1500-ლარიან დევნილებს შემწეობას აღარ მისცემენ?!

1500-ლარიან დევნილებს შემწეობას აღარ მისცემენ?!

დევნილთა შემწეობის სახეცვლილების საკითხმა უკვე სხვა ელფერი შეიძინა. მართლია, გაირკვა, რომ 28-ლარიანი დახმარება არ უქმდება, მაგრამ მაღალშემოსავლიანი დევნილებზე კი შეიძლება აღარ გაიცეს. ყოველთვიური შემოსავლის ზღვარი (რომელიც დევნილისთვის შემწეობის შეწყვეტის მიზეზი გახდება) 1500 ლარის ფარგლებში იქნება.

ფინანსთა მინისტრი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის დავით დარახველიძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის განცხადებითაც, შესაძლოა, დევნილთა ნაწილს, ვისი შემოსავალიც მაღალია, სახელმწიფომ მოუხსნას ყოველთვიური დახმარება 28 ლარის ოდენობით.

„შემწეობა იმ დევნილებმა უნდა მიიღონ, რომლებსაც ამის საჭიროება აქვთ. თუ ადამიანს აქვს დიდი შემოსავალი, 28-ლარიანი შემწეობა სჯობს სხვამ მიიღოს და მას 56 ლარი გაუხდეს. სწორი იქნება, თუ დახმარება მხოლოდ სტატუსის გამო არ გაიცემა.

ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული, რა იქნება ის ფინანსური ზღვარი, რომლის მიხედვითაც მოხდება დახმარების მოხსნა. ამ ეტაპზე ეს ზღვარი დადგენილი არ არის, იქნება ეს 1500 ლარი თუ სხვა ოდენობა“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

დევნილთა შემწეობასთან დაკავშირებით დანიშვნისთანავე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს და ამას არც მალავდა. დავით დარახველიძე მაღალშემოსავლიანი დევნილებისთვის შემწეობის გაუქმებას ითხოვდა და ახლაც ითხოვს. ამასთან, თუ პირი დევნილის სტატუსთან ერთად, სოციალურად დაუცველის სტატუსსაც ატარებს, აუცილებლად უნდა მიიღოს ორივე სახის დახმარება, რადგან ორივე შემწეობა ამ ეტაპზე იმდენად მცირეა, რომ დევნილთათვის ორივე დახმარების მიცემა ზედმეტი ნამდვილად არ იქნება.

ლტოლვილთა და გასახლების მინისტრი გარკვეულ ზღვარს ზემოთ შემოსავლების მქონე დევნილთა შემწეობის გაუქმებას ემოხრობა. როგორც დარახველიძემ განაცხადა, ის დევნილები, რომელთა შემოსავალი თვეში 1500-2000 ლარს აჭარბებს, დევნილთა შემწეობას არ უნდა იღებდნენ და გამოთავისუფლებული რესურსები სხვა, უფრო შეჭირვებულ დევნილებზე უნდა ნაწილდებოდეს.

„როცა ახალი დანიშნული ვიყავი მინისტრად, ეს აზრი მაშინაც გამოვთქვი, თუმცა ამას ძალიან ცუდი რეაქცია მოჰყვა. დევნილთა შემწეობის გაუქმება ყველა დევნილს ნამდვილად არ შეეხება, თუმცა თუ რაღაც ზღვარს ავიღებთ - დავუშვათ 1500-2000-ლარიან შემოსავალს - ასეთი შემოსავლის მქონე დევნილები შემწეობას არ უნდა იღებდნენ და ეს რესურსი სხვა დევნილებზე უნდა ნაწილდებოდეს“, - განაცხადა დარახველიძემ „კომერსანტთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მსგავსი გადაწყვეტილება ძალაში შევა, დევნილთა შემწეობა ფიქსირებული აღარ იქნება და ის სხვადასხვა თვეში სხვადასხვა ოდენობით გაიცემა, იმის მიხედვით, თუ რა რესურსი გამოთავისუფლდება.

როგორც ჩანს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ინიციატივას უკვე ფინანსთა სამინისტროც უჭერს მხარს, თუმცა ასეთ დამოკიდებულებას არ იზიარებენ სპეციალისტები. მათი აზრით, ამჟამინდელი 22-28-ლარიანი შემწეობა პოლიტიკურ სტატუსთან არის მიბმული და კარგი იქნება თუ ის დარჩება. სოციალურად დაუცველი დევნილები კი დამატებით თანხას, ანუ სოციალურად დაუცველის შემწეობასაც მიიღებენ.