გაუქმდა თუ არა დევნილთა ისედაც მწირი შემწეობა? ამის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება. მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს 28-ლარიანი ყოველთვიური შემწეობა შეუწყდათ, რასაც არ ადასტურებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.
1-ლი ივლისიდან სახელმწიფო დახმარება მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ დევნილებს შეუნარჩუნდათ და ამ დროიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 144 ათასი ოჯახისთვის სოციალური დახმარება ორმაგდება.
ამ დრომდე სოციალური დახმარება ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარი, ხოლო ყოველ მომდევნო წევრზე 24 ლარი იყო. 1-ლი ივლისიდან კი აღნიშნული თანხა 60 ლარს გაუტოლდება, ოჯახის ყოველი მომდევნო წევრი კი 48 ლარს მიიღებს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრესსამსახური კი გავრცელებულ ცნობას უარყოფს:
„ინფორმაცია დევნილთა ყოველთვიური შემწეობის გაუქმებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის ცრუ ინფორმაცია და გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და შეცდომაში ნუ შეიყვანთ დევნილ მოსახლეობას. არაფერი გაუქმებულა, პირიქით, იმ დევნილებს, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხებიან, დახმარება გაუორმაგდათ“, - განაცხადა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ეკა გულუამ.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გუგული მაღრაძის განმარტებით, 28–ლარიანი შემწეობის მიღებას დევნილები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ, თუმცა იმ დევნილებს, რომლებიც დევნილის სტატუსთან ერთად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირის სტატუსსაც ატარებენ, აქვთ არჩევნის უფლება – უარი თქვან 28–ლარიან, დევნილთა შემწეობაზე და მხოლოდ სოციალურად დაუცველთა პირებისთვის განკუთვნილი თანხა მიიღონ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დევნილთა შემწეობას.
თუმცა, დევნილთა სამინისტრო დღეს გამოდის ინიციატივით, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფმა პირებმა როგორც დევნილთა შემწეობა, ასევე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირებისთვის განკუთვნილი დახმარება მიიღონ, რაც, მაღრაძის შეფასებით, დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და მიმდინარე წლის ბიუჯეტი ამას არ ითვალისწინებს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელის გია კაკაჩიას განმარტებით კი დევნილები აქამდეც მსგავსი არჩევანის წინაშე იდგნენ და ისინი ან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირის დახმარებას იღებდნენ და ან დევნილის, თუმცა, ამის გამო, მათ დევნილის სტატუსი არ უწყდებოდათ.
„საქმე მხოლოდ თანხაშია და არა სტატუსის შეწყვეტაში, დევნილებს სტატუსი ჩვეულებრივად შეუნარჩუნდებათ“, - აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას გია კაკაჩია.