მთავრობამ ეკონომიკის 6%-იანი ზრდა უარყო

მთავრობამ ეკონომიკის 6%-იანი ზრდა უარყო

უკვე მთავრობაშიც აღარ მალავენ, რომ ეკონომიკა დაპირებული 6%-იანი ტემპით ვერ გაიზრდება. პირველი განცხადება საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირებაზე ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. როგორც ჩანს, მთავრობის წევრები მიწაზე ეშვებიან და მოვლენებს რეალურად აღიქვამენ.

კვირიკაშვილის განმარტებით, იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაიზარდოს, აუცილებელია მოიხსნას ის უარყოფითი პიარი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს.

„ჩემი აზრით, ეკონომიკური მაჩვენებლის 6%-იანი მატება, ალბათ, არარეალურია. ვფიქრობთ, 4-4,5% შედეგის მიღწევას. ამისთვის ბევრი წინაპირობაა საჭირო, მათ შორის, უარყოფითი პიარი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება, უნდა შეწყდეს.

ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ იმ ფაქტორების გაქარწყლებაზე, რომელიც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლისთვის შემაფერხებელია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ მიმართულებით მთავრობის ეფექტიანობა გაიზარდოს, როგორიცაა დღგ-ს დაბრუნების საკითხი, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების საკითხი, რომელიც ამ დრომდე, სამწუხაროდ, დროზე ვერ ხერხდება, მაგრამ ამას კონკრეტული მიზეზები აქვს, რომელიც გასანეტრალებელია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ჯერ კიდევ ერთი თვის წინათ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური 6%-იანი პროგნოზის გადახედვის აუცილებლობას ვერ ხედავდა, მაგრამ მაისის მონაცემებმა ყველაფერი შეცვალა. ამჯერად ფინანსთა მინისტრი თვლის, რომ ეკონომიკა თავისუფალი და კონკურენტუნარიანი ბიზნესით უნდა გაიზარდოს.

როგორც ხადური განმარტავს, ნულოვანი ზრდა კარგი არ არის, მაგრამ ყველაფერს თავისი არგუმენტი აქვს. კერძოდ, წინა წლებში ეკონომიკის ზრდა ისეთი პროექტების განხორციელების ხარჯზე ხდებოდა, როგორებიც იყო: პარლამენტის შენობა ქუთაისში, ბათუმის თაუერი, იუსტიციის სახლები და სხვ.

„წინა წლებში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი დიდწილად სახელმწიფოს უხეში ჩარევით და არა ბიზნესის აქტივობით იყო განპირობებული. მე მაქვს კონკრეტული ფაქტები თუ როგორ ავალდებულებდნენ ბიზნესმენებს მათთვის წამგებიანი პროექტების განხორციელებას.

ჩვენ ასეთი ტიპის ინტერვენციებით ეკონომიკის ზრდას არ ვაპირებთ. ეკონომიკა თავისუფალი და კონკურენტული ბიზნესის პირობებში უნდა გაიზარდოს“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კი სულაც არ მიიჩნევს საგანგაშოდ იმ ფაქტს, რომ ბოლო თვეების ეკონომიკური ზრდის პროცენტული მაჩვენებლები არასახარბიელოა. პრემიერი არ იზიარებს ოპოზიციის კრიტიკასა და რჩევებს, რადგანაც, მისი აზრით, გასული 9 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ზრდა ხელისუფლების ხელოვნური ჩარევით იყო განპირობებული, ხოლო, ამჟამად, მუშაობა მიმდინარეობს განვითარების სათანადო პირობების შესაქმნელად კერძო ბიზნესისთვის, რომელმაც, თავის მხრივ, რეალურად უნდა განავითაროს ეკონომიკა.

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძალაში რჩება პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, ახალი ხელისუფლების პირობებში, საქართველოს ეკონომიკისთვის მესამე წელიწადი - „კარგი“, ხოლო მეოთხე წელიწადი „ძალიან კარგი“ იქნება.

იმის შესახებ, რომ წელს ქვეყანა მთავრობის მიერ დაანონსებული 6%-იანი ზრდის მიღწევას ვერ შეძლებდა, სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ.

ექსპერტ პაატა შეშელიძის აზრით, ეს მაჩვენებლები გაუმართლებელი ეკონომიკური სტრატეგიის შედეგია. ახალი მთავრობა კერძო სექტორს „საქმიანობას ართმევს“ და დღეს ქვეყანაში აღარ არსებობს შრომის სტიმული. მისივე აზრით, 2013 წელი უფრო უარესი შედეგებით დასრულდება და მთავრობის მიერ პროგნოზირებულ 6%-იანი ეკონომიკურ ზრდას ქვეყანა ვერ მიაღწევს.

ეკონომიკის ექსპერტის ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, მაისში დაფიქსირებული ნულოვანი ეკონომიკური ზრდის ფონზე 6%-იანი ზრდის მიღწევა შეუძლებელია. დღევანდელ ვითარებაში საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზირებულ 4%-იანი ზრდის მაჩვენებელიც საკმაოდ ოპტიმისტურია და არ არის გამორიცხული, ქვეყანამ ამ ნიშნულსაც ვერ უწიოს.

ლექვინაძე არასახარბიელო მაჩვენებლებს ინვესტორების მოლოდინის რეჟიმში ყოფნით ხსნის და მთავრობას ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ურჩევს.