საქართველოს მთავრობის მიერ შედგენილი ირანული რებუსი

საქართველოს მთავრობის მიერ შედგენილი ირანული რებუსი

საქართველოს მთავრობა ერთი ხელით ირანულ ბიზნესს ზღუდავს, მეორე ხელით კი კარს უხსნის, რათა მეზობელი ქვეყნის ბიზნესმენებმა ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციები შემოიტანონ. გამოდის, რომ ხელისუფლება ერთბაშად ორ კურდღელს დასდევს, რომელთაგან ერთი ამერიკულ-ევროპული წარმომავლობისაა, ხოლო მეორე - სპარსული ჯიშის.

ამჟამად, თბილისში ირანის 87-მდე სხვადასხვა სამრეწველო ორგანიზაციის წარმომადგენელი იმყოფება. მათი ვიზიტის ძირითად მიზანს საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს გაცნობა წარმოადგენს.

საქართველოში ირანის ელჩის მოადგილის ქებრიაი ზადეს განცხადებით, საქართველოში დღეს ძალიან კარგი პირობებია უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. მისი თქმით, ბიზნესმენები ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევენ ქვეყნის ეკონომიკურ პარამეტრებს და ასევე არის თუ არა შექმნილი ქვეყანაში შესაბამისი პირობები. ნათელია, რომ საქართველოში შექმნილია ყველა პირობა მოზიდული იქნას უცხოური ინვესტიციები.

ქებრიაი ზადეს განცხადებით, საქართველოში განხორციელდა წარმატებული რეფორმები, შედეგად სახელმწიფო დაწესებულებებში ქრთამი და კორუფცია პრაქტიკულად აღმოიფხვრა.

„დღევანდელ საქართველოს ვერც კი შევადარებთ 20 წლის წინანდელ საქართველოს. ქვეყანაში დარეგულირდა კრიმინოგენური ვითარება, პოლიციამ სერიოზული რეფორმა განიცადა, საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა“, - განაცხადა ქებრიაი ზადემ.

მისივე თქმით, ინვესტორები საქართველოში დიდ ყურადღებას იჩენენ ენერგეტიკის სფეროთი, საქართველოში ასევე არის მტკნარი წლის დიდი მარაგები. ირანი არის როგორც ელექტროენერგიის ექსპორტიორი, ასევე იმპორტიორი ქვეყანა და ელჩის მოადგილე იმედს გამოთქვამს, რომ ირანელი ენერგეტიკოსები უფრო აქტიურად ითანმშრომლებენ საქართველოსთან ამ სფეროში.

„ასევე საინტერესოა საქართველოში ტურიზმის სექტორი, რომელიც დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით ეს ეხება შავი ზღვის სანაპიროს“, - განაცხადა ქებრიაი ზადემ.

არადა, რამდენიმე ხნის წინ უცხოურ მედიაში გამოქვეყნებული სტატიის შიმდეგ (სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველო, ამერიკის სანქციების მიუხედავად, ირანულ ბიზნესს არ ზღუდავს). საქართველოს ხელისუფლებამ 150-მდე ირანული ანგარიში გაყინა. ამას, წესით და რიგით, ორ ქვეყანას შორის ვითარება უნდა გაეუარესებინა, მაგრამ სრულიად საპირისპირო რამ მოხდა. როგორც ჩანს, ირანი და საქართველო ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის ზურაბ ტყემალაძის აზრით, ირანული ანგარიშის გაყინვით ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ გართულდება. „ნებისმიერი ანგარიშის გაჩერებას თავისი მიზეზი და საფუძველი აქვს. ჩვენ მზად ვართ და ირანელებიც გახსნილები არიან, რომ კეთილსინდისიერი ბიზნესთანამშრომლობა შედგეს“, - განაცახადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ.

დეპუტატის განცხადებით, როგორც ქართული, ასევე ირანული მხარე მოწადინებულია ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობა გაღრმავდეს.

„გვაინტერესებს მათი მიღწევები, მოწვეულები არიან მეწარმეები და ამის შემდეგ გარკვეული ურთიერთობები დაიგეგმება“, - განაცხადა ტყემალაძემ.

ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე კი ირანულ ბიზნესთან თანამშრომლობის გარღმავების მომხრეა. რაც შეეხება იმ სანქციებს, რომელსაც ირანს ამერიკა და დასავლეთი უწესებს, შეშელიძე ფიქრობს, რომ აღნიშნულ სანქციებზე საქართველოს თანხმობა სწორი არ იქნება, რადგან საქართველოს „ირანულ ინვესტიციებზე უარის თქმის ფუფუნება არ აქვს“.

„საქართველო ამით არ გაანაწყენებს დასავლეთს, რადგან დასავლეთმა იცის, რომ ეს არის ჩვენი შემოსავლის წყარო და არ გვაქვს ფუფუნება, რომ ამაზე უარი ვთქვათ“, - აღნიშნა შეშელიძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკა ნებისმიერი ინვესტიციისთვის ღია უნდა იყოს, რადგან ეთნიკური ნიშნით შეზღუდვების დაწესება ფაშიზმია.

„თუკი ვიღაც ირანელი რაღაცას იპარავს, ვინც იპარავს ის უნდა დაისაჯოს და არა ყველა. ამ ნიშნით შეზღუდვების დაწესება არასწორია და თუკი პოლიტიკური ნება ეყოფა ჩვენს მთავრობას და ამას გააკეთებს, მივესალმები“, - აღნიშნა ექსპერტმა.

რაც შეეხება 150-მდე ირანული საბანკო ანგარიშის გაყინვას, ეკონომისტი მიიჩნევს, რომ მას ყადაღა მალე უნდა მოეხნას. „ეს ძალიან ცუდია. იმედია მალე გაირკვევა, რა არის მიზეზი, შეისწავლიან, ბოდიშს მოუხდიან და ყადაღას მოხსნიან“, - განაცხადა შეშელიძემ.