უკაცრავად ამ ტერმინის გამოყენებისთვის, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჩვენი ევროპელი კოლეგა ცდილობს, მნიშვნელოვან დოკუმენტებში კვლავ ჩააკვეხოს ისეთი საკითხები, რომლებიც ერთი მხრივ, არარელევანტურია და მეორე მხრივ, დააზიანებს კონკრეტულ სამომავლო გეგმებს იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი საკითხების ჩამატება და ჩამატების მცდელობა სხვა მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის. ამ მიმართულებით წინა რეზოლუცია გახსოვთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.
„კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ლობისტების და დავალებების მიმცემები, არამედ ჩვენი კოლეგები ასევე არიან ჩართულები ჩვენი ქვეყნის დაზიანებაში. მათ რომ შეეძლოთ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან, ეროვნული ინტერესების საკითხებზე მაინც გავერთიანდეთ, ამ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა ნაკლებად დაზიანებოდა და უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტი მყარი სამომავლო პერსპექტივები ექნებოდა.
სამწუხაროდ, ისინი ამაზე არ ფიქრობენ, ფიქრობენ, თავიანთი პარტიული ინტერესები როგორ ჩააკვეხონ ისეთ საკითხებში, რაც საბოლოო ჯამში აზიანებს საგარეო იმიჯს და ევროპულ მომავალს ქვეყნისას, ეს გათვლილია არაპატრიოტული მოტივებით ქვეყნის საგარეო იმიჯის დაზიანებისთვის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში შესწორებები გაჩნდა. დოკუმენტს, რომელიც ესტონელი პარლამენტარის, სვენ მიქსერის ავტორობით მომზადდა, საგარეო კომიტეტი 2 დღეში განიხილავს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე კი 21 ნოემბერს გავა. ეს შესწორებები ფაქტობრივად იმეორებს იმ რეზოლუციის პათოსს, რომელიც ევროპარლამენტმა ივნისში მიიღო და რომელსაც მმართველმა გუნდმა დაუსაბუთებელი, მძიმე და ყალბ ანგარიშებზე დაფუძნებული უწოდა.