"ქართული ოცნება" არის უპირობოდ ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც ყველაზე მეტი ნდობა აქვს მოსახლეობაში", - ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი IRI-ის კვლევის შედეგებს. მისი თქმით, არჩევანის შემთხვევაში "ქართული ოცენება" იქნება ის ძალა, რომელიც, მითუმეტეს პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, მთავრობის ფორმირებაში იქნება ლიდერი.
"ქართული ოცნება" არის უპირობოდ ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც ყველაზე მეტი ნდობა აქვს მოსახლეობაში და არჩევანის შემთხვევაში იქნება უპირობოდ ის ძალა, რომელიც, მითუმეტეს პროპორციული არჩევნების დროს, მთავრობის ფორმირებაში იქნება ლიდერი. ეს რადიკალიზმი პოლიტიკასთან დაკავშირებით და ყველაფრის ტოტალურად ცუდად წარმოჩენა, ეს პროპაგანდისტული მეთოდი იძლევა ამ შედეგს, რომ პოლიტიკური პარტიების მდგომარეობა არის სტატისტიკურ ზღვარს [ქვემოთ]. შეიძლება ვერც ერთმა პარტიამ ვერ გადალახოს არათუ 5- პროცენტიანი, არამედ 3-პროცენტიანი ბარიერიც კი", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 25 პროცენტი აცხადებს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 12 პროცენტი კი მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა.