შეიძლება, რეზოლუციაში რაღაც პუნქტები მოხვდეს, რომლის გამოც ვიღაცამ მხარი დაუჭიროს ან არა, მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება იმასთან შედარებით, რომ იდენტიფიცირება ხდება, ვინ მტრობს ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
„ქართული რადიკალური ოპოზიციის ლობისტები და დავალების მიმცემლები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ასეთ რეზოლუციებში აუცილებლად მოხდეს ისეთი პუნქტები, რომელიც ერთი მხრივ, მათ სუბიექტურად აწყობთ, პერსონალურად მიხეილ სააკაშვილზეა მორგებული და ა.შ. და ამავე დროს აზიანებს, გაცილებით სხვა ეროვნულ ინტერესს. ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა არის, საბოლოო ჯამში, ვერ დააზიანებს, მაგრამ მცდელობაა იმის, რომ რეზოლუციებში მოხვდეს საქართველოსთვის დამაზიანებელი და რაც მთავარია, არაობიექტური ფაქტები და გარემოები, რასაც ხან ახერხებენ, ხან - ვერა.
საბოლოო ჯამში, ეს შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს და ვერ დააზიანებს ქვეყანას, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ლოკალური დარტყმები არის საქართველოს საწინააღმდეგო. თუ ვინმე ქვეყნის შიგნით ამის მომხრეა და არათუ მომხრეა, არამედ შემოქმედიც, ის პირდაპირ ქვეყანას მტრობს. ეს უნდა დაიმახსოვრონ კარგად და ქართულმა საზოგადოებამ იდენტიფიცირება უნდა მოახდინოს. საბედნიეროდ, ახდენს კიდევაც დღემდე და მომავალშიც ასე გაგრძელდება.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს მტრობა არავის შერჩება, გუშინ უხეში სიტყვა გამოვიყენე და დღესაც იმავეს გამოვიყენებ - რეზოლუციებში ასეთი რაღაცების „ჩაკვეხებით“. წინა რეზოლუციაშიც ასე იყო და ყველა შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, მათი მცდელობა წარუმატებელი იქნება. შეიძლება, რეზოლუციაში რაღაც პუნქტები მოხვდეს, რომლის გამოც ვიღაცამ მხარი დაუჭიროს ან არა, მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება იმასთან შედარებით, რომ იდენტიფიცირება ხდება, ვინ მტრობს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშს ბრიუსელში, საგარეო კომიტეტი დღეს განიხილავს.
ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც სვენ მიქსერის ავტორობით მომზადდა, "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტების მიერ გუშინ გარკვეული შესწორებები გაჩნდა.