„არ შეიძლება, ყველამ „უპრაგონოდ“ აიყვანოს და ამრავლოს ძაღლები, საბოლოოდ ამას ყველაზე ცუდი შედეგი მოაქვს თვითონ ამ ცხოველისთვის. ძაღლს აიყვანენ და მერე თავშესაფრებში რეკავენ. თუ თავშესაფარი არ მიიღებს, ძაღლს ქუჩაში აგდებენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას არაკომერციული ორგანიზაცია „საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოების“ თავმჯდომარე თეიმურაზ წიქორიძე.
მას შემდეგ, რაც ვარკეთილსა და რუსთავში ძაღლებმა ადამიანები დაგლიჯეს, აგრესიული ძაღლების პრობლემა გააქტიურდა. ორივე შემთხვევაში, საქმეში პიტბულის ჯიშის ძაღლი ფიგურირებდა, პიტბულმა არ დაინდო საკუთარი პატრონიც. როგორ ფიქრობთ, მებრძოლი ჯიშის ძაღლების გამრავლება უნდა აიკრძალოს და როგორია კანონი აგრესიულ ძაღლებთან მიმართებით?
- საქართველოში კანონი არ არსებობს არც აგრესიული და არც არააგრესიული ძაღლებისთვის. ახლა აპირებენ კანონპროექტის ინიცირებას პარლამენტში და ვფიქრობ, მივაღწევთ იმას, რომ გარკვეული ტიპის ძაღლების გამრავლება კი არ აიკრძალოს, არამედ შეიზღუდოს. შეზღუდვა უნდა მოხდეს არა მარტო პიტბულის, არამედ სხვა მებრძოლი ძაღლებისაც, რომლებსაც საბრძოლო თვალსაზრისით იყენებენ. ამ ძაღლებს დაზიანებული ფსიქიკა აქვთ და ყველაზე ცუდი ის არის, ამ მებრძოლ ძაღლებს კი არ აქვთ დაზიანებული ფსიქიკა, არამედ ასეთი ტიპის ძაღლებს ხშირად იყვანენ დაზიანებული ფსიქიკის ადამიანები.
აგრესიული ფსიქიკის ძაღლები ძირითადად უცხოეთიდან შემოყავთ, თუ საქართველოში ამრავლებენ?
- უცხოეთიდან უმნიშვნელო რაოდენობით შემოყავთ, საქართველოში კი აბსოლუტურად უკონტროლო გამრავლება მიმდინარეობს, იმართება არაოფიციალური ბრძოლები ძაღლებს შორის. მებრძოლ ძაღლებს, როგორიცაა სტაფი, ბულტერიერი, პიტბული, პრაქტიკულად, ჩამოუყალიბდათ არაადეკვატური ფსიქოლოგია. სამწუხაროდ, ამ ძაღლების უმეტესობა ხვდება ისეთი ადამიანების ხელში, რომლებიც მათ მხოლოდ და მხოლოდ იყენებენ, არ იციან ამ ძაღლებთან ურთიერთობა. პირდაპირ გეტყვით, ყველა ამ ჯიშის ძაღლი ძალიან კეთილი, თვინიერია. უბრალოდ, მათი კონტროლია საჭირო, რადგან რომ აბრძოლებენ, გენეტიკურად უკვე უზიანდებათ ფსიქიკა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვის ხელში მოხვდება ძაღლი, ვინ აღზრდის. საზოგადოებას რომც მოვუწოდოთ, არ აიყვანონ აგრესიული ძაღლები, ამით არაფერი გამოვა, თუ არ მიიღეს მკაცრი კანონი. პირველ რიგში, უნდა მოხდეს არა მარტო საბრძოლო, არამედ ყველა პატრონიანი ძაღლის იდენტიფიცირება და რეგისტრაცია. მებრძოლი ჯიშის ძაღლები აუცილებლად უნდა იყოს განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ. მებრძოლი ჯიშის ყველა ძაღლს, პატრონიანს, თუ ქუჩაში გამოყრილს უნდა ჩაუტარდეს კასტრაცია- სტერილიზაცია გარკვეულ პერიოდში. უნდა აიკრძალოს მებრძოლი ჯიშის ძაღლების ყიდვა-გაყიდვა და, პირველ რიგში, გამრავლება. არასწორი იქნება, რომ ერთ თვეში მოვსპოთ მებრძოლი ჯიშის ძაღლები, გული მწყდება, ამას რომ ვლაპარაკობ, არავის ეგონოს, რომ ამ ჯიშის გაუქმება მინდა, მაგრამ როცა ვხედავთ, რომ 10 პატრონიდან 9 არაადეკვატური პატრონი ჰყავს მებრძოლი ჯიშის ძაღლებს და ამ ცხოველის აღზრდა სწორად არ მიმდინარეობს, მერე ვღებულობთ სავალალო შედეგებს. თანაც, სავალალო შედეგი დგება არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ უშუალოდ ამ ცხოველებისთვის, რადგან ამას მოჰყვება ამ ცხოველის ევთანაზია. მათი ყოლა უკვე დაუშვებელია.
