რატომ არ აქვთ უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოში სასოფლო–სამეურნეო კოოპერაციების წევრობის უფლება?
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში შესულ, კოოპერაციების შესახებ კანონპროექტში ამ გაერთიანებებში უცხოეთის მოქალაქეების მონაწილეობა იკრძალება.
სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფიას განცხადებით, კოოპერატივის წევრი იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქე და უცხოელს ამ კოოპერატივის წევრობის უფლება არ ექნება, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ერთ-ერთ ვერსიაში მათი მონაწილეობა დაშვებული იყო.
აღნიშნულზე განმარტებებს აკეთებს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე.
როგორც сommersant.ge–ს გიგლა აგულაშვილმა განუცხადა, ის ფაქტი, რომ კოოპერაციის წევრობის უფლება უცხოელ მოქალაქეს არ აქვს, სავსებით სამართლიანია, რადგან ამ შემთხვევაში სახელმწიფო თავის მოქალაქეებს ეხმარება, თუმცა უცხოელ მოქალაქეებს უტოვებს შანსს, საქართველოს ტერიტორიაზე შექმნამ კოოპერაცია და მისგან სარგებელი მიიღონ.
აგულაშვილი განმარტებით, განსხვავება ქართველი და უცხოელი ფერმერის მიერ შექმნილ კოოპერაციებს შორის მხოლოდ ის იქნება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის მოქალაქე, უცხოეთის მოქალაქისგან განსხვავებით, სახელმწიფოსგან გარკვეულ შეღავათებს მიიღებს.
"ჩვენ კოოპერაციაში უცხოელი მოქალაქის წევრობა განვიხილეთ, თუმცა არაერთი მსჯელობის და კონსულტაციის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ სახელმწიფო პირველ რიგში თავის მოქალაქეებს უნდა დაეხმაროს,“ – აცხადებს აგულაშვილი.
მისივე თქმით, მომავალში კოოპერაციის წევრი ადგილობრივი ფერმერი არაერთ შეღავათს მიიღებს, მათ შორის საგადასახადო შეღავათებს, ტექნიკით უზრუნველყოფას და ა.შ.
ამასთან, როგორც აგულაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, ის ფატი, რომ კოოპერაციის წევრობის უფლება უცხოელ მოქალაქეს არ აქვს, არ შეიძლება დისკრიმინაციულ მიდგომად განვიხილოთ ისევე როგორც უცხოეთის მოქალაქეებს არც სასოფლო–სამეურნეო ბარათებით უსარგებლიათ.
„ბარათები ხომ არ გადაგვიცია უცხოელი მოქალაქეებისთვის? კოოპერაციის შემთხვევაც სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ და არა როგორც დისკრიმინაციული მიდგომა,“ – აცხადებს აგულაშვილი.
ეკონომიკის ექსპერტ ლევან კალანდაძის განცხადებით კი კოოპერაცია, როგორ ბიზნესი ისე განიხილება, ბიზნესი კი არ შეიძლება დაიყოს ქართველებად, ამერიკელებად, ინგლისელებად ისევე როგორც ინვესტორები არ შეიძლება დაყოფილნი იყვნენ ქართველად და ფრანგებად, რადგან საინვესტიციო კაპიტალს წარმომავლობა არ გააჩნია.
"საქართველოს ინტერესი ამ ეტაპზე ორიენტირებული უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიციების მიზიდვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა დარჩება შიდა საინვესტიციო რესურსის ამარა, ეს რესურსი კი იმდენად შეზღუდულია, რომ ამით პროგრესზე ორიენტირებული ბიზნესის კეთება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება,“ – აცხადებს კალანდაძე.