ ფულს, მაგრამ არ მოიხმარენ ამ ფულს, რათა მოემსახურონ მოსახლეობას, კიდევ ერთი დასტურია, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ამ ადამიანებს საკუთარი მუნიციპალიტეტების მიმართ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან კომენტარი გააკეთა ქუთაისის საკრებულოში, „ნაცმოძრაობის“ წევრების მიერ, გაცდენების მიუხედავად, გახარჯულ თანხებზე.
„ზოგადად, ვიცით, არის „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას პარტიის ტანდემი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საბოტაჟითაა დაკავებული. რა თქმა უნდა, მათ არავითარი ინტერესი არ აქვთ, რომ რაიმე წვლილი შეიტანონ მუნიციპალიტეტის განვითარებაში და ესეც ამის მორიგი გამოვლინებაა. ფაქტი, რომ ისინი იღებენ ფულს, მაგრამ არ მოიხმარენ ამ ფულს, რათა მოემსახურონ მოსახლეობას, კიდევ ერთი დასტურია, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ამ ადამიანებს საკუთარი მუნიციპალიტეტების მიმართ და იმ საქმის მიმართ, რომელიც ქვეყნის განვითარებას უკვაშირდება“, - განაცხადა კობახიძემ.
ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა 131 320 ლარის ღირებულების, 40 000 ლიტრი საწვავი დახარჯეს და ეს იმის მიუხედავად, რომ სამსახურში თითქმის არასოდეს დადიან.