ზოგიერთები ფიქრობენ, რომ გამოსავალი შეიძლება იყოს აგრესიული ძაღლის ალიკაპით გადაადგილება. მართლაც ასეა?
- ის, რომ მთელი ცხოვრება ძაღლმა ალიკაპით იაროს და ღვედით, არ გაირბინოს ენაგადმოვარდნილმა და არ ითამაშოს სხვა ცხოველებთან ან ადამიანებთან, ეს ცხოველისადმი არასწორი მიდგომაა. ძაღლმა თუ არ დაიყეფა და არ ითამაშა, ალიკაპით ორი კილომეტრი როგორ უნდა ირბინოს? ამიტომ საქართველოში ყველაზე სწორი იქნება ამ ჯიშის ძაღლების მაქსიმალური კონტროლი, მათი გამრავლების შეზღუდვა. მებრძოლი ჯიშის ძაღლების გამრავლების უფლება საქართველოში არავის არ უნდა მიეცეს. მეტსაც გეტყვით, პრაქტიკულად, საქართველო გახდა მაწანწალა ჰასკების ქვეყანა. ჰასკი არაა აგრესიული ძაღლი, მაგრამ რად გვინდა ამდენი ჰასკი? მოდის გამო იყვანენ და მერე ეს ძაღლები ქუჩაში მათხოვრობენ, მაწანწალა ცხოველებად იქცევიან. სამწუხაროდ, ქართველები არ ვართ ის ერი, ცხოველებს მივხედოთ. უფრო მეტიც, ვისაც უნდა რომ აიყვანოს ცხოველი, მათზე უნდა გაიცეს ნებართვა, უნდა შემოწმდეს ეს ადამიანები, ფსიქოლოგიურად რამდენად არიან მზად ცხოველის ასაყვანად, არიან თუ არა პასუხისმგებლიანები, უნდა შემოწმდეს მათი საბინაო, ეკონომიკური პირობები. არ შეიძლება, ყველამ უპრაგონოდ აიყვანოს და ამრავლოს ძაღლები, საბოლოოდ ამას ყველაზე ცუდი შედეგი მოაქვს თვითონ ამ ცხოველისთვის. ძაღლს აიყვანენ და მერე თავშესაფრებში რეკავენ, რომ თურმე ცხოველისთვის საბინაო პირობები არ აქვთ, ამიტომ თავშესაფარი თუ არ მიიღებს, მაშინ იძულებულნი არიან, ქუჩაში გააგდონ, ეს ხომ არასწორია. როგორ არის მოწესრიგებული ევროპაში ეს საკითხი? ცხოველის აყვანა არ ხდება ასე მარტივად, რომ ვისაც უნდა, იყიდის ძაღლს. ადამიანმა ჯერ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, ტესტირება, ჩააბაროს გარკვეული გამოცდა, ამის შემდეგ ამოწმებენ მის საბინაო პირობებს, შეძლებს თუ არა ცხოველის ყოლას. ჯიშიანი ცხოველის აყვანის შემთხვევაში, ზოგიერთ ქვეყანაში სოლიდური ყოველთვიური გადასახადია, რომელიც მიემართება ცხოველთა დაცვის ფონდებში და ხმარდება ცხოველების დაცვის ორგანიზაციებს.
