ბიზნესმენმა და კერძო სამხედრო კომპანიის “ვაგნერის” დამფუძნებელმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა პირმა ევგენი პრიგოჟინმა ოფიციალურად აღიარა თავისი ჩარევა აშშ-ის არჩევნებში.
“ჩვენ ჩავერიეთ, ვერევით და ჩავერევით, ზუსტად, ქირურგიულად და ჩვენებურად, როგორც ვიცით. ჩვენი მიზანმიმართული ოპერაციების დროს ერთდროულად ამოვიღებთ როგორც თირკმელებს, ასევე ღვიძლს”, – ნათქვამია ტექსტში, რომელიც მისი კომპანიის “კონკორდის” პრესსამსახურმა 7 ნოემბერს გაავრცელა.
ასე უპასუხა ბიზნესმენმა, რომელსაც დამოუკიდებელ მედიაში ხშირად “პუტინის შეფს” უწოდებენ, პორტალ Russia News-ის შეკითხვას მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ აშშ-ის კონგრესის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, რომელიც 8 ნოემბერს ჩატარდება.
ამავე დროს, პრიგოჟინმა ჟურნალისტი გააფრთხილა, რომ მისი პასუხი შეიცავდა “გარკვეულ გაურკვევლობას”.
ამერიკის ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში.
2019 წლის გაზაფხულზე, სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ გამოძიება ჩაატარა. მან რუსეთის წარმომადგენლების საარჩევნო რბოლაში ჩარევის მცდელობები გამოავლინა, მაგრამ ვერ დაამტკიცა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის შეთანხმება რუსეთის ხელისუფლებასთან.