სტატისტიკის სამსახურს რომელიმე სამინისტროზე „მიაბამენ“

სტატისტიკის სამსახურს რომელიმე სამინისტროზე „მიაბამენ“

„ევროსტატის“ საერთაშორისო მისიამ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის რეფორმირების რეკომენდაცია გასცა. მისიის მიიჩნევს, რომ “საქსტატის” დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია, თუმცა ის რომელიმე სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა ფუნქციობდეს.

ამას ადასტურებს “საქსტატის” აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძეც.

„მისია ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ “საქსტატი” რომელიმე სამინისტროს დაქვემდებარებაში მუშაობდეს”, - აღნიშნა ჭელიძემ, რომლის განმარტებითაც, ძველი მოდელის დაბრუნებაზე საუბარი არ არის, როდესაც სამსახური ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება იყო. ამჯერად საუბარია დამოუკიდებელი სიპ-ზე, რომელიც სამინისტროს ქოლგის ქვეშ იმუშავებს, ისე როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და შემოსავლების სამსახური.

„ეს ხელს უწყობს სამსახურის გაძლიერებას. სხვათა შორის, ყველა ევროპულ ქვეყანაში, ზოგგან შსს-ს სამინისტროს ქოლგის ქვეშაა სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ზოგიერთ ქვეყანაში ის ფინანსთა სამინისტროს, ხოლო ზოგგანაც ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაშია“, - განაცხადა ჭელიძემ.

ჯერჯერობით, საერთაშორისო მისიის ანგარიში და რეკომენდაციები მუშავდება, მაგრამ ექსპერტები უკვე აკეთებენ უარყოფით შეფასებებს.

„ევროსტატის“ მიერ დაფინანსებული საერთაშორისო მისიის მიერ მომზადებული „საქსტატის” საქმიანობის შეფასების დოკუმენტი, ჩემი აზრით, საკმაოდ არაკვალიფიციურია. ეტყობა, ამ ხალხს საერთოდ არ შეუსწავლია ქართული კანონმდებლობა და არც ის, თუ რა გადახდა თავს საქართველოს სტატისტიკას და არც ის, თუ როგორია საქართველოს კონსტიტუცია და რა მუხლები ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ისინი, რომ შესაბამის კანონმდებლობას გაცნობოდნენ იმ შეცდომებს არ დაუშვებდნენ, რაც იქ წერია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შეყვანა მთავრობის შემადგენლობაში, ეს არის არა უბრალოდ შეცდომა, არამედ ეს არის დანაშაული. ეს დანაშაული თავის დროზე ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროსტატი“ რომ იგივეს გაკეთებას ითხოვს, ეს ნამდვილად გაუგებარია“, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი, აკადემიკოსი ლადო პაპავა სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას.

პაპავა საერთაშორისო მისიის არც იმ რეკომენდაციას ეთანხმება, რომლის მიხედვითაც „საქსტატი” პარლამენტის წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული.

„რაც შეეხება იმას, რომ თურმე “საქსტატი” ანგარიშვალდებული უნდა იყოს პარლამენტის წინაშე, არც ეს მოდელი მიმაჩნია გამართლებულად. განსაკუთრებით იმ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, რომელიც 2013 წლის ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.

საქმე ისაა, რომ პრეზიდენტს უკვე ჩამოცილებული აქვს აღმასრულებელი ხელისუფლების გაძღოლის ფუნქცია, ის არის გარკვეული პოლიტიკური არბიტრის როლში და, ამავდროულად, მას ეხება შექმნილი კრიზისიდან კრიზისის განმუხტვის ფუნქცია. ამ თვალსაზრისით, თუ კი ვინმე წაიკითხავს საქართველოს კონსტიტუციაში მალე რა მოდელი გველის, მიხვდება, რომ ყველაზე ლოგიკური სტატისტიკის ეროვნული სამსახურის არსებობა არის პრეზიდენტის დაქვემდებარებაში, იმიტომ, რომ პრეზიდენტი ნაკლებად პოლიტიკური დატვირთვის მქონე პიროვნებაა, მას არ აქვს აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქცია და ყველაზე მეტად პრეზიდენტი ხდება ქვეყანაში არბიტრის ფუნქციის მატარებელი. სწორედ არბიტრს სჭირდება ყველაზე მეტად, რომ იცოდეს თუ რა ხდება ქვეყნის ეკონომიკაში.

ამიტომ, ლოგიკურად გამოდის, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუციის საფუძველზე, ყველაზე შედეგიანი, ყველაზე გამართლებული და ყველაზე გამჭვირვალე იქნება სიტუაცია, როდესაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური იქნება უშუალოდ პრეზიდენტის დაქვემდებარებაში. იმავდროულად, ვერც ეს დაქვემდებარება ვერ უშველის ჩვენს სტატისტიკას, სადაც ბევრი მაღალპროფესიონალი მუშაობს თუ არ გაიზრდება ბიუჯეტიდან დაფინანსება და თუ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს არ გადმოიყვანენ თბილისში და არ მისცემენ ნორმალურ ოფისს. ამ პრობლემების გადაჭრა კი, სამწუხაროდ, ჭიანურდება.

ამიტომ გამოსავალია ის, რომ გადაწყვეტილება სტატისტიკის სამსახურთან მიმართებაში უნდა მივიღოთ კონსტიტუციიდან გამომდინარე და ბიუჯეტშიც შესაბამისად ჩაიდოს დაფინანსება, რომ სტატისტიკური სამუშაოები ჩატარდეს მაღალ დონეზე და სტატისტიკოსობა საქართველოში პრესტიჟული პროფესია გახდეს“, - აღნიშნა ლადო პაპავამ.