არჩევნების წინ, ყოველ ჯერზე იყო ასეთი სპეკულაციები, თუმცა ყოველ ჯერზე ისინი და მათი მხარდამჭერები რჩებოდნენ გაწბილებული იმის გამო, რომ რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის თავის ამომრჩეველს ატყუებდა, მათ შორის ამ კვლევების გამოყენებით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ IRI-ის კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს დამოკიდებულება ამ კვლევების მიმართ. პირველ რიგში იმის გამო, რომ ძალიან საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანია აწარმოებს IRI-თვის შესაბამის კვლევით სამუშაოებს. ეს არის ცნობილი IPM, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. უკვე წლებია არსებობს ეს კავშირი და სამწუხაროდ, კონკრეტულ მონაცემებშიც გამოისახება-ხოლმე ჩვენი ეჭვები. პერსონალურ რეიტინგებს რომ შეხედოთ, მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგსა და ასე შემდეგ, აქ ძალიან მარტივად იკვეთება, რომ არის გარკვეული მანიპულაციის ინტერესი“, - განაცხადა კობახიძემ.
მან კვლევის შედეგად საზოგადოებაში გამოვლენილ განწყობებზეც გააკეთა კომენტარი.
„ეს არის მარტივი სოციოლოგიური მანიპულაციები. რეალურად IPM არასდროს აქვეყნებს ალოკაციით პარტიულ რეიტინგებს. ალოკაცია გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ სოციოლოგიურ კომპანიას შეუძლია 100%-ზე დააჯამოს ყველა პარტიის რეიტინგი. ამას არ აკეთებენ იმის გამო, რომ დატოვონ სივრცე სპეკულაციებისთვის იმის შესახებ, რომ თითქოს, ამომრჩევლის 40% არის გადაუწყვეტელი, რაც ოპოზიციისკენ შეიძლება მიემართოს და ასე შემდეგ. ესეც არის მარტივი სპეკულაციები და სწორედ ამისთვის ხდება შეგნებულად სივრცის დატოვება. სინამდვილეში ძალიან მარტივად შეიძლება ალოკაციის გაკეთება. ამას არ აკეთებენ, რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სივრცე დატოვონ სპეკულაციებისთვის. რასაც აქტიურად იყენებს რადიკალური ოპოზიცია. რეალურად, ყოველ ჯერზე, თქვენ გახსოვთ, IPM დებდა მსგავს მონაცემებს და საბოლოო ჯამში, არჩევნებზე იდებოდა კონკრეტული შედეგები, რაც ადასტურებს იმას, რომ ყოველი მეორე ჩვენი თანამოქალაქე მხარს უჭერს სწორედ „ქართულ ოცნებას“ და სწორედ ამ მხარდაჭერის წყალობით ქართული ოცნება“ ყოველთვის ახერხებდა დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას. იქნებოდა ეს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. არჩევნების წინ, ყოველ ჯერზე იყო ასეთი სპეკულაციები, თუმცა ყოველ ჯერზე ისინი და მათი მხარდამჭერები რჩებოდნენ გაწბილებული იმის გამო, რომ რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის თავის ამომრჩეველს ატყუებდა, მათ შორის ამ კვლევების გამოყენებით“, - განაცხადა კობახიძემ.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 25 პროცენტი აცხადებს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 12 პროცენტი კი მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა.