საქართველოში რუსების მიგრაციის მეორე ტალღა იწყება. პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ ომში გაწვევის შიშით შეპყრობილი რუსები მასობრივად გამორბიან სამშობლოდან და საქართველოს, ყაზახეთის, მონღოლეთის, ფინეთის საზღვრებს აწყდებიან.
რუსი მამაკაცების სიჭარბე შეინიშნება ვლადიკავკაზის ტერიტორიაზე. რამდენიმე კილომეტრიანი საცობი სწორედ ვლადიკავკაზიდან იწყება. რუსები სკუტერებს ქირაობენ საქართველოს საზღვარზე გადმოსასვლელად, თუმცა ფეხით და ველოსიპედით გადმოსვლასაც არ ერიდებიან. აღარაფერს ვამბობთ რუსებით დატვირთული მანქანების, მიკროავტობუსების, ავტობუსების მოზღვავებაზე.
უკვე ცნობილია, რომ ლატვია არ მიიღებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციას გაექცევიან. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ლატვია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც შეზღუდა შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეების მიღება საკუთარ ქვეყანაში. „თქვენ აქ არ გელოდებიან“, - ასეთნაირად მიმართა ლატვიის მინისტრმა რუსეთის მოქალაქეებს.
როგორ იქცევიან საქართველოში ჩამოსული რუსები? ცდილობენ ოკუპანტური კურსი გააგრძელონ, თუ სინანულს გრძნობენ ამდენ ქვეყანაში მათი ლიდერის მიერ დატრიალებული უბედურების გამო?
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველ ეტაპზე რუსები უფრო მორიდებულად იქცეოდნენ, მაგრამ ბოლო დროს იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა რუსებმა ქართველებს ქართულად სიმღერაც აუკრძალეს.
რამდენად სახიფათო იქნება რუსების მიგრაციის მეორე ფაზა?
ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას რუსების მიგრაციის მეორე ტალღა უფრო აშფოთებს. მისი აზრით, არსებობს რამდენიმე გამოწვევა, რომელიც პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციით შეშინებული რუსების მოზღვავებას შეიძლება მოჰყვეს. კერძოდ, რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები შეიძლება შემოვიდნენ საქართველოში, შეიძლება შავი ტრანზიტის საქმიანობაც განახორციელონ. უფრო მეტიც, ამდენი რუსი მიგრანტის ჩამოსვლამ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეიძლება გამოიწვიოს შეიარაღებული შეტაკებები და გამორიცხული არ არის, ეს სახელმწიფოთაშორისო კონფლიქტამდე მივიდეს.
„როგორც ჩანს, საჭიროა ფილტრაციის შექმნა, სახელმწიფო საზღვარზე შეიძლება საარმიო ნაწილების გადასროლაც იყოს საჭირო, რომ იქ მოხდეს ფილტრაცია. აქ კიდევ ერთი მომენტია, რომ რუსები ახორციელებენ რეიდებს, შედიან ბინებში, ქირას არ იხდიან და მერე მათი გამოყვანა პრობლემურია. ეს უკვე საშიში მომენტია და ეროვნული უსაფრთხოების პირდაპირი გამოწვევაა. ასეთი რეიდების რამდენიმე ფაქტი დადასტურდა კიდეც. ამიტომაც ცოცხალი თავით ადამიანები ბინას არ აქირავებენ რუსებზე, რადგან მათში რეიდერული მიდრეკილება არსებობს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას.
ანალიტიკოსის აზრით, საჭიროა, საქართველოში შეიცვალოს უსაფრთხოების სისტემა, მოხდეს კონტრსადაზვერვო ღონისძიებების გაძლიერება. ამისთვის კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმაა საჭირო. დროა, ქართული სპეცსამსახურების რეფორმა განხორციელდეს ახალი რეალობიდან გამომდინარე. უფრო მეტიც, ვახტანგ მაისაია თვლის, რომ რუსეთიდან შემოსული ადამიანები საქართველომ საკუთარი ოპერატიული კონტრსადაზვერვო სამუშაოებისთვის შეიძლება გამოიყენოს.
