გიგა ბოკერია IRI-ს კვლევაზე: ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხა უიმედობის დანერგვა და ეს მოხდა ოპოზიციის ნაწილის, პირველ რიგში, საპარლამენტო ოპოზიციის დახმარებით

გიგა ბოკერია IRI-ს კვლევაზე: ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხა უიმედობის დანერგვა და ეს მოხდა ოპოზიციის ნაწილის, პირველ რიგში, საპარლამენტო ოპოზიციის დახმარებით

ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხა უიმედობის დანერგვა და ეს მოხდა ოპოზიციის ნაწილის, პირველ რიგში, საპარლამენტო ოპოზიციის დახმარებით, კვლევაში ძალიან კარგად ჩანს - ოპტიმიზმის დრამატული ვარდნა და უნდობლობა პოლიტიკური პროცესისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ IRI-ს კვლევის შეფასებისას განაცხადა.

ბოკერია მიიჩნევს, რომ ჩიხის დაძლევას, რომელშიც ქვეყანა ივანიშვილის რეჟიმმა შეიყვანა, სჭირდება დაკარგული ნდობის აღდგენა და იმ ხალხის რაოდენობის ზრდა, ვინც მყარად იქნება კურსის შეცვლის მომხრე. მისი თქმით, ასეთი რეჟიმების დასამარცხებლად, როგორიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმია, უბრალო უმრავლესობა საკმარისი არ არის.

„რაც მნიშვნელოვანია ამ კვლევაში და რაც სხვა კვლევებითაც დასტურდება, არის ის, რომ ამ ქვეყანაში არის მყარი უმრავლესობა, რომელსაც უნდა კურსის რადიკალურად შეცვლა, იმ კურსის საწინააღმდეგოდ, საითაც ივანიშვილის რეჟიმს მიჰყავს ეს ქვეყანა. ჩემი აზრით, მიჰყავს უფსკრულისკენ, იზოლაციისკენ დასავლეთიდან, პუტინის რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენისკენ, ეკონომიკური კრახისკენ. ამის შეცვლა უნდა მყარ უმრავლესობას.

ჩემი და ნებისმიერი პარტიისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავისი გზავნილის მიტანა შეძლოს იმ ადამიანებამდე, რომლებიც მის ფასეულობებთან არის ახლოს, განსაკუთრებით ამ კაკაფონიაში, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი და ხშირად, სამწუხაროდ, მისი ოპონენტებიც ქმნიან, სადაც რეალური თემები კი არ არის, არამედ არის ის თემები, რაც ივანიშვილის რეჟიმს აწყობს.

ჩვენს ძალას, „ევროპულ საქართველოს“ შეუძლია თავისი სიტყვის დაცვა. ვინც ჩვენ მხარს გვიჭერს, იცის რა ღირებულებებს უჭერს მხარს და იცის, რომ ჩვენ შეგვიძლია იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქვეყანას სჭირდება. მაგრამ ამ ნაბიჯებს სჭირდება მომზადება და ამიტომ გვაქვს ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი -„ახალი რესპუბლიკა“, რომ დეტალურად მზად გვქონდეს ის გეგმა, რომელიც სჭირდება ქვეყანას ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ. ასეთი გეგმის არსებობა მნიშვნელოვანია ადამიანების დასარწმუნებლად რეჟიმის შეცვლის საქმეში. ამავე დროს, რუსული ომის შიშზე დამყარებული რუსული ნიაღვრის წინააღმდეგ, ჩვენ გვაქვს უახლესი წარსულის გახსენების კამპანია და ვაპირებთ, რომ ორივე ჩვენი კამპანია გავაგრძელოთ და რაც შეიძლება მეტ მოქალაქემდე მივიტანოთ ჩვენი გზავნილი, ვინც ახლოს არის ჩვენს შეხედულებებთან“,- განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, მან ოპოზიციური პარტიების ერთიანობის საკითხით შეაფასა და აღნიშნა: „ჩვენ ვართ მომხრე ერთიანობის მთავარ საკითხში, რომ ოპოზიცია ბოლომდე გათავისუფლდეს ილუზიისგან, რომ ამ რეჟიმთან თანამშრომლობა შეიძლება, მკაფიო გზავნილი ჰქონდეს და არ შეუწყოს ხელი ივანიშვილის რეჟიმის კამპანიას. ჯერ ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ“.