საქართველოში მებრძოლ ძაღლებს ფარულად აჩხუბებენ?
- პირდაპირ გაჰყავთ სოფლებში, ქალაქის შემოგარენში და აჩხუბებენ. აღსრულების მექანიზმი არ არსებობს. ამ ჩხუბების ამსახველი მნიშვნელოვანი ფაქტები თავისი ვიდეო- ფოტომასალებით პოლიციას გადავეცით, რაც სისხლის სამართლის 258-ე მუხლის დარღვევაა, მაგრამ მათ შესაბამისი ზომები არ მიუღიათ.
მებრძოლი ჯიშის ბევრი ძაღლია საქართველოში, მათი გაკონტროლება ხომ არ გართულდება?
- ზუსტ რაოდენობას ვერავინ გეტყვით, რადგან ამის მონიტორინგი არ მომხდარა. ვერავინ იტყვის, რამდენი პიტი ან ჰასკია საქართველოში. ამიტომაა მათი რეგისტრაცია საჭირო.
რაც რუსთავსა და ვარკეთილში მოხდა, ეს ძაღლების მეპატრონეების დაუდევრობაა, როცა ძაღლებმა ადამიანები დაგლიჯეს?
- მარტო ის არ არის მთავარი, რომ აგრესიული ძაღლის პატრონი თურმე 15 წლის ბიჭი ყოფილა. მთელი მექანიზმი, საკანონმდებლო სფერო, ადამიანების ფსიქოლოგია, მენტალიტეტი, დამოკიდებულება ცხოველის მიმართ, ყველაფერი ერთობლიობაშია. მე არ ვიცი, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში რა ხდებოდა, მაგრამ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა ძაღლებისგან დაკბენილი ადამიანების რიცხვით. ჩვენ ვუსწრებთ ჩინეთსაც, თურქეთსაც, აშშ-საც. როგორ ფიქრობთ, ყველაზე აგრესიული ძაღლები გვყავს საქართველოში? სინამდვილეში, ყველაზე აგრესიული ხალხი ვართ ცხოველების მიმართ. ბოლო დროის დაკბენის ფაქტებს რაც შეეხება, პიტბულს, რომელსაც, ალბათ, აჩხუბებდნენ, არასწორად ექცეოდნენ, გადაეკეტა გონება, ვეღარ აიტანა ადამიანები და დაიწყო ბრძოლა. ალბათ, ვიდეოც გაქვთ ნანახი, სპილოს, რომელსაც ცირკში ბურთით ცალ ფეხზე ათამაშებდნენ, ამოუვიდა ყელში და გადათელა ხალხი. იმ სპილოს აღარც ცხოვრება უნდოდა, არც არაფერი. მებრძოლი ჯიშის ძაღლებს თუ დაუწყებ ვარჯიშს და ბრძოლისთვის გამოიყენებ, მერე აღარ შეიძლება იმის გაჩერება, იმან თუ ყოველდღე უკვე არ იბრძოლა და ან ადამიანს არ მიახტა, ან ცხოველს, ვეღარ მოისვენებს. პრაქტიკულად, ფსიქიკა დაზიანებული აქვს.
16 წლამდე ბავშვებისთვის უნდა იყოს შეზღუდვა აგრესიული ცხოველების ტარების მხრივ, რადგან მოზარდები მებრძოლ ძაღლებს ვერ აკავებენ?
- 16 წლამდე ბავშვს არ უნდა გაატანო აგრესიული ძაღლი, რომელმაც გაქაჩვა იცის, თორემ თუ ძაღლი ღვედის გარეშე დასდევს ბავშვს და მის გვერდზეა, რატომ არ უნდა გაატანო?! ისე, ბავშვსაც გააჩნია. პატარა თუ დიდი ტანისაა ძაღლი, ზომას მნიშვნელობა არ აქვს, კავკასიური ნაგაზი ბრწყინვალე ძაღლია, კავკასიური ჯიშის ძაღლმა შეიძლება პატარა ბავშვი გაზარდოს. ამიტომ ძაღლის ტანის ზომას მნიშვნელობა არ აქვს.