„ჩვენ რომ ვიყოთ ძლიერი სახელმწიფო, შეიძლება ისინი გამოგვეყენებინა ჩვენს სასარგებლოდ და მერე ეს რუსეთისთვის იქნებოდა თავის სატკივარი. საქართველოში მოქმედებს ოკუპაციის კანონი, შესაძლოა, სხვა კანონებიც შემოვიღოთ, საჭიროა ერთგვარი პოლიტიკური ფილტრები, რომ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა. თორემ რატომ უნდა შევუშალოთ ხელი იმ ადამიანს, რომელიც ჩამოდის საქართველოში, რათა გაეცნოს ჩვენს კულტურას? რუსეთიდან და ბელარუსიდან ბევრი ადამიანი შემოდის, რომლებიც დღევანდელი რუსეთის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგნი არიან, ისინი საქართველოში ხედავენ თავისუფლებისმოყვარე ქვეყანას“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
რაც შეეხება იმ რუსებს, რომლებიც ქართველებს ქართულ სიმღერებს უკრძალავენ, ვახტანგ მაისაია მათ ნეოტროცკისტ ქორებად მოიხსენიებს, რომლებიც ყველაფერ ქართულით ღიზიანდებიან. თუმცა საქართველოში არის სამართალდამცავი სტრუქტურები, არსებობს კანონები, რომლებიც სავალდებულოა დაიცვას ყველა ადამიანმა. თუ რომელიმე რუსი ზღუდავს ქართველების უფლებებს, ახორციელებს აპარტეიდულ ქმედებებს, პოლიციამ რეაგირება უნდა მოახდინოს და ასეთი ადამიანი გააძევოს ქვეყნიდან. ეს უკვე ძალოვანი სტრუქტურების სუსტი ქმედებაა.
ვახტანგ მაისაია იხსენებს, რომ წინა რეჟიმი თვითონვე იყო საომარ მოქმედებებში ჩართული რუსეთთან და იწვნია კიდეც რუსული სამხედრო აგრესია, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში თვითონვე გააუქმა რუსებთან სავიზო რეჟიმი, შემოიღო ოკუპაციის კანონი, რომელიც იყო ერთგვარი ფილტრი, რომლითაც ხდებოდა გარკვეული ადამიანების შემოშვებაზე უარის თქმა. თუმცა დღეს რომ ავკრძალოთ რუსული ტელევიზიები, ეს არასწორია, რადგან რუსულ არხებზე წვდომა ისედაც აქვთ ადამიანებს. ვისაც უნდა, მაინც უყურებს ამ არხებს.
,,პროვაიდერებმა რომ გათიშეს რუსული არხები, ეს სწორი საქციელი იყო? ჩემთვის რუსული არხების ყურება აუცილებელია პროფესიონალური მდგომარეობიდან გამომდინარე. მე ვარ რუსეთის პოლიტიკის სპეციალისტი, მე რომ გამითიშეს რუსული არხები, მკითხა „სილქნეტმა“, მინდოდა რუსული არხების გათიშვა? რა ზიანი მომაყენეს ამით? ამ დროს სატელევიზიო პაკეტში რუსული არხებისთვისაც მახდევინებენ თანხას. სახელმწიფომ რომ შემოიღოს ფილტრი და თქვას, ვთიშავ რუსულენოვან ტელევიზიებს, ეს გასაგები იქნება ჩემთვის, მაგრამ კერძო კომპანიები რომ თვითნებურად აკეთებენ ამას, ეს თავხედობაა“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
მანვე განმარტება გააკეთა მათთვის, ვინც უფრო შორს მიდის და ფიქრობს, რომ ოკუპანტის ენაზე საუბარიც უნდა აიკრძალოს. ანალიტიკოსის აზრით, საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაშიც კი რუსულ ენაზე ლაპარაკობენ და რუსული ენა ერთ-ერთი საკომუნიკაციო ენაა. უკრაინელებმა შექმნეს რუსულ ენაზე საკმაოდ ძლიერი პროპაგანდისტული ტელევიზია, რომლითაც წარმატებით ებრძვიან რუს აგრესორებს.
„რუსულ ენაზე ვსაუბრობთ ამდენი ხნის განმავლობაში, ამ ენას აქვს თავისი ღირსება, უკრაინაც კი არ იღებს ასეთ დისკრიმინაციულ ღონისძიებებს და რუსული ენა კვლავ არის საკომუნიკაციო საშუალება. თუმცა უკრაინა იცავს თავის ენას, რაც ჩვენ საბჭოთა საქართველოს პერიოდში მოვახერხეთ და ქართული ენა ძლიერ დონეზე შევინარჩუნეთ. არა მარტო თსუ-ს სტუდენტები, არამედ საქართველოს კომუნისტური პარტიის წევრები და ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენლებიც გამოვიდნენ და 1978 წელს დაიცვეს ქართული ენა. ამაზე მოსკოვმა უკან დაიხია, ჩვენ ეს შევძელით და კიდევ უფრო გავაძლიერეთ ქართული ენა. უკრაინელებმა ეს ვერ შეძლეს და დღეს იბრუნებენ თავიანთ ენას, ცდილობენ, უკრაინული ენა გააძლიერონ. საბჭოთა კავშირის პერიოდში ქართული ენის პალატა არსებობდა, სააკაშვილმა ეს პალატა გააუქმა. ვინ უფრო მეტი ოკუპანტია?! ეს არ ნიშნავს, რომ რუსული ენა უნდა გაუქმდეს. აბა, რა ენაზე ველაპარაკოთ უკრაინელს, რუსს, ბალტიისპირელს? რუსული ენის წინააღმდეგ ფობიური განწყობა ჩვენი სისუსტეა“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.