შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურები ბითუმად დაკავების პროცესს აგრძელებენ – ეგრეთ წოდებული მაზავშიკების შემდეგ, სამართალდამცავები ავტოპარკინგის ბიზნესის მესვეურებს დაერივნენ; გასულ კვირას შ.პ.ს. “ავტოპარკინგიდან“ 8 ადამიანი დააკავეს; მთელი ღამე დაკითხვაზე ჰყავდათ ავტოსადგომის მორიგეები, ეგრეთ წოდებული სტაიანშიკები, რომელთაგან ერთ–ერთმა, ნოდარ შაიშმელაშვილმა ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა.
იმ ისტორიის გაცნობის შემდეგ, რომელზეც პრესა.გე დეტალურად გიამბობთ, ძნელია ადამიანმა თქვას, რომ “ახლა, როცა ყველა თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი, ბრძოლას და ხმის ამოღებას აზრი არა აქვს“; ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დაჩაგრულმა ადამიანებმა, კერძოდ, “სტაიანშიკებმა“, დახმარება სტუდია “მონიტორს“ სთხოვეს (მანამდე – თბილისის მერიას, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს) და ერთთვიანი გადაღებების შემდეგ, შედეგმა არ დააყოვნა – 17 ივლისს, ჟურნალისტური გამოძიების “კავკასიასა“ და “მაესტროს“ სატელევიზიო ეთერით გასვლის შემდეგ, ფილმში იურისტების მიერ რეკეტიორებად შერაცხული პირები დააკავეს, ხოლო 18 ივლისს “სტაიანშიკები“ დაკითხეს და უთხრეს, რომ მათ ვეღარავინ დააშინებს და ვეღარც ფულს წაართმევს.
აი, რა უამბო პრესა.გე–ს ნოდარ შაიშმელაშვილმა მას შემდეგ, რაც პოლიციაში ორჯერ მიიყვანეს:
“გუშინ, საღამოს, ექვსის წუთებზე, ავტოსადგომზე ვიყავი, როცა პატრულის მანქანა მოვიდა, მთაწმინდა–კრწანისის რაიონის ოცეულის უფროსი, და გვითხრა, ვინც თქვენთან ფულზე მოდიოდა, ისინი (8 კაცი) ავიყვანეთ, ფორმები გაიხადეთ და ფული აღარავის მისცეთო. წუხელ დამადგნენ სახლში, სამის ნახევარზე წამიყვანეს ორთაჭალაში, საპატრულოში და დაკითხვის ოქმი შეადგინეს. დღეს თერთმეტ საათზე გამოგვიშვეს იქიდან. ვარლამ შავაძეც იქ იყო და კიდევ დაახლოებით 10 “სტაიანშიკი“. დღეს სახლში ხელმეორედ მომაკითხეს, წამიყვანეს და ჩემი მონაყოლი ვიდეო–კამერით გადაიღეს, სამშაბათს საინფორმაციოებში და პატრულში იქნებაო“.
ფილმის გადაღება ასე დაიწყო – 1 თვის წინ, სტუდია “მონიტორის“ ერთ–ერთ თანამშრომელს, ახლობელმა “სტაიანშიკებმა“, მათთან მიმართებაში მიმდინარე დაშინების, ფულის გამოძალვისა და შანტაჟის ფაქტებზე უამბეს და დახმარება სთხოვეს. დაჩაგრულ ადამიანებს მეორე დღესვე მიაკითხა “მონიტორის“ ჟურნალისტმა, გიორგი მგელაძემ და ოპერატორმა გურამ სეფაშვილმა. ასე დაიწყო მუშაობა ფილმზე, “რეკეტი თბილისის ქუჩებში“, რომლის ავტორი, წამყვანი და ერთ–ერთი მთავარი გმირი გიორგი მგელაძეა – მან ფილმზე მუშაობისას თავად ჩაიცვა “სტაიანშიკის“ ფორმა და საკუთარ თავზეც იწვნია, შ.პ.ს. “ავტოპარკინგის“ დამფუძნებლების ზეწოლა და მუქარა.
“რეკეტი თბილისის ქუჩებში“ მონტაჟი კონსტანტინე კომახიძეს ეკუთვნის. ფილმის წარდგინება გასულ პარასკევს, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში მოეწყო. ფილმის წარდგინებამდე რამდენიმე საათით ადრე, პარლამენტის ტრიბუნიდან დიმიტრი ლორთქიფანიძემ შსს–ს მოუწოდა, თბილისში ჩამოყალიბებულ რეკეტულ დაჯგუფებაზე შესაბამისი რეაგირება მოეხდინათ.
რაც შეეხება უშუალოდ ფილმს – პრესა.გე–ს მთავარ რედაქტორს დავევსესხები და ვიტყვი, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ფილმის ნახვის შემდეგ კითხვები აღარ გაქვს, იმდენად ამომწურავადაა ნაჩვენები, თუ როგორ ექცევიან ავტოსადგომის მორიგეებს, რომლებიც ადამიანების ქველმოქმედების იმედად (“სტაიანშიკებისთვის“ ფულის გადახდა სავალდებულო აღარ არის) მთელი დღის განმავლობაში – ზაფხულობით თაკარა მზის ქვეშ, ხოლო ზამთარობით ყინვაში, ქუჩაში დგანან, იმისთვის, რომ ოჯახი არჩინონ.
ფილმის ერთ–ერთი მთავარი გმირი, ვარლამ შავაძე, აფხაზეთიდან დევნილია. სანამ იქაურობას რუსები დაეპატრონებოდნენ, ოჯახს ფოტოგრაფობით არჩენდა. საკუთარ სამშობლოში დევნილადქცეულმა ფოტოგრაფობა გააგრძელა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სახელოსნო გაუძარცვეს, “სტაიანშიკობა“ დაიწყო და აგერ უკვე 4 წელია, მეგობარ ნოდარ შაიშმელაშვილთან ერთად რუსთაველის ძეგლთან, კინოს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომის მორიგედ მუშაობს და ოჯახს ასე არჩენს.
2007 წლამდე, როგორც ვარლამ შავაძე, ისე ნოდარ შაიშმელაშვილი და მათთან ერთად სხვა “სტაიანშიკები“, ხუთ სხვადასხვა შპს–ში იყვნენ გაერთიანებულები, რომელთაც, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ადგილმდებარეობის მიხედვით, ბიუჯეტში დღეში 5–დან 30 ლარამდე შეჰქონდათ და იმხელა თანხაც რჩებოდათ, რომ ოჯახი შეენახათ. 2007 წელს მერიამ კონკრეტულ ხუთ შპს–ს პარკირების უფლება ჩამოართვა და “სითი პარკს“ გადასცა, მაგრამ სხვადასხვანაირ ფორმებში გამოწყობილი ავტოსადგომის მორიგეებმა თავიანთი საქმე მაინც გააგრძელეს.
2 წლის შემდეგ – 2009 წლის აგვისტოში, “სითი პარკმა“ პარკირება ოფიციალურად დაიწყო, მაგრამ მოუხერხებლობისა და მაღალი გადასახადების გამო, საერთო გულისწყრომა დაიმსახურა, რაც მერიის ჩარევის შემდეგ განელდა – 2009 წლის 11 სექტემბერს 25–ლარიანი წლიური ბარათები დაიბეჭდა, რომლის შეძენის შემდეგ, მძღოლები პარკირების ნებისმიერ ადგილას შეძლებდნენ მანქანის გაჩერებას. იმავე დღეს, ტელეკომპანია “რუსთავი 2“–ის პირდაპირ ეთერში, თბილისის მერმა, გიგი უგულავამ განმარტა, რომ “სტაიანშიკების“ აკრძალვას თბილისის მერია არ აპირებს – მოქალაქეების გადასაწყვეტია, თუ ქველმოქმედებას გამოიჩენენ და “სტაიანშიკებს“ რაღაცას მისცემენ, თორემ ამის ვალდებულება არ არისებობსო.
ამ განცხადებიდან მხოლოდ 1 თვე მიჰქონდათ “სტაიანშიკებს“ ქველმოქმედებით მიღებული თანხა თავ–თავიანთ ოჯახებში; 2009 წლის ოქტომბერში ქველმოქმედებას “პატრონი“ გამოუჩნდა – შ.პ.ს. “ავტოსაქალაქო სერვისმა“ ავტოსადგომის მორიგეების დიდი ნაწილი ლურჯ ფორმებში იძულებით გამოაწყო, რომელთაც ყოველ საღამოს ერთიდაიმავე დროს ჩამოუვლიდნენ და ფულს ართმევდნენ. ვინც ფორმის ჩაცმაზე, ხელშეკრულების გაფორმებაზე და ყოველდღიურად თანხის გადახდაზე უარს ამბობდა, სამსახურის დაკარგვით ემუქრებოდნენ – თქვენს ადგილას სხვას, ჩვენს ხალხს დავაყენებთო. ყველა “სტაიანშიკი“ ვერ დაჯაბნეს – აღმაშენებლის გამზირზე “სტაიანშიკებმა“ გაარკვიეს, რომ “ავტოსაქალაქო სერვისში“ უკანონოდ აწევრიანებდნენ და თანხასაც ასევე უკანონოდ ართმევდნენ; 25–მა ადამიანმა შპს–ში გაწევრიანებაზე უარი თქვა და დახმარებისთვის პატრულს მიმართა, რამაც გაჭრა – “პლეხანოველი სტაიანშიკები“ აღარ შეუწუხებიათ.
7 თვის შემდეგ, 2010 წლის მაისში “ავტოსაქალაქო სერვისი“ მეორე შპს–მ, “ავტოპარკინგმა“ ჩაანაცვლა, რომლის დირექტორი გახდა “ავტოსაქალაქო სერვისის“ ყოფილი კოორდინატორი, იური ბარბაქაძე. როგორც ფილმშია ნათქვამი, ბრიგადირები და ქვედა რგოლი იგივე დარჩა. ისინი “სტაიანშიკებს“ ისე გაეცვნენ, როგორც ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს–ს წარმომადგენლები, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათგან უარი მიიღეს, მეორე დღეს მუქარით მიაკითხეს – “15–20 კაცი, რომ იტყვიან, თავზე დაგვეცა – მუშაობა თუ არ გინდათ, აქ ჩვენს ხალხს დავაყენებთო“.
მეორე “სტაიანშიკი“, ნოდარ შაიშმელაშვილიც იგივეს ამბობს – “შანტაჟიც მოგვიწყვეს – აქ დიდი ფული კეთდებაო. ფიზიკურ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. პატრული გამოვიძახეთ და პატრულიც მათი მეგობარი აღმოჩნდა“.
თუ ამ ლინკის http://ijp.ge/video_blank.php?vid=179 მეშვეობით ფილმს ნახავთ, თავად დარწმუნდებით “სტაიანშიკების“ სიმართლეში – ფილმში “სტაიანშიკებზე“ განხორციელებული ზეწოლის ფაქტები “მონიტორს“ ფარულად აქვს გადაღებული, სადაც მოძალადეების სახეები კარგად ჩანს და მათი ხმაც შესანიშნავად ისმის.
კინოს სახლთან გაცილებით მეტი მანქანაა გაჩერებული, ვიდრე მერაბ კოსტავას გამზირზე, სამორინე “ევროპასთან“; შესაბამისად, “ავტოპარკინგი“ კინოს სახლთან მდგომებისგან ყოველდღიურად 30 ლარს იღებდა, ხოლო კოსტავას გამზირზე ყოველდღიურად 15–15 ლარს კრეფდა. არტურ სირაძე კოსტავას ქუჩაზე დგას, მანქანების ავტოსადგომზე. იგი ფილმში ჰყვება, თუ როგორ გაეცვნენ “ავტოპარკინგის“ წარმომადგენლები – “მოგვიტანეს ფორმები, გავუჯიუტდით და გვითხრეს მერიიდან ვართ და თუ მუშაობა გინდათ, იმუშავეთ და თუ არა, აგერ ხალხი გვყავს, მოვიყვანთ, დავაყენებთ და ვამუშავებთო“.
“სტაიანშიკები“ აიძულეს ხელშეკრულებებზე ხელი მოეწერათ, რომლის მიხედვით, მათ ყოველდღიურად უნდა შეეტანათ თანხა და თვის ბოლოს, ამ თანხის 20% უკან, ხელფასის სახით დაუბრუნდებოდათ. “მონიტორის“ ჟურნალისტისთვის მიცემულ კომენტარში, ამ შპს–ს დირექტორი, იური ბარბაქაძე უარყოფს ძალადობის ფაქტს, ისევე როგორც – ამავე შპს–ს იურისტი, თემურ რევია. იგი “მონიტორისთვის“ მიცემულ კომენტარში ამბობს, რომ ამას დამტკიცება, კონკრეტული ფაქტების დადება უნდა და რომ ასე ჰაერზე ლაპარაკი არ შეიძლება. ფილმში სწორედ რომ კონკრეტული ფაქტია წარმოდგენილი, რომლის ერთ–ერთი მთავარი გმირი “ავტოპარკინგის“ იურისტი, თემურ რევია, კინოს სახლთან, ფარულად გადაღებულ კადრში ამბობს, რომ მათთან თანამშრომლობის გარდა სხვა გზა არ არსებობს.
იმის გასარკვევად, მართლა აიძულებდნენ თუ არა “სტაიანშიკებს ფულის გადახდას, “მონიტორმა“ ექსპერიმენტი ჩაატარა; გიორგი მგელაძემ “სტაიანშიკის“ ფორმა ჩაიცვა და კინოს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მორიგეობა დაიწყო, რითაც დადასტურდა ის, რაზედაც “სტაიანშიკები“ ჰყვებოდნენ – ჯერ თბილი–ტკბილი სიტყვებით შესთავაზეს ხელშეკრულების დადება, ხოლო მეორე დღეს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ, რასაც ფილმის ოპერატორი იქვე მდგარი მანქანიდან ვიდეო–კამერით ფარულად იღებდა.
ფარული ვიდეო–გადაღების კადრებისა და “სტაიანშიკებთან“ ჩაწერილი ინტერვიუების ნახვის შემდეგ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, სისხლის სამართლის სპეციალისტი გაგი მოსიაშვილი, “მონიტორთან“ საუბრისას ამბობს, რომ საქმე რეკეტულ დაგჯუფებასთან გვაქვს, რომელიც გარკვეული შემოსავლის მიღების მიზნით, რეკეტს ახორციელებს. ამასთან, მოსიაშვილი საგადასახადო კოდექსის დარღვევასა და თაღლითობაზეც საუბრობს და აცხადებს რომ სამართლადამცავებიც უნდა დაინტერესდნენ მათი საქმიანობით, რადგან “ავტოპარკინგი“ თავს წარადგენდა, როგორც ტენდერში გამარჯვებული ფირმა...
ერთი თვის წინ ათამდე “სტაიანშიკმა“ თბილისის მერის, გიგი უგულავას სახელზე განცხადება ჩააბარა, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი, როგორ ახდენდნენ ზეწოლას მათზე და შემდეგ, როგორ სძალავდნენ თანხას, ყოველდღიურად. ამ განცხადების ასავალ–დასავალი ფილმის ავტორმა, გიორგი მგელაძემ “სტაიანშიკების“ სახელით მოიკითხა; ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ზვიად კერვალიშვილთან გადაამისამართეს – ეს განცხადება მას აწერიაო. კერვალიშვილი, სატელეფონო საუბრისას, “ავტოპარკინგის“ ქმედებაზე ამბობს, რომ ეს არის უკანონობა და იქვე დასძენს, ამ წერილს ტრანსპორტის სამსახურს (და არა სამართალდამცავებს!) გადავაწერთ და იმათ მიაკითხეთო.
თბილისის მერიის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ფილმში ნაჩვენებია, რა თანხას შეადგენდა პარკირების წლიური მოსაკრებელი – 2003 წელს 880 000 ლარს; 2004–ში – 1029 000–ს; 2005–ში – 990 000–ს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, 2006 წლიდან პარკირება სხვადასხვა შპს–ებზე გადანაწილდა. “მონიტორისთვის“ გაურკვეველი დარჩა, რა თანხა შეაქვს ბიუჯეტში “ავტოპარკინგს“, რადგან ეს ფირმის კომერციული საიდუმლოებაა.
ფილმის ტელეეთერით გასვლის შემდეგ მომხდარი სიახლეების შესახებ პრესა.გე–მ გიორგი მგელაძისგან შეიტყო (რის შემდეგაც ნოდარ შაიშმელაშვილისგან კომენტარი ჩაიწერა), რომელმაც გვითხრა რომ, “ავტოპარკინგის“ წარმომადგენლების დაკავების შესახებ შესაბამისი სტრუქტურებისგან დადასტურებული ინფორმაცია “მონიტორმა“ ჯერ ვერ მოიპოვა; მათ ამის შესახებ მხოლოდ “სტაიანშიკების“ მონაყოლზე დაყრდნობით იციან.
პრესა.გე–ს ინფორმაციის გადასამოწმებლად შსს–ს ანალიტიკური სამსახურის უფროსს, შოთა უტიაშვილს საკმაოდ გვიან, დაახლოებით თერთმეტის ნახევარზე დაურეკა. “მე არაფერი ვიცი, პრესსამსახურს დაუკავშირდით“, – მოგვიგო მან, როცა 8 ადამიანის დაკავების შესახებ ვკითხეთ. შსს–ს პრესსამსახურის უფროსმა, ზურაბ გვენეტაძემ სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ “ავტოპარკინგის“ თანამშრომლების დაკავების შესახებ, უშუალოდ მან არაფერი იცოდა. გავარკვევო, – დასძინა და ტელეფონი შუა საუბრისას გათიშა.
ვინაიდან “სტაიანშიკები“ მთელი ღამე დაკითხვაზე ჰყავდათ და შემდეგ მათი მონაყოლი ვიდეო–კამერითაც გადაიღეს, ხოლო მანამდე მათ სამართალდამცავებმა უთხრეს, რომ “ავტოპარკინგის“ თანამშრომლები დააკავეს, დიდწილად სავარაუდოა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.