შეუძლებელია, ენდო კვლევას, თუ ოდნავ მაინც საღ აზრზე ხარ, სადაც სახალხო დამცველს ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე “ქართული ოცნების” დამუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ შეხედო ამ კვლევას, მიხვდებით, რამხელა აბსურდამდე შეიძლება, მივიდეს ეს საქმე. – ასე აფასებს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის გუშინ გამოაქვეყნებულ შედეგებს.
“მე არ მინდა, რაიმე ტიპის პრეტენზიებით ვილაპარაკო პროცენტებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ დაგვიწერეს. ამას ამ წუთას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. მე უფრო მიკვირს ქართული მედიის დამოკიდებულება ამ კვლევებთან დაკავშირებით. მაგალითად, ჩვენ 2% გვქონდა და არავინ გაგვაშუქა და იყო პარტიები, რომლებსაც 1% ჰქონდათ და ტელევიზიებიდან არ ჩამოსულან. გამოიკითხნენ საერთოდ არარსებული პარტიების ლიდერები და ჩვენი პარტიიდან, რომელსაც 2% აქვს ამავე კვლევით, არც ერთი ადამიანის რეიტინგი არ გაიზომა. მე მაინტერესებს ასეთი რამ შემთხვევით ხდება, თუ გვებრძვიან და სპეციალურად აჩენენ რაღაცნაირ შუღლს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. საბოლოო ჯამში, მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ შეუძლებელია, ენდო კვლევას, თუ ოდნავ მაინც საღ აზრზე ხარ, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ შეხედო ამ კვლევას, მიხვდებით, რამხელა აბსურდამდე შეიძლება, მივიდეს ეს საქმე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, თბილისის მერია კახა კალაძის მიმართ კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 51 %, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ – 44 %.
ანა დოლიძის მიმართ ნდობას გამოკითხულთა 40 პროცენტი აფიქსირებს. სალომე ზურაბიშვილის, დავით უსუფაშვილისა და ნინო ლომჯარიას მიმართ კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 38 %, 37-37 პროცენტს მოსწონს გიორგი გახარია და გიორგი ვაშაძე.
კვლევის თანახმად, 36 პროცენტია კეთილგანწყობილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ირაკლი კობახიძე გამოკითხულთა 34 პროცენტს მოსწონს. 33 პროცენტია კეთილგანწყობილი ელენე ხოშტარიას, მიხეილ სააკაშვილისა და შალვა ნათელაშვილის მიმართ. მოწონების რეიტინგში ნიკა მელიას 32 პროცენტი აქვს. 31 პროცენტი კი კეთილგანწყობას ხატია დეკანოიძის მიმართ გამოთქვამს. სიაში ასევე ფიგურირებენ ალეკო ელისაშვილი – 30 პროცენტი, მამუკა ხაზარაძე – 29 პროცენტი, შალვა პაპუაშვილი – 28 პროცენტი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 26 პროცენტი, ბადრი ჯაფარიძე – 23 პროცენტი, გიგა ბოკერია 17 პროცენტი, ხათუნა სამნიძე – 15 პროცენტი